Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სახეს პატრონი უჩნდება


საქართველოს ახალი ხელისუფლება დედაქალაქში უკანონო მშენებლობების შეჩერებას მოითხოვს. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული აიკრძალოს ის მშენებლობა, რომელიც პირადად

ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით დაიწყო. მაგალითად, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი კატეგორიულად მოითხოვს არაფერი შეიცვალოს რიყეზე - იქ, სადაც ედუარდ შევარდნაძე "თბილისობას" ატარებდა ხოლმე. რეფორმები ქალაქთმშენებლობაში უახლოეს დროში გატარდება.

სიმბოლურია, რომ ნოემბრის მოვლენების შემდეგ უკანონო მშენებლობათა შეჩერების მოთხოვნა პირველად არა თბილისის მერიაში, საკრებულოსა თუ კულტურის სამინისტროში, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობაში გაისმა. რამდენიმე დღის წინ აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა მოიწვია ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი თეიმურაზ ჩარკვიანი, საკრებულოს არქიტექტურისა და მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე მანუჩარ მაჩაიძე და ამავე კომისიის ექსპერტი ლერი გაგუშიძე. აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მათ თბილისის სახის შენარჩუნების აუცილებლობაზე ესაუბრა. ამ შეხვედრის ქვეტექსტი ადვილად იკითხება: ბათუმში ქალაქის სახეს უფრთხილდებიან, თბილისში კი - არა... თუმცა ამ შემთხვევაში "პოლიტიკური ქვეტექსტი" ნაკლებად საინტერესოა. ფაქტია, რომ არქიტექტურის ჩინოვნიკებმა სწორედ აჭარის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ პროექტი "არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ", რომელიც ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ მოამზადა, საქართველოს პარლამენტში უკვე გაგზავნილია განსახილველად... არ არის გამორიცხული, კანონი თავად ხელისუფლებამ დაარღვიოს: ამ დღეებშივე გაირკვა, რომ ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რიყეზე გრანდიოზულ მშენებლობას, რომელიც ითვალისწინებს აქ ღვინისა და ვაზის მუზეუმის, მაღაზიების, სასტუმროების გახსნას. ნოემბრის მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, დავით სარაჯიშვილის ფონდს და მის ხელმძღვანელს ბიზნესმენ ელგუჯა ბუბუტეიშვილს რიყეზე ახალ მშენებლობათა დაწყების უფლება ეძლეოდა. პროექტის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ამ ძვირად ღირებული მშენებლობით (არაოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 7 მილიონი ლარია), შევარდნაძე გეგმავდა უფრო გრანდიოზული გაეხადა "თბილისობის" დღესასწაული, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება სწორედ რიყეზე აღნიშნავდა ხოლმე. ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი მოითხოვს, რომ დედაქალაქის ისტორიული ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩეს და აიკრძალოს საეჭვო გემოვნების ბიზნესმენთა ჩართვა ქალაქთმშენებლობაში. არქიტექტურის სპეციალისტებს, რომლებიც შევარდნაძის ხელისუფლებას დედაქალაქის სახის დამახინჯებაში ადანაშაულებდნენ, როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ ახალ ხელისუფლებაში "საეჭვო გემოვნების" ადამიანები ვერ მოხვდებიან.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG