Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის სიძე მზადაა ითანამშრომლოს ახალ ხელისუფლებასთან


ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ოჯახს ყურადღება არასოდეს აკლდა. თუმცა ადრე ქვეყნის პირველი პირის გარემოცვის საქმიანობით, ძირითადად, მხოლოდ საინფორმაციო საშუალებები და

არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერესდებოდნენ. როგორც ჩანს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ვითარება ამ კუთხითაც შეიცვალა. საქმე ის არის, რომ ბოლო დროს კომპანია "მაგთიკომის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ედუარდ შევარდნაძის სიძის, გია ჯოხთაბერიძის მიმართ გენერალური პროკურატურის გამომძიებლები მომეტებულ ინტერესს იჩენენ. თავად ჯოხთაბერიძე ამტკიცებს, რომ პროკურატურაში მას მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სტატუსით იბარებენ. რას ედავება პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის სიძე-ქალიშვილს და აპირებს თუ არა "მაგთიკომის" ქართველი დამფუძნებელი საკუთარი წილის გაყიდვას?


მოქმედი თუ ყოფილი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების გახშირებული დაპატიმრებების ფონზე, რამდენიმე დღის წინ გენერალური პროკურატურის ალაყაფთან ედუარდ შევარდნაძის სიძისა და "მაგთიკომის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი ჯოხთაბერიძის, გამოჩენამ, ბუნებრივად დაბადა კითხვა: ხომ არ იჭერენ შევარდნაძის სიძეს?

გენერალურ პროკურატურაში ამ კითხვაზე პასუხი, არც დადებითი და არც უარყოფითი, როგორც ჩანს, ჯერ არ მომწიფებულა. ყოველ შემთხვევაში, პრესსამსახურში აცხადებენ:
[გენპროკურორის პრესმდივნის ხმა] "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გენერალური პროკურატურა ჯოხთაბერიძის საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტულს არაფერს ამბობს."

თავად გიორგი ჯოხთაბერიძე ამბობს, რომ იგი პროკურატურაში მოწმის სახით იყო დაბარებული და საკმაოდ ზოგად კითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა:

[გიორგი ჯოხთაბერიძის ხმა] "შემოსულია ჩვენთან საგადასახადო ინსპექციაც და პროკურატურაც და მათი ექსპერტები იკვლევენ "მაგთიკომს". დღეისათვის ჯერჯერობით არავითარი შენიშვნა ჩვენდამი არ აქვთ. წმინდა ტექნიკური ხასიათის შეკითხვებია: დავუშვათ, რა არის "მაგთიკომი", ვინ არის დამფუძნებელი, ვინ არის ამერიკელი პარტნიორი... ამის იქით არ წასულან. ზოგადი კითხვებია, რა."

თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ, ეგრეთ წოდებულ, ზოგადი ხასიათის კითხვებს საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს "მაგთიკომში" გიორგი ჯოხთაბერიძის პარტნიორი, კომპანიის "მეტრომედიის" აღმასრულებელი დირექტორი მარკ ხაუფი, რომელიც ვერ ხვდება, თუ რა უნდა ხელისუფლებას მისი ბიზნესპარტნიორისგან:

[მარკ ხაუფის ხმა] "ვეცადეთ გაგვეცა პასუხი ამ კითხვაზე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პროკურატურამ ინფორმაცია მიიღოს. მე თვითონ შევხვდი გენერალურ პროკურორს და ავუხსენი, თუ როგორ მუშაობს ჩვენი კომპანია. ალბათ, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ დაძაბულობა შეიტანონ თავად კომუნიკაციების სფეროში."

თავად გიორგი ჯოხთაბერიძე აცხადებს, რომ სუფთა, გამჭვირვალე ბიზნესს აწარმოებს და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. იგი ასევე ამტკიცებს, რომ არავითარი კავშირი არ აქვს "საქართველოს ტელეკომის" გაკოტრების საქმესთან.
რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და "მაგთის" ორმოცდათერთმეტპროცენტიანი წილის შესაძლო გაყიდვას, ედუარდ შევარდნაძის სიძე არც ამ ინფორმაციებს ადასტურებს:

[გიორგი ჯოხთაბერიძის ხმა] "ეკონომიკურად "მაგთიკომი" ძალიან სერიოზულად და მყარად დგას ფეხზე. ფუნდამენტი და ზედნაშენი ძალიან სერიოზულია, ხარვეზების გარეშე."

თუმცა, ვინ იცის: ვარდის სურნელით გაბრუებული ახალი ხელისუფლების ხელში, "მაგთიკომის" ძლიერ ფეხებს, მყარ ფუნდამენტსა და ზედნაშენს სერიოზული გამოცდა ელის.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG