Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოს ხელისუფლების სახელზე მომზადებული სპეციალური მიმართვის ტექსტზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ


როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პანკისის ხეობაში 3 მარტს თბილისელმა ჩეჩნებმაც მოიყარეს თავი. ამის მიზეზი ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის ხამზატ, იმავე რუსლან, გილაევის გარდაცვალება გახდა.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გილაევის დედამ უკვე დატოვა ხეობა. მაგრამ ამის მიუხედავადაც, საქართველოში მყოფი ჩეჩნები თავს მოვალედ თვლიან გილაევის დაღუპვა თუნდაც ერთმანეთს მიუსამძიმრონ. ხამზატ გილაევი ყველას ოჯახის წევრი იყო და გლოვაც საზიაროა,- აცხადებს საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი. მისივე თქმით, ჩეჩენმა ლტოლვილებმა საქართველოს ხელისუფლების სახელზე უკვე მოამზადეს სპეციალური მიმართვის ტექსტი, რომელშიც ისინი ბეგხან მულკოევისა და ჰუსეინ ალხანოვის რუსეთის მხარისათვის გადაცემის ფაქტს გმობენ. აღნიშნული პირები, თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6 თებერვალს გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. 13 თებერვალს კი გაურკვეველ გარემოებაში გაქრნენ. რუსეთში ექსტრადირების საფრთხის გათვალისწინებით, ჩეჩენი დევნილები მზად არიან ნებაყოფლობით დატოვონ საქართველოს ტერიტორია. სწორედ ამაზე მიუთითებენ ისინი მიმართვის ტექსტში, რომელზე ხელმოწერებიც თბილისში დაიწყო და პანკისში გაგრძელდება.

ჩვენ დღეს ისე გვიჭირს, როგორც არასდროს, განაცხადა ჩვენთან საუბარში
საინფორმაციო სააგენტო "კავკაზცენტრის" წარმომადგენელმა ჰასან ტუტუევმა, რომელიც ნოემბრის რევოლუციის დღეებში თბილისში მცხოვრებ სხვა ჩეჩენ ლტოლვილებთან ერთად იდგა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ და მხურვალედ თანაუგრძნობდა ხალხს და ლიდერ სამეულს. მოგვიანებით სააკაშვილის ხელისუფლებისადმი მისი დამოკიდებულება ნელ-ნელა შეიცვალა რამდენიმე გარემოების გამო - პირველად მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტის შემდეგ რუსეთში ექსტრადირების კანდიდატთა 100 კაციანი სიის არსებობის შესახებ შეიტყო; მეორედ მაშინ, როცა ვაჰაბიზმის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებში რელიგიური დევნის ნიშნები შენიშნა და, ბოლოს, მაშინ, როცა საქართველოს საზღვრებში მყოფი რამდენიმე ჩეჩენი, მართლაც, რუსი სამართალდამცავების ხელში აღმოჩნდა. ჰასან ტუტუევს ამ უკანასკნელ ფაქტზე თავისი კონკრეტული პასუხი აქვს;

[ჰასან ტუტუევის ხმა] "თუ შევარდნაძემ რუსეთს 12 წლის განმავლობაში 5 ადამიანი გადასცა, ახლანდელმა პრეზიდენტმა ეს 1 თვეში გააკეთა. როდესაც მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრის წინ ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ცოცხალ ადამიანებს აძლევენ საჩუქრად და პოლიტიკური მონათვაჭრობით არიან დაკავებულნი, ეს დასავლეთის რეპუტაციასაც საგრძნობლად ვნებს."

ერთი თვის განმავლობაში რუსეთში ექსტრადირებულ 5 ჩეჩენს შორის, ბეგხან მულკოევისა და ჰუსეინ ალიხანოვის გარდა, იგულისხმებიან დაღესტნიდან საქართველოში 20 იანვარს შემოსული ის ჩეჩენი მებრძოლებიც, რომლებმაც მესაზღვრეებს იარაღი ჩააბარეს და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვეს. ამის სანაცვლოდ ისინი უპირობოდ გადაეცნენ რუსულ მხარეს. შექმნილ ვითარებაში საქართველოს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები მკვეთრად ააქტიურებენ ქვეყნის დატოვებისა და მესამე ქვეყანაში გადასვლის საკითხს. საქართველოს ხელისუფლებისადმი განკუთვნილ სიტყვიერ თუ წერილობით მიმართვებში ისინი საქართველოს საზღვრების სამი დღის ვადაში დატოვების შესახებაც კი ლაპარაკობენ. ქვეყნის დატოვების კანდიდატთა შორის შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოში კარგად ცნობილი ქისტი ქალბატონი მექა ხანგოშვილიც:

[მექა ხანგოშვილის ხმა] "ნამდვილად არც ერთ შემთხვევაში არა მაქვს არანაირი სურვილი, რომ დავტოვო საქართველო, მაგრამ თუ ჩემი მეუღლე იძულებული გახდება, ალბათ, მეც უნდა დავტოვო, სამწუხაროდ. სხვათა შორის, ჯერ ქორწილი არ გვქონია. ასე ვთქვათ, ჩემი საქმროც არის იმ სიაში, იმიტომ რომ ისიც იბრძოდა თავის დროზე, სამხედრო ექიმია. და თავისთავად მეც მებრძოლი ვარ, იმიტომ რომ ყველა ჩეჩენი იცავს თავის სამშობლოს."

მოსალოდნელია თუ არა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დათბობა ჩეჩნეთის ხარჯზე?! ლტოლვილები იმედოვნებენ, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება მათ ტაქტიანად მიანიშნებს მოსალოდნელ საფრთხეზე და ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების აუცილებლობას უკარნახებს.
XS
SM
MD
LG