Accessibility links

logo-print

"ქართველი აზერბაიჯანელები" მიხეილ სააკაშვილის ბაქოში სტუმრობის შესახებ


საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეზობელი ქვეყნებისთვისაც მოიცალა. 4 მარტს, დილის 12 საათზე, მიხეილ სააკაშვილი

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია - ქვეყანას, რომელსაც შევარდნაძის დროინდელი ქართული პოლიტიკური ელიტა ყოველთვის კეთილ მეზობლად და სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ ვიზიტისა და, ზოგადად, ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის შესახებ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრამდე მიხეილ სააკაშვილმა გვირგვინით შეამკო ჰეიდარ ალიევის საფლავი. ალბათ, საკამათო არ არის ის ფაქტი, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში უფროსმა ალიევმა, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომლის წყალობითაც, ჯერ თავიდან იქნა აცილებული შესაძლო ეთნოკონფლიქტი ქვემო ქართლის მხარეში, შემდეგ კი ხორცი შეესხა ეგრეთ წოდებულ საუკუნის, იმავე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, პროექტს.

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ კეთილმეზობლობის ტრადიციას მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევიც გააგრძელებენ.

[იზუმრუდ ყურბანოვის ხმა] "აზერბაიჯანი ყოველთვის გვერდში ედგება საქართველოსა და ქართველ ხალხს. ამ ორ სახელმწიფოს არაერთი საერთაშორისო პროექტი აერთიანებს, მათ შორის: ბაქო-სუფსა, ბაქო-ჯეიჰანი, მალე დაიწყება ბაქო-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობა. ყოველივე ეს ისეთ ეკონომიკურ საფუძველს ქმნის, რომლის მორღვევაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. თუმცა არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა დაიჩემოს, რომ ეს მისი დამსახურებაა. ყოველივე ამას ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი აკეთებს."

მარნეულის რაიონში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "გეირათის" თავმჯდომარის იზუმრუდ ყურბანოვის ამ ნათქვამს იმას დავამატებ, რომ თავად საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები თავს ორი ქვეყნის მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტად მიიჩნევენ.

[იზუმრუდ ყურბანოვის ხმა] "აზერბაიჯანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხიდისა და სტაბილურობის გარანტის როლს ვასრულებთ. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანი ჩვენს ქვეყანას ყოველთვის გვერდში უნდა დაუდგეს, რათა თავი საქართველოს მდიდარ მოქალაქეებად ვიგრძნოთ. ეკონომიკური პროექტების განხორციელების დროს აზერბაიჯანმა, უპირველეს ყოფლისა, საქართველოს ინტერესები უნდა გაითვალისწინოს, რადგან საზღვარგარეთ ყველაზე მეტი აზერბაიჯანელი, სწორედ რომ, საქართველოში ცხოვრობს."

ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს არ მოსწონთ გამონათქვამი - "აზერბაიჯანული დიასპორა". მათი თქმით, ისინი საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, თუმცა, როგორც ყურბანოვი ჩემთან საუბარში აცხადებს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური აზერბაიჯანელების სრულფასოვან ჩართვას სახელმწიფო ენის უცოდინრობა უშლის ხელს. არადა, მისი თქმით, ქართული ენის შესწავლის პროგრამა, რომელზეც უკვე მილიონებია დახარჯული, მხოლოდ ფორმალურად მუშაობს.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს აწუხებთ და რომლის შესახებაც პრეზიდენტებმა აუცილებლად უნდა იმსჯელონ: გასამარტივებელია ის პროცედურა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიარონ აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად.

ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხების მიუხედავად, "ქართველ აზერბაიჯანელებს" ეჭვი არ ეპარებათ, რომ ორი ქვეყნის კეთილმეზობლობას საფრთხე არ ემუქრება. თანაც, ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტები იძულებულნი არიან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყონ.
XS
SM
MD
LG