Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 მარტს გავიდა 100 დღე ნოემბრის რევოლუციიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით


გიორგი კაკაბაძე 2 მარტს გავიდა 100 დღე ნოემბრის რევოლუციიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით 2 მარტის გაზეთი "24 საათი" აქვეყნებს წერილს, რომლის ავტორის, გიორგი ხელაშვილის, აზრით,

"ახალი მთავრობის ნაბიჯების შესახებ კრიტიკული დისკუსიის დაწყება აუცილებელია". თანაც, როგორც ის ამბობს, "კრიტიკა ხელისუფლების გულშემატკივარი წრეებიდან უნდა მომდინარეობდეს და არა ხელმოცარული და დაბოღმილი პოლიტიკოსებისგან."
ავტორის თქმით, "23 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნაწილის განწყობა რამდენიმე მოსაზრებამ განაპირობა."

მაგალითად, ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, "რევოლუციურმა ხელისუფლებამ ყველაზე ძვირფასი რამ - დრო - საკუთარი თავით ტკბობასა და რევოლუციური მონაპოვრის განაწილებაში არ უნდა დაკარგოს."

წერილში ნათქვამია: "უკვე გავიდა სიმბოლური 100 დღე, რომელიც, ჯობდა, ხელისუფლებას არაპოპულარული რეფორმებისთვის მოეხმარა, ვიდრე ისედაც უპრეცედენტო პოპულარობის გაბერვისთვის. ცხადია, რეალური რეფორმის დაწყება უამრავ ადამიანს გაუცრუებს მოლოდინს, რადგან შეუძლებელია, რომ მთავრობის მიერ გადადგმულ რეფორმატორულ ნაბიჯებს ამომრჩევლების 96 პროცენტი ერთნაირი მოწონებით შეხვდეს. ამიტომ მთავრობას შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, უარი თქვას სერიოზულ რეფორმებზე და უმოქმედობა ხმაურიანი პიარ-აქციებით შენიღბოს. ამგვარი არჩევანი მოსახლეობის იმედგაცრუების დადგომას გააჭიანურებდა, მაგრამ ქვეყანას ისევ ძველ ჭაობში ჩატოვებდა.

ამ ბოლო საფრთხის აცილება ჯერ კიდევ შეიძლება, ოღონდ ხელისუფლების მეტი კრიტიკაა საჭირო. დროა, დემოკრატიული მასმედია თავის საქმეს დაუბრუნდეს."

5 მარტის გაზეთი "ახალი თაობა" აქვეყნებს ინტერვიუს დეპუტატ გერმანე ფაცაციასთან, რომლის თქმით, ის მუდამ ელექტორატის შუაგულშია და არანაირი ოთახებიდან და კაბინეტებიდან არ ადევნებს მას თვალს. დეპუტატის შეფასებით, "...ხალხი ძალიან იმედგაცრუებულია რევოლუციის პირველი თვეების შედეგებით, ვინაიდან არ ჩანს მკაფიო გეგმა იმისა, თუ რას ვაკეთებთ და საით მივდივართ."

გერმანე ფაცაცია ამბობს: "დღემდე არ არის გამოკვეთილი კარდინალური პოზიციები რუსეთთან დამოკიდებულებაში და, საერთოდ, ვხედავთ კი რაიმე ლოკალურ პროგრამებს სოციალურ თუ ეკონომიკურ სფეროში?
შეღავათიან ტარიფთან დაკავშირებით, რომელიც მერაბ ადეიშვილს კორუფციაში ჩაუთვალეს, ასეთ შეკითხვას ვსვამ: მისი დაპატიმრების შემდეგ ეს ტარიფი შეიცვალა? არ შეცვლილა. ან როდესაც ვამბობთ, რომ ამ სფეროში და ამ სეგმენტში კონტრაბანდა დევს, მოისპო ეს წყარო? არც ეს წყარო მოსპობილა."

გასულ კვირაშიც აქტუალური იყო არჩევნების თაობაზე ევროსაბჭოს მოთხოვნების თემა. 4 მარტის გაზეთი "რეზონანსი" წერს: "ხელისუფლება 7-პროცენტიანი ბარიერის შემცირებას, როგორც ჩანს, არ აპირებს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება პარლამენტში არ შესულა. ამ საკითხთან დაკავშირებით კანცელარიაში კონსულტაციები არ დაწყებულა. შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში მოხვედრის მცირე შანსი რჩებათ. ისინი ამაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
ის, რომ საქართველოში საარჩევნო ბარიერი საკმაოდ მაღალია, ხელისუფლებას მხოლოდ ევროპის საბჭოს მისიის ხელმძღვანელთან მათიას იორშთან შეხვედრის შემდეგ გაახსენდა. თუმცა მეორე დღეს ეს საკითხი ისევ დაივიწყეს."

5 მარტის გაზეთი "ახალი თაობა" წერს, რომ "ვარდების რევოლუციის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა პირველად გაკიცხეს საქართველო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის მათიას იორშის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ ზრუნავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე."

გაზეთი აღნიშნავს: "კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პირობა, რომ საპარლამენტო არჩევნებში პარტიებისთვის 7-პროცენტიან ბარიერს 4-5 პროცენტამდე დასწევდა, რათა საკანონმდებლო ორგანოში მათ ადგილი მოეპოვებინათ, არ სრულდება.

იორში შეშფოთებას გამოთქვამს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება, რაც, მისი თქმით, "პარლამენტი აღარ არის". იორში უკმაყოფილოა ახალი ხელისუფლების მიერ მეორე პირობის შეუსრულებლობითაც, რაც ითვალისწინებდა, რომ ცესკოს 15-კაციან შემადგენლობაში 10 ოპოზიციიდან იქნებოდა."

"ევროკავშირის მკაცრი შეფასებები და სახელისუფლებო პარტიაში მიმდინარე დაპირისპირება", - ასეთი სურათი დახვდა აშშ-დან დაბრუნებულ სააკაშვილს, -წერს 2 მარტის გაზეთი "რეზონანსი".

გაზეთის თქმით, "როგორ ჩააბარებს ხელისუფლება გამოცდას დემოკრატიაში, ეს ორ კვირაში გამოჩნდება. ისიც გაირკვევა, ხელისუფლების საკანონმდებლო შტო როგორი იქნება."

წერილში ვკითხულობთ: "დღევანდელ რეიტინგებს თუ გავითვალისწინებთ, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა სახელისუფლებო პარტიას ეყოლება. უფრო მეტიც, სოციოლოგიური კვლევის ცენტრმა "გორბიმ" რამდენიმე დღის წინ დაასრულა წინასაარჩევნო გამოკითხვა და, შეიძლება ითქვას, რომ სურათი საკმაოდ მძიმეა. მერაბ ფაჩულიას განცხადებით, ბარიერის გადალახვას მხოლოდ სახელისუფლებო პარტია მოახერხებს."
"თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, სახელისუფლებო პარტია პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ერთიანობას რამდენად შეინარჩუნებს."

5 მარტის "მთავარი გაზეთის" თქმით, "პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სპეციალური განცხადების გაკეთება დასჭირდათ იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალურ-დემოკრატიულ ბლოკში ყველაფერი წესრიგშია და რაიმე განხეთქილებაზე საუბარი არ შეიძლება. ეს განცხადებები მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის მწვავე გამონათქვამებს და ბლოკში კვოტების გადანაწილებაზე მიანიშნებს."

გაზეთი წერს: "თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, რომ ნინო ბურჯანაძემ თავის კვოტიანად დატოვა უმრავლესობა, ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი ფრაქცია და გადავიდა ოპოზიციაში, ეს შექმნის პრობლემებს, მაგრამ არ იქნება უმრავლესობის დაშლა. ნაციონალური ბლოკის კვოტებს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ მომავალ პარლამენტში ძირითადი ბერკეტები მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას ხელში იქნება. თუმცა ოპოზიციაში გადასული ბურჯანაძე მათთვის ყოველთვის იქნება თეორიული საფრთხის შემცველი, რადგან დროთა განმავლობაში შეიძლება ჟვანია- სააკაშვილზე განაწყენებულ ბურჯანაძეს მომხრეებიც გამოუჩნდნენ როგორც ოპოზიციაში, ისე თავად უმრავლესობაში."

გასული კვირის პრესამ აჭარის მეთაურის მხრიდან ცენტრის გამოწვევად შეაფასა გადაცემა "60 წუთის"ჟურნალისტის ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტი.

6 მარტის გაზეთ "რეზონანსის" თქმით, "აჭარის ხელისუფლება ასეთი პროვოკაციებით უკვე დიდი ხანია ცდილობს, კორუმპირებულ რეჟიმთან დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაზარდოს."

6 მარტის გაზეთი "ხვალინდელი დღე" კი წერს, რომ ჟურნალისტის ცემით აღშფოთებული საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს ამ ფაქტის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.
გაზეთის ინფორმაციით, "სააკაშვილი აბაშიძეს სამართლებრივი რეაგირებისთვის 10 დღის ვადას აძლევს."

გაზეთი წერს: "...იმავდროულად, სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ რიგ შემთხვევებში თვით ასლან აბაშიძის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
"საქმე აღიძვრება ყველას წინააღმდეგ, ვინც რამეს დააშავებს, თვით ჩემი ჩათვლითაც", - აღნიშნა სააკაშვილმა, რომელმაც გუშინ იმერეთში ჩატარებულ ანტიკრიმინალურ სპეცოპერაციას წარმატებული უწოდა და მის ორგანიზატორებს - შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს მადლობა გადაუხადა. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისთვის მიუღებელია და არ მოსწონს, რომ ამა თუ იმ დამნაშავის დაკავების დემონსტრირება სატელევიზიო ეთერის საშუალებით ხდება."
XS
SM
MD
LG