Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქნება თუ არა ელექტროენერგია საქართველოში არჩევნების შემდეგ


28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 20 - 25 დღით ენგურჰესის გაჩერებას გეგმავს. ამის მიზეზად ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტით

გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარებას ასახელებენ. ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა ნიკა გილაურმა მოსკოვში ვიზიტის შემდეგ მიიღო. მოსკოვში მას შეხვედრები ჰქონდა ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტში ჩართული რუსული კომპანიის ხელმძღვანელობასთან. იქნება თუ არა ეფექტური სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ენგურჰესის გაჩერება და გამოიწვევს თუ არა ეს საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტს?

ამჟამად ენგურჰესი საქართველოს ელექტროსისტემის მთავარი მასაზრდოებელი წყაროა, რადგან თბილისის თბოელექტროსადგურის მხოლოდ ერთი ელექტრობლოკი მუშაობს და ისიც არასტაბილურად. ასევე შეჩერებულია დენის იმპორტი რუსეთიდან, რადგან მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი "კავკასიონი" დიდთოვლობამ დააზიანა. ამავე მიზეზით გართულებულია მისი დროული აღდგენაც. ასეთ ვითარებაში ენგურჰესის გაჩერება ხელისუფლებისთვის არასასურველ ფონს შექმნიდა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. თუმცა კი ენგურჰესის გაჩერება, რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, რომელსაც ევრობანკი აფინანსებს, 25 მარტიდან უნდა მომხდარიყო.

ხელისუფლებამ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის გადადო, იმ დროისთვის, როდესაც პოლიტიკური შედეგი მეტ-ნაკლებად გარანტირებული იქნება და მცირე ჰიდროელექტროსადგურებშიც წყლის დონე მოიმატებს, გაზაფხულის სითბოს წყალობით. ამ უკანასკნელი ფაქტორით ქართველი ენერგეტიკოსები ენგურჰესის გაჩერებით დარღვეული ბალანსის აღდგენას შეეცდებიან. თუმცა ენერგეტიკოსთა დამოუკიდებელი პროფკავშირების ლიდერი მირონ ფირცხელანი ფიქრობს, რომ ეს შეუძლებელი იქნება დენის იმპორტის ან მცირე სადგურებზე სარემონტო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში.

[მირონ ფირცხელანის ხმა]

ამაზე ჯერჯერობით ენერგეტიკის სამინისტროს პასუხი არ გააჩნია. ის ახლა მხოლოდ ევრობანკთან ფაქტობრივად შეჩერებული პროექტის აღდგენითაა დაინტერესებული. ამ პროექტის შეჩერება კი რუსული კომპანიის "ტექნოპრომექსპორტის" დამსახურებაცაა, რომლის ხელმძღვანელებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური გასულ კვირაში მოსკოვში ვიზიტისას შეხვდა.

[ნიკა გილაურის ხმა]

პროექტის გაგრძელებაზე ევრობანკის დაყოლიების შემდეგ ქართველ ენერგეტიკოსებს დაკარგული დრო და კლიმატური პირობები აღარ აძლევს პროექტის ვადების დაცვის საშუალებას. ჯერჯერობით ისიც გაურკვეველია, შეასრულებს თუ არა რუსული კომპანია "ტექნოპრომექსპორტი" თავის მიერ ადრე ნაკისრ ვალდებულებებს, თუმცა ენგურჰესის გაჩერება მაინც გადაწყდა. ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის აღმასრულებელი ბიუროს მენეჯერის ირაკლი სულაბერიძის განცხადებით, ამ გაჩერებას მხოლოდ სადგურის ინსპექტირებისთვის გამოიყენებენ.

[ირაკლი სულაბერიძის ხმა]

ექნება თუ არა საქართველოს ელექტროენერგია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანუ გამოიძებნება თუ არა დენის იმპორტისთვის საჭირო თანხები, ამ კითხვას პასუხი მომავალ კვირაში ენერგეტიკოსებისა და ენერგეტიკის მინისტრის შეხვედრის შემდეგ გაეცემა.
XS
SM
MD
LG