Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რის გაკეთებას აპირებს ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის შემდეგ


რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები პუტინმა დამაჯერებლად მოიგო. საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა პუტინი გამარჯვებულად: წინასწარი მონაცემებით, მას ხმების 71 პროცენტი ერგო.

მეორე ადგილზე გასულმა კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ამომრჩეველთა მხოლოდ 14 პროცენტის მიმხრობა მოახერხა. რას მოელის რუსეთი მომავალ 4 წელიწადში? პუტინის მომხრეთა უმრავლესობა აკონტროლებს სათათბიროს, კაბინეტი პუტინის მომხრეთაგან შედგება, მასმედია მას უდგას ზურგში - პუტინი, საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ის პირველი ლიდერია, რომელმაც ასეთი ძალაუფლება იგდო ხელთ. რას შეიძლება აპირებდეს პუტინი? რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ტრიუმფი არჩევნებში ხანგრძლივი პრესკონფერენციით აღნიშნა. მან კიდევ ერთხელ დაანახვა საზოგადოებას, თუ რატომ ენდნენ მას მისი თანამოქალაქეები. პუტინი, ერთობ გახალისებული, დაუძაბავად უპასუხებდა შეკითხვებს. მისი იმიჯმეიკერები უკეთეს საშუალებას ვერც ინატრებდნენ იმისათვის, რომ პრეზიდენტი ასეთი საუკეთესო სახით წარედგინათ. [პუტინის ხმა] "ჩვენ განვამტკიცებთ მრავალპარტიულ სისტემას, სამოქალაქო საზოგადოებას, გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება. ამასთან, ისეთ პირობებს შევქმნით, რომელშიც ვერც სახელმწიფო ინტერესებს ამოფარებული ჩინოვნიკები და ვერც დემოკრატიის ლოზუნგებს ამოფარებული მჭევრმეტყველები ვერ გაისქელებენ ჯიბეებს." რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი შეიძლება ამ სიტყვებმა დააიმედა, მაგრამ ის, ვინც პუტინის პოლიტიკურ წარსულს იცნობს, მის ნათქვამს ზღაპრად მიიჩნევს.
როგორც ითქვა, პუტინმა თავისი პრეზიდენტობის პირველ 4 წელიწადში მოახერხა ძალაუფლების ცენტრალიზება კრემლის ხელში. რეგიონების ლიდერებს, რომლებიც დამოუკიდებლობით ტკბებოდნენ, ლაგამი ამოსდეს; ერთ დროს ფრაქციებისგან შემდგარ პარლამენტს ლამის მხოლოდ ქაღალდზე ბეჭდის დასმის ფუნქცია შერჩა; დამოუკიდებელი სახელმწიფო ტელევიზია სახელმწიფოს კონტროლქვეშ მოექცა. ამ პირობებში მოეწყო კვირას საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის წინასაარჩევნო კამპანია ვირტუალურად წარიმართა. კამპანიის განმავლობაში არავის არ განუხილავს რომელიმე პოლიტიკური პროგრამა, პუტინის კონკურენტებს მინიმუმამდე შეუმცირეს მასმედიით გამოსვლის საშუალება. შედეგიც შესაბამისია: პუტინმა თავის კონკურენტებს შორის ყველაზე წარმატებულს 50 პროცენტზე მეტით აჯობა. რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი და პოლიტიკური კომენტატორი ვლადიმირ ლისენკო ასეთ დასკვნას აკეთებს: [ლისენკოს ხმა]
"ეს კიდევ ერთხელ იმას ნიშნავს, რომ პატერნალისტური რეჟიმისკენ მივდივართ ან უკვე ამ რეჟიმში ვიმყოფებით. და ეს კი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ - როგორც ეს თურქმენეთშია - არჩევნების მოწყობა აღარც დაგვჭირდეს, არამედ მოვაწყოთ პლებისციტი, როგორც ეს ხდება სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში." მოსკოვის კარნეგის ინსტიტუტის პოლიტიკური ანალიტიკოსია ნიკოლაი პეტროვი. ის ფიქრობს, რომ პუტინის პირველი ადმინისტრაცია და კვირის არჩევნები ცენტრალიზებული ავტორიტარული რეჟიმის საძირკველს წარმოადგენს. მაგრამ ეს ხელისუფლებისთვის მხოლოდ კარგის მომასწავებელი არ არის. ამასთან, პეტროვის აზრით:
[პეტროვის ხმა] " ამჟამინდელი პრობლემა ის არის, რომ ხალხს და ხელისუფლებას აქვს გარკვეული ილუზია, რომ ჩვენი მეტ-ნაკლებად კარგი ეკონომიკური განვითარება ვინმეს -პრეზიდენტისა და მთავრობის - მიზანდასახული ძალისხმევის შედეგია; მე კი მგონია, რომ აქ გარე ფაქტორებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი და, შესაძლებელია, უახლოეს დროში, გარე ვითარების შეცვლასთან ერთად, ის სახელმწიფო მანქანა, რომელიც აშენდა, ძალიან არაეფექტიანი გამოდგეს." რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ მოხდა დემოკრატიული ძალების გარიყვა. კვლავ ვლადიმირ ლისენკოს მოუსმინეთ:
[ლისენკოს ხმა] "ჩვენ აღარ გაგვაჩნია ზნეობრივი იდეალები და აღარ გვყვანან ზნეობრივი ლიდერები, როგორიც იყო, მაგალითად, ანდრეი სახაროვი; ჩვენ აღარ გვყვანან პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც ქვეყანა ხმას მისცემდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მწარე გაკვეთილია ყველასთვის, რადგან 14 წელი ასეთი მარცხით, დემოკრატიულ ძალთა ასეთი დაშლით დასრულდა. ეს, უდავოდ, თვით დემოკრატების ბრალიც არის და ასევე - ელცინისა, რომელსაც სურდა თვითმპყრობელი ყოფილიყო. დემოკრატიულმა ძალებმა, მისი სამსახურით, ფაქტობრივად, საკუთარი თავის დისკრედიტაციას შეუწყვეს ხელი." ამ ეტაპისთვის რუსეთმა პუტინს მისცა ხმა. პუტინმა ხალხს აღუთქვა, რომ მომავალ ათწლეულში გაორმაგდება საერთო ეროვნული შემოსავალი, რუსეთი მძლავრ სახელმწიფოდ გადაიქცევა, იქნება ეკონომიკური სტაბილურობა და აღდგება კანონიერება და წესრიგი. შეიძლება პუტინმა წარმატებას მიაღწიოს. მაგრამ თუკი დანაპირები ვერ შეასრულა, ცნობილია ვისაც დაბრალდება ყველაფერი - იმათ, ვისაც პუტინი უწოდებს "ბიუროკრატებს და დემოკრატიულ ლოზუნგებს ამოფარებულ მჭევრმეტყველებს".
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG