Accessibility links

logo-print

რა ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების დღეს ოპოზიციური ძალების საარჩევნო შტაბებში?


28 მარტს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების შტაბებში თავს იყრიდა ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. ოპოზიციური ძალების სხვა და სხვა წარმომადგენლები ჟურნალისტებთან აქტიურად მუშაობდნენ,

მათ სისტემატურად აწვდიდნენ ინფორმაციას სხვა და სხვა დარღვევების შესახებ. 28 მარტს ოპოზიციური ძალების შტაბებში იმართებოდა პრესკონფერენციები და კეთდებოდა სხვა და სხვა შინაარსის განცხადებები. არჩევნების მიმდინარეობით ოპოზიციონერი ლიდერები უკმაყოფილოები იყვნენ და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. რა ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების დღეს ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციებისა და გაერთიანებების შტაბებში, რა კონკრეტულ განცხადებებს აკეთებდნენ მათი ლიდერები?

28 მარტს ოპოზიციური ძალების საარჩევნო შტაბებს მთელი დღის მანძილზე აკითხავდნენ ჟურნალისტები. არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას იქ მათ გულუხვად სთავაზობდნენ. მაგალითისთვის: საარჩევნო დარღვევების თემაზე პრესკონფერენცია ჩატარდა "ახალი მემარჯვენეების" ოფისში. ახლებისა და მრეწველების საარჩევნო გაერთიანების წარმომადგენელმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მამუკა კაციტაძემ დღის 3 საათზე საკმაოდ დიდი დრო დაუთმო დილის 8 საათიდან გამოვლენილი დარღვევების ჩამოთვლას. მამუკა კაციტაძემ 28 მარტის არჩევნებში დარღვევების 2 ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება: საარჩევნო უბნებეზე კანონით განსაზღვრულაზე 2-ჯერ მეტი ნამეტი ბიულეტენების შეტანაზე და ამომრჩეველთა იმ სიის გაყალბებზე, რომლის გამოყენებით მოქალაქეებს გადასატანი ყუთების მეშვეობით უნდა მიეცათ ხმა. მამუკა კაციტაძემ ივარაუდა, რომ ხელისუფლება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას ხელოვნურად გაზრდიდა. [მამუკა კაციტაძის ხმა] "მოგეხსენებათ დაბალი აქტივობოთ გამოირჩევა ეს არჩევნები, მაგრამ ხელსიუფლება შეეცდება ხელოვნურად, თუნდაც ბათილი ბიულეტენების ხარჯზე გაიზარდის არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა. "

ჩვენთან საუბრისას ასეთივე შიში გამოთქვა ედპ-ტრადიციონალიტების წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა. არჩევნების მიმდინარებას ის « ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის » ოფისში აკვირდებოდა. შემჩნეული დარღვევების ჩამოთვლას ჩვენთან საუბრისას მანაც დიდი დრო დაუთმო, თუმცა იქვე განმარტა, რომ არჩევნების გაყალბების ტექნოლოგია გარკვეულწილად შეცვლილია და რომ ხელისუფლება იმდენად აყალბებს არჩევნებს რამდენდაც სჭირდება.

[ირაკლი მელაშვილის ხმა] « აქ ამოცანა არის მარტივი: 50 000 ან 100000 ხმა რომ გააყალბო, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ოპოზიცია არ შეუშვა პარლამენტში. «

ირაკლი მელაშვილი ოპტიმისტია და ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ტრადიციონალისტების და ეროვნულ-დემოკრატების ბლოკი საარჩევნო ბარიერს გადალახავს. უფრო მეტი: მას 10 პროცენტის მიღების იმედი აქვს. უფრო მეტს ელის «ლეიბორისტული პარტიის» ლიდერი შალვა ნათელაშილი. საღამოს 5 საათისთვის ის დარწმუნებულიყო იყო, რომ მის პარტიას ამომრჩევლის 50-60-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. სავარაუდო მონაცემში არ იგულისხმება პარტიის თავმჯდომარის ხმა, რადგან მას საარჩევნო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა. ნათელაშვილს მის მიერ ნახსნები 50-60 პროცენტის გაყალბების შიში ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ გაყალბების მთავარი ეტაპი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყებოდა.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] «მოიჭრეს თავი, გააძვირეს ფქვილი, დატოვეს ხალხი უმუშევარი, დაარბიეს ეკლესიები და მიდიან ყევლაფერზე, რომ გააყალბონ არჩევნები და გაყალბების მეორე ეტაპი დაიწყება 8 საათის შემდეგ. მას მერე რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და შეეცდებიან გადააკეთონ ოქმები.»

რა მოხდება 8 საათის შემდეგ, ეს შეკითხვა « სოციალისტურ პარტიაშიც » აწუხებდათ. იქიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ხელისუფლებამ გასცა ბრძანება საარჩევნო კომისიებში პარტიების წევრებს არ გადასცენ შემაჯამებელი ოქმები. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით :

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] « თუ ოქმებს არ გადასცემენ პარტიების წარმომადგენლებს მაშინ ჩათვალეთ, რომ მნიშვნელობა არა აქვს არჩევნების შედეგებს. რასაც დაწერენ იმ ფურცლებზე ის იქნება გამარჯვების კრიტერიუმიც და დამარცხების კრიტერიუმიც".
XS
SM
MD
LG