Accessibility links

logo-print

ტელეკომპანია "მე-9 არხი" მაუწყებლობას წყვეტს


ორიოდე თვის წინ ქართული ტელეკომპანიების ეთერიდან მაღალრეიტინგული ღამის საინფორმაციო გადაცემების გაქრობამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.

მაშინ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და მასმედიის თავისუფლების ხელყოფაზეც კი ალაპარაკდნენ. ამჯერად საზოგადოების ყურადღება ტელეკომპანია მე-9 არხისკენ არის მიპყრობილი. ალბათ, საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ რა გახდა ამის მიზეზი.

[ქალბატონის ხმა] "არა, ძალიან ხშირად ვუყურებთ მაგ გადაცემას და ძალიან ცუდი, რომ არ იქნება. სულ ვრთავდით ხოლმე ამ "კანალზე". (სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] "ახლა მაინც არასასიამოვნო იქნება... წყნარი არხია რაღაც, სიმშვიდე შემოაქვს, უმჯობესი იქნება, რომ იყოს, რა.." (სტილი დაცულია)


ორშაბათიდან ტელეკომპანია "მე-9 არხი" მაუწყებლობას წყვეტს. 2 აპრილს დილით გავრცელებულ ამ ინფორმაციას ტელეკომპანიის თანამშრომლებიც ადასტურებენ, თუმცა იქვე აკეთებენ ერთ დათქმას:

[ქეთი ქებაძის ხმა] "რესტრუქტურიზაციაა არხის. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ არის არხის რესტრუქტურიზაცია. ორშაბათიდან გაითიშება, მაუწყებლობას შეწყვეტს მე-9 არხი. "


მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ქეთი ქებაძე დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. მე ამ ინფორმაციის შემოწმება უფრო მაღალ დონეზე გადავწყვიტე, რისთვისაც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, უშიშროების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს ელდარ გოგოლაძეს დავუკავშირდი, თუმცა მან რატომღაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა:

[ელდარ გოგოლაძის ხმა] "არა, არა, ახლა მივდივარ ბაკურიანში. ჩვენი ბიზნესპარტნიორები არიან ჩამოსული... არა, არა, უკვე მივდივართ, მანქანა დაიძრა. აი, უცხოელი ბიზნესპარტნიორები სხედან, უხერხულია ახლა ინტერვიუ..."

უცნაურია, მაგრამ ტელეკომპანია "მე-9 არხი" რეორგანიზაციის მიზეზით მაუწყებლობას უკვე მეორედ წყვეტს. პირველი, ეგრეთ წოდებული, რეორგანიზაცია სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ჩატარდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანიის გაჩერების მიზეზად მაშინ არხის ეთერით ჩეჩნეთის თემაზე გასული დოკუმენტური ფილმი და ამ ფილმით გამოწვეული რუსეთის ხელისუფლების გულისწყრომა დასახელდა. ცნობისათვის: "მე-9 არხის" მფლობელი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქართველ ბიზნესმენად ითვლება. დამოუკიდებელი დამკვირვებლები, ისევე როგორც ორი წლის წინ, ამჯერადაც მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამენ. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მოუსმინეთ:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] "ზოგადად, საინფორმაციო სივრცეში რომ სიტყვის თავისუფლების კლიმატი იცვლება - ეს ფაქტია. შესაძლოა, უშუალო ზეწოლას არ აქვს ადგილი, მაგრამ ის, რომ ერთმანეთს ემსგავსება უკვე საინფორმაციო საშუალებები და ყველა ცდილობს არ გაამწვავოს შეფასებები პოლიტიკის თაობაზე, ეს ფაქტია."

ის ფაქტიც, რომ ტელეკომპანიის მფლობელები სულ რაღაც ორიოდე თვის წინ ენთუზიაზმით იყვნენ აღვსილნი, გარკვეულ ეჭვს ბადებს. ცნობისათვის: მე-9 არხმა 2004 წლის თებერვალში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში კონკურენტ ტელევიზიებთან - "იბერიასა" და "მზესთან" - ჭიდილში გაიმარჯვა.

[გიორგი რატიშვილის ხმა] " ლიცენზიას ჰქვია საეთერო, საერთო ტელემაუწყებლობაზე, 17 გადამცემის გამოყენებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ლიცენზია გაიცა 10 წლის ვადით, ლიცენზიის საწყისი ფასი - 467 ათას 240 ლარი." (სტილი დაცულია )

კომისია "საზოგადოებასთან ურთიერთობის" სამსახურის უფროსი გიორგი რატიშვილი ასევე აცხადებს, რომ ლიცენზიით განსაზღვრულია მაუწყებლობის დაწყების ვადა, რომლის დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია დღის წესრიგში ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი დააყენოს. თუმცა ჯერ არავინ იცის, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. მე-9 არხის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გადაცემის - "ღამის მატარებლის" წამყვანი გია როინიშვილიც ამ თემაზე საუბარს ერიდება:

[გია როინიშვილის ხმა] "რადგან რეორგანიზაცია გამოცხადდა, ესე იგი რეორგანიზაცია იყო... ახლა ინტერვიუს იღებთ ჩემთან? არა, არა, ინტერვიუს არ ვიძლევი ამ საკითხთან დაკავშირებით." (სტილი დაცულია)

პირველ აპრილს "ღამის მატარებლით" მასთან ერთად საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა ბორის წიფურიამ იმგზავრა. როცა "მგზავრები" მაყურებელს ემშვიდობებოდნენ, მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი.

[გია როინიშვილის ხმა] "ბატონო ბორის, ჩვენი მატარებელიც მიდის იმ სადგურში, სადაც უნდა გავჩერდეთ და ჩავიდეთ კუპედან."

თუმცა იქცევა თუ არა ბორის წიფურია "ღამის მატარებლის" უკანასკნელ მგზავრად, ამასაც დრო გამოაჩენს.
XS
SM
MD
LG