Accessibility links

მდგომარეობა სომხეთში


სომხეთის მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მწვავდება.

ორშაბათს ქვეყნის ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ გამოაცხადა, რომ ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას პრეზიდენტ ქოჩარიანის გადასაყენებლად. რა ვითარებაა დღეს სომხეთში და რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ამის შესახებ ჩვენი რადიოს სომხური რედაქციის თანამშრომელს, არმენ დულიანს ვესაუბრე.

არმენ დულიანი: სომხეთში მგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. ოპოზიცია მიდის კონფრონტაციაზე და ცდილობს პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის გადაყენებას. პრეზიდენტის გადაყენების ყველა სამართლებრივი გზა ამოწურულია.
იმპიჩმენტი შეუძლებელია უბრალო მიზეზის გამო: ოპოზიციას 131-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 25 ხმა აქვს. მეორე: საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი წლის ვადაში გაიმართოს სახალხო რეფერენდუმი პრეზიდენტის მიმართ ნდობის საკითხზე. ოპოზიცია ჩაეჭიდა ამას, მაგრამ ვერ გამოიყენა იგი. საქმე ისაა, რომ რეფერენდუმის ჩასატარებულად აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა გატარება პარლამენტის გარეშე შეუძლებელია. პარლამენტში კი ეს საკითხი ისევ და ისევ ქოჩარიანის მომხრე უმრავლესობის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება. ოპოზიცია ერთადერთ გამოსავალს იმაში ხედავს, რომ ხალხი დააყენოს ფეხზე და ამ გზით ჩამოაგდოს პრეზიდენტი.

ბიძინა რამიშვილი: ჩვენი რადიომსმენელისთვის უთუოდ საინტერესო უნდა იყოს, რამდენად იმოქმედა სომხეთის ოპოზიციაზე საქართველოს მაგალითმა.

ა.დ.: დიახ, საქართველოს ე.წ. ვარდების რევოლუციის გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია სომხეთის ოპოზიციაზე, რომელიც ცდილობს, ისევე როგორც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, შეკრიბოს ხალხი და ბოლო წუთამდე მოითხოვოს პრეზიდენტის გადადგომა. მანამდე, სანამ რობერტ ქოჩარიანი არ წავა.

ბ.რ.: რამდენად მოსალოდნელია, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში სომხეთშიც ისეთივე შედეგი მივიღოთ, როგორც საქართველოში?

ა.დ.: ჩემის აზრით, სომხეთის ოპოზიციას ასეთი შანსები არა აქვს. რატომ? როგორც ოდესაში ამბობენ ხოლმე, "არსებობს ორი დიდი განსხვავება." ჯერ ერთი - და ამას თავად ოპოზიციაც აცხადებს - როგორც საქართველოში ყველა დარწმუნებული იყო, რომ შევარდნაძე ძალას არ გამოიყენებდა, ისევე აბსოლუტურად ყველა დარწმუნებულია სომხეთში, რომ ქოჩარიანი მშვენივრადაც გამოიყენებს ძალას. მეორე სხვაობა ისაა, რომ საქართველოში იყო თავისუფალი მასმედია. რუსთავი 2 და თავად სახელმწიფო ტელევიზიაც, რომელიც დილიდან საღამომდე აჩვენებდა ოპოზიციის მიტინგებს. ჩვენთან სრულიად სხვა ვითარებაა. ერთადერი დამოუკიდებელი ტელევიზია დახურეს და მას სიხშირეებს არ აძლევენ. არის დამოუკიდებელი გაზეთები, მაგრამ მათი ტირაჟი ძალზე მცირეა და ისინი ვერ ახდენენ გავლენას საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. ტელევიზია კი, რომელიც უზარმაზარ გავლენას ახდენს აზრის ჩამოყალიბებაზე, მთლიანად პრეზიდენტ ქოჩარიანის გუნდის ხელშია.

ბ.რ.: გამოდის, რომ ვითარების გამწვავებაა ერთადერთი გზა, რაც ოპოზიციას დარჩენია.

ა.დ.: მეც ასე მგონია, რომ სომხეთში ოპოზიციამ უკიდურესი ზომების მიღება გადაწყვიტა. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ პარასკევს შეიკრიბონ თავისუფლების მოედანზე, სადაც ტრადიციულად ტარდება ხოლმე ასეთი მიტინგები. შემდეგ, ორშაბათს უკვე პრეზიდენტის სასახლის წინ აპირებენ მიტინგის გამართვას. მაგრამ ეს შედეგს არასოდეს გამოიღებს. თუნდაც იმიტომ, რომ მათ არავინ მიუშვებს სასახლემდე. შეტაკებები პრეზიდენტისთვის არასასურველი ვარიანტია. ვინაიდან ეს კიდევ უფრო გააუარესებს მის საერთაშორისო იმიჯს. მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო დაეცემა და მომავალში ოპოზიციას გაუჩნდება შანსი, რომ ეს დაბლა დაცემული ავტორიტეტი გამოიყენოს და ბოლოს მაინც მოახერხოს მისი გადაყენება.
XS
SM
MD
LG