Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილება - ოპოზიციის გამარჯვება?


თუ თვალს გადავავლებთ მიმდინარე კვირის პოლიტიკურ ცხოვრებას, უდავოდ ყურადღების ღირსად ჩავთვლით უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებას,

მხარი არ დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებების გეგმას, რომლის განხორციელება ასე ძლიერ სურს პრეზიდენტ კუჩმას. პარლამენტის ამ მოულოდნელ გადაწყვეტილებას მიმომხილველები ოპოზიციის დიდ გამარჯვებად აფასებენ, რაც სავსებით ლოგიკურია და აი, რატომ: საკონსტიტუციო ცვლილებებს, საყოველთაო აღიარებით, ქვეყნის მმართველი ძალებისთვის საშუალება უნდა მიეცა, სახელმწიფოს საჭესთან იმ შემთხვევაშიც დარჩენილიყო, თუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებოდა.

რაში მდგომარეობდა პარლამენტისთვის შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებებს არსი? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ სტუდიაში მოვიწვიე ჩემი კოლეგა, რადიო "თავისუფლების" უკრაინული სამსახურის თანამშრომელი სერგეი დრაჩუკი.

სერგეი დრაჩუკი: "საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის არსი, თუ მოკლედ ვიტყვით, ის იყო, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ნაწილი მთავრობასა და პარლამენტს გადასცემოდა. პრეზიდენტის მხარდამჭერი ძალები ამტკიცებენ, რომ ეს აუცილებელია უკრაინის კონსტიტუციის დასაახლოებლად ევროპის დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციებთან. მაგრამ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების, ისე უცხოელი ექსპერტების აზრით, ამ ცვლილებების მიზანი სინამდვილეში სულ სხვა არის: საშუალება მისცეს ან თავად ამჟამინდელ პრეზიდენტს, ლეონიდ კუჩმას, ან მისი გარემოცვის რომელიმე წევრს, შეინარჩუნოს ქვეყნის მართვის სადავეები. ლეონიდ კუჩმას წელს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის მეორე ვადა უმთავრდება და, კონსტიტუციის თანახმად, მას აღარ აქვს უფლება, მესამე ვადით იყაროს კენჭი. ასე რომ, ცვლილების მიღების შემთხვევაში, მას მიეცემოდა შესაძლებლობა, გამხდარიყო ძლევამოსილი პრემიერი სუსტი ოპოზიციონერი პრეზიდენტის გვერდით."

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ პარლამენტის უარმა, მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებათა შეთავაზებული პროექტი, ბევრი გააოცა. აქამდე მიჩნეული იყო, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ძალთა არსებული შეფარდება პრეზიდენტ კუჩმას ლამის ნებისმიერი სურვილის განხორციელების საშუალებას აძლევდა. მაინც, რატომ ვერ გავიდა ცვლილებათა პროექტი?

სერგეი დრაჩუკი: "რატომ ვერ გავიდა ეს პროექტი, ჩემთვის ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმის როგორც მიმომხილველების, ისე კიევში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატების წრეებში. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა წინასწარვე გააფრთხილა საზოგადოება, რომ მთავრობის მომხრეთა მხრიდან, შესაძლოა, გაისმას ბრალდებები, თითქოს ოპოზიციამ უმრავლესობის დეპუტატთა ხმები იყიდა. პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი, რომელსაც, მაგალითად, ყოფილი ვიცე-პრემიერი იულია ტიმოშენკოც ეკუთვნის, ამტკიცებს, რომ კენჭისყრის შედეგი ამჟამინდელი ხელისუფლების მორყევის დასტურია. აქვე დავამატებ, რომ თავად სამთავრობო ძალები ჯერ არამც და არამც არ აღიარებენ საკუთარ მარცხს და უკრაინისთვის "უკან გადადგმულ ნაბიჯზე" საუბარს ამჯობინებენ. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის უარყოფის შემდეგ მისი ხელახალი განხილვა, სულ ცოტა, ერთი წლის მანძილზე აღარ შეიძლება. მაგრამ კენჭისყრისას დაშვებული ერთი პატარა საპროცედურო უზუსტობა, როცა განსახილველი დოკუმენტის არასწორი ნომერი გამოაცხადეს, სამთავრობო ძალებს უტოვებს იმედის ნაპერწკალს, რომ ისინი მაინც მოახერხებენ, კიდევ ერთხელ გაიტანონ კენჭისყრაზე ცვლილებების პროექტი; ანუ თქვან, კაცმა არ იცის, რა დოკუმენტს ვუყარეთ კენჭი, ახლა კი, მოდით, ის ცვლილებები განვიხილოთ, რომელიც გვჭირდებაო."

შეგახსენებთ, რომ რადიო "თავისუფლების" პრაღის სტუდიაში ჩემს უკრაინელ კოლეგას სერგეი დრაჩუკს ვესაუბრები. ოქტომბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად ითვლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვიქტორ იუშჩენკო, რომელსაც საქარაველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ახლო მეგობრად მოიხსენიებს. ის კი არა, სააკაშვილმა ერთხელ ისიც კი თქვა, იუშჩენკო უკრაინის მომავალი პრეზიდენტიაო. ნუთუ, მართლა ასე გარანტირებული აქვს წარმატება ვიქტორ იუშჩენკოს?

სერგეი დრაჩუკი: "ბოლო ხანს მოწყობილი ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს, რომ არჩევნები ახლა რომ ეწყობოდეს, მასში სწორედ ვიქტორ იუშჩენკო გაიმარჯვებდა. დანარჩენი პრეტენდენტები მათი რიცხვიდან, ვისაც პრეზიდენტობის კანდიდატებად ამჟამად განიხილავენ, იუშჩენკოს საგრძნობლად ჩამორჩებიან. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მოახერხებს ახლანდელი ხელისუფლება, არჩევნებისთვის მზადებისა და უშუალოდ კენჭისყრის პროცესში, გამოიყენოს ე.წ. "ადმინისტრაციული რესურსი", ანუ ზეწოლა მოახდინოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, საარჩევნო კომისიებზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე. ამიტომ, ძნელი სათქმელია, რა მოხდება არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში. უკრაინაში გამორიცხული არაფერია."
XS
SM
MD
LG