Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშუამავლო ოთხეული ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე სასაუბროდ 4 მაისს შეიკრიბა


ოთხეულის სახელით ცნობილი საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის წარმართვას ცდილობს,



ღაზის სექტორიდან ებრაული დასახლებების გაყვანის გეგმას პროგრესულ ნაბიჯად აფასებს. ჯგუფი მოუწოდებს ისრაელს ერთგული დარჩეს თავისი პირობებისა. რაც შეეხება პალესტინას, ოთხეული მას რეფორმების დაწყებას სთავაზობს, არა მარტო მოაქლაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, არამედ პრემიერ-მინისტრისა და უშიშროების სამსახურების ლეგიტიმაციის კუთხითაც.




ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მედიატორთა ოთხეული მიესალმება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის სამშვიდობო გეგმას, რომელიც ღაზის სექტორიდან ებრაული დასახლებების სრულ, ხოლო დასავლეთი სანაპიროდან ნაწილობრივ გაყვანას ითვალისწინებს.

შარონის გეგმის მხარდამჭერი განცხადება ოთხეულმა სამშაბათს, 4 მაისს გამოსცა. განცხადების წაკითხვისას გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში იშვიათად ხელსაყრელი მომენტი დადგა.

განცხადება შემუშავებულ იქნა საგანგებო შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროკავშირის საერთაშორისო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა და ევროკავშირის ახლანდელი პრეზიდენტი ქვეყნის, ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრაიან კოუენი.

შეხვდრის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა სპეციალურად მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე გამოხატა რა პრეზიდენტ ბუშის ოფიციალური პოზიცია, აღნიშნა, რომ პრობლემები უმთავრესად დაპირისპირებულ მხარეთა შორის წარნმოებულ მოლაპარაკებებზე უნდა მოგვარდეს.

[პაუელის ხმა]" ჩვენ განაჩენი არ გამოგვიტანია. ჩვენ მივიღეთ განცხადება იმაზე, რაც მისაღებად მიგვაჩნია, რაც უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, საბოლოო მოგვარება ის საკითხია, რომელიც გადაწყვეტილ უნდა იქნას ორპარტიული მოლაპარაკებების შედეგად, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით იმგვარად, რომ გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგებოდეს გზამკვლევი გეგმის პრინციპებს."

პაუელი იმედოვნებს, რომ ოთხეულის განცხადება დაარწმუნებს არაბულ სამყაროს, რომ შეერთებული შტატები გზამკვლევი გეგმის ერთგულია. ამავდროულად, მისი თქმით, რეგიონი მყარად უნდა ჩაეჭიდოს ხელსაყრელ შესაძლებლობას, რათა შექმნილი ჩიხიდან გავიდეს.

[პაუელის ხმა]" სად მივდიოდით, სად ვიყავით რამდენიმე კვირის წინათ, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა. რაღაც, რაც გააწონასწორებდა მდგომარეობას და ჩვენ სამუშაო საგანს გაგვიჩენდა. ამჯამად ჩვენ გვაქვს, პრემიერ-მინისტრ შარონის მიზანი და ისრაელის ხალხის ნათელი მხარდაჭერა ამ მიმართულებით. ეს არის ის, რაც ჩვენ მუშაობისა და და შანსების გამოყენების საშუალებას გვაძლევს."

პაუელი ეყრდნობა სოციალური გამოკითხვის შედეგებს, რომელთა მიხედვით, ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ღაზის სექტორის დეოკუპაციასა და ებრაული დასახლებების გაყვანას. რაც შეეხება შარონის პარტია "ლიკუდს",კვირას პარტიის წევრებმა ხმა გეგმის საწინაღმდეგოდ მისცეს. ახლა შარონი გეგმის შესაძლო შესწორებების მოლოდინშია.
სოლანამ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა აღნიშნა, რომ ოთხეულის განცხადების მიხედვით, შარონის გეგმა არის 1967 წლიდან დაწყებული ოკუპაციის დასასრულის საშუალება, რომელიც არ შეიძლება მხარდაჭერის გარეშე დარჩეს.

[სოლანას ხმა]" ჩვენ განვაცხადეთ ძალიან მკაფიოდ, რომ ისრაელის გამოსვლა ამ რეგიონიდან ტოტალურად უნდა მოხდეს, რომ ეს უნდა იყოს ოკუპაციის დასასრული. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ის რასაც უშუალოდ კვარტეტმა მიაღწია, არის ის, რომ "კვარტეტი" ისევ ექცევა სამშვიდობო პროცესისი ცენტრში."


ოთხეულმა მიანიშნა ასევე პალესტინის მმართველი სტრუქტურების რეფორმირების აუცილებლობაზეც. ოთხეულის მოწოდების შესაბამისად, პალესტინის უშიშროების სამსახურები იმგვარად უნდა გარდაიქმნან, რომ მათ კანონის მიღებისა და ბრძანების გაცემის უფლება ჰქონდეთ. ყოველივე ამის მიზანი კი ის არის, რომ უშიშროების სამსახურებმა ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს სამუდამოდ დაუსვან წერტილი.

განცხადების მიხედვით, ოთხეულის წევრები მზად არიან თავიანთი საქმიანობა პალესტინელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებისაკენ მიმართონ. განცხადება ხაზს უსვამს ასევე პალესტინელთა პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებამოსილების განხორციელებისა და მისთვის კაბინეტის შექმნის აუცილებლობას.
დოკუმენტი მიმართავს ისრაელის მთავრობას არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მხარეთა შორის უნდობლობას კიდევ უფრო გააღრმავებდა. ისეთი ნაბიჯები, როგორებიცაა, მაგალითად პალესტინელთა საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურის განადგურება, დეპორტაცია. ოთხეულმა მოუწოდა ისრაელს დაუყოვნებლივ დაიწყოს ზრუნვა პალესტინელთა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ამაში იგულისხმება ასევე პალსეტინელთა თავისუფალი გადაადგილების უფლება, როგორც უშუალოდ დასავლეთი სანაპიროსა და ღაზის სექტორში ისე, ამ ტერორიტორიების საზღვრებს გარეთ.




XS
SM
MD
LG