Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენსიონერებს სახელმწიფო თითო ლარით მეტს დაურიგებს


აპრილში 3 ლარით გაზრდილ პენსიას მაისში კიდევ ერთი ლარი მიემატება და სახელმწიფო თავის პენსიონერებს ყოველთვიურად 18 ლარს დაურიგებს. ხოლო თბილისელი პენსიონერები დედაქალაქის

მუნიციპალიტეტიდან დამატებით 3 ლარს კვლავაც მიიღებენ და მათი შემოსავალი თვეში 21 ლარს გაუტოლდება. ხელისუფალთა სიამაყის მიუხედავად, ამგვარი არითმეტიკა მოხუცებს მაინცდამაინც სასიკეთოს ვერაფერს ჰპირდება. თავმოყვარეობა ბევრ მათგანს დამამცირებელ გროშებზე უარის თქმასაც კი უკარნახებს.

პურისა და სხვა პროდუქტების გაძვირების გამო, 83 წლის თბილისელ ლეონიდე ცეცხლაძეს პენსიის 3 ლარით გაზრდა პრაქტიკულად არ უგრძვნია:

(ლეონიდე ცეცხლაძის ხმა) "ვყიდულობდი ქარხნის პურს, რომელიც ღირდა 40 თეთრი, ახლა გახდა 50 თეთრი, ე.ი. 10 თეთრით მოიმატა. თუ 10 თეთრს გავამრავლებთ 30 დღეზე, მივიღებთ 3 ლარს. გამოდის, რომ პენსია მე კი არ მომემატა, მოემატა პურის გამყიდველებს და პურის მცხობელებს."

1 აპრილიდან მომატებულ 3 ლარს თავმოყვარე მოხუცი დამამცირებლად მიიჩნევს და "ნასუფრალს" უწოდებს. ლეონიდე ცეცხლაძე18, 20-სა და, თუნდაც, 21 ლარს შორის არსებით განსხვავებას ვერ ხედავს და უკვირს, რომ ამ მიზერულ თანხას სახელმწიფო დიდის ამბით პენსიას არქმევს:

(ლეონიდე ცეცხლაძის ხმა) "მე, მაგალითად, საშუალება რომ მქონდეს, ამ 3 ლარზე უარს ვიტყოდი. ეს არის ნასუფრალი. როგორ შეიძლება პენსია იყოს 18 ლარი, 20 ლარი, 21 ლარი - ეს პენსია არ არის. პენსია იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა სულ მინიმალურად მაინც შეძლოს არსებობა."

მართლაც, უხერხულია პენსია ეწოდოს 18-სა და 21 ლარს მაშინ, როდესაც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საშუალო პენსიონერის საარსებო მინიმუმი 110 ლარს შეადგენს. შინა მეურნეობათა კვლევის სტატისტიკის სამმართველოს უფროსი ნოდარ კაპანაძე განმარტავს:

(ნოდარ კაპანაძის ხმა) "ეს არის ოფიციალური საარსებო მინიმუმი, სადაც შედის 38 დასახელების პროდუქტი და მინიმალური არასასურსათო ხარჯები - თავისი წამლები, ტრანსპორტი და ასე შემდეგ."

ლოგიკა მარტივია: მაშინ, როდესაც პენსიონერი 110 ლარითაც მხოლოდ და მხოლოდ მინიმუმს მოახერხებდა, როგორ უნდა იცხოვროს მან პენსიად წოდებული გროშებით?! თბილისელ პენსიონერს კლარა ხომერიკს ეს თანხა სინათლის გადასახადზეც კი არ ჰყოფნის. 64 წლის ქალბატონს პენსიის გაგონებაზე მწარედ ეცინება:

(კლარა ხომერიკის ხმა) "... პენსიონერს ეგ არაფერში არ ჰყოფნის, აბსოლუტურად არაფერში. შუქის ფულსაც ვერ იხდის. 20 ლარით, ალბათ, მარტო პურს იყიდი. ვერ იარსებებს ადამიანი, არ არსებობს. თუ ვიღაცეები არ მიეხმარნენ, თუ უფალი არ დაეხმარა."

საქართველოში პენსიები უკვე კარგა ხანია მხოლოდ "სულ არაობას სჯობს" და მეტი არაფერი. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თანამშრომელი დოდო წიკლაური მაისიდან პენსიების კიდევ 1 ლარით გაზრდას, ალბათ, სწორედ ამგვარი ლოგიკის მიხედვით მიესალმება. ეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების განყოფილების უფროსი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საპენსიო თანხა პენსიონერებამდე ნამდვილად მიდის. წიკლაურის თქმით, მაისის პენსიის დაფინანსება ორშაბათიდან დაიწყება და 2-3 დღე გასტანს.

სახელმწიფოს მიერ მომზადებული ერთლარიანი სიურპრიზის შესახებ ჩემთან მოსაუბრე პენსიონერებმა აბსოლუტურად არაფერი იცოდნენ, მაგრამ ეს დიდი სიხარული სავსებით მშვიდად გადაიტანეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG