Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა დიდ ადგილს უთმობს რუსეთ-საქართველოს ურთერთობების ეკონომიკურ ჭრილში


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა დიდ ადგილს უთმობს რუსეთ-საქართველოს ურთერთობების ეკონომიკურ ჭრილში განხილვას. ამ პრობლემატიკას ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა საქართველოს

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მოსკოვში ვიზიტის დროსაც. როგორც ჩანს, საქართველოს ეკონომიკურმა ვექტორმა გეზი ჩრდილოეთისკენ აიღო.
გესაუბრებით ორიოდე პუბლიკაციის შესახებ.

21 მაისის "ნეზავისიმაია გაზეტა" მკითხველს ამცნობს, რომ 27-29 მაისს თბილისში გაიმართება პირველი რუსულ-ქართული კონფერენცია ერთობლივი ბიზნესის განვითარების საკითხებზე. გაზეთი წერს:


"კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ანატოლი ჩუბაისი, ალეკსეი მილერი, სემიონ ვაინშტოკი, კახა ბენდუქიძე და რუსეთის ეკონომიკის სხვა გავლენიანი ფიგურები. სხვა საკითხებთან ერთად ისინი განიხილავენ რუსეთის კომპანიების შესაძლებლობებს აჭარის ობიექტების პრივატიზებაში. ეს ობიექტებია: ბათუმის პორტის სტრუქტურები, ადგილობრივი პანსიონატები და სასტუმროები, ავტონომიის აგრარული სექტორი. როგორც ჩანს, თბილისში გადაწყვიტეს, რომ მეტად სერიოზული ყურადღება დაუთმონ აჭარის ეკონომიკის განვითარებას."


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით 25 მაისის გაზეთი "კომერსანტი" წერს, რომ თბილისი, პირველ რიგში, ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტითაა დაინტერესებული.
გაზეთის თქმით:


"მოსკოვი არსებითად თანახმაა, რომ თბილისს ანგარიში გაუწიოს, მაგრამ არა ქველმოქმედების ხარჯზე. მოსკოვისთვის სასურველი იქნებოდა, რომ ქართული ვალის პრობლემა გადაეჭრა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ინფრასტრუქტურის საკუთრებაში მიღების გზით. მაგრამ, რაც მთავარია, მოსკოვს პოლიტიკური დათმობების იმედი აქვს. კერძოდ, მას სურს თანხმობის მიღება ისეთ საკითხებში, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის მკაცრ ვადებზე უარის თქმა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოწესრიგება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით და, ამავე დროს, რუსეთის განსაკუთრებული ინტერესების აღიარება ამ არაღიარებულ რესპუბლიკებში."


25 მაისის გაზეთი "იზვესტია" აღნიშნავს, რომ ზურაბ ჟვანიას ვიზიტის მთავარი მიზანი - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული პრობლემების ეკონომიკური ურთიერთქმედების პრიზმაში დანახვაა. გაზეთი იმოწმებს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს, რომ "აფხაზებისა და ოსების დაბრუნების პირობად შეიძლება იქცეს საქართველოს სერიოზული ეკონომიკური განვითარება."
"იზვესტია" წერს:

"ცხადია, ასეთ განვითარებაზე საუბარი საფუძველს მოკლებული იქნება, თუ რუსეთი არ განახორციელებს სერიოზულ ინვესტიციებს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, ასევე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროებში. ასევე ცხადია, რომ რუსეთის ან ევროპის არც ერთი საღად მოაზროვნე ბიზნესმენი არ ჩადებს ფულს არასტაბილურ საქართველოში. თბილისი უკვე დაპირდა მოსკოვს, რომ გარანტიები ექნებათ როგორც აჭარაში ინვესტირების მსურველთ, ისე მათ, ვინც უკვე განახორციელა ინვესტიციები წინა ხელმძღვანელობის დროს. ნაპოვნია ფორმულა აფხაზეთისთვისაც: რუსეთის ყველა ბიზნესმენს, ვინც არაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადებითაა დაინტერესებული, სთავაზობენ, რომ თავიანთ განზრახვებთან დაკავშირებული წინასწარი მოლაპარაკება გამართონ თბილისთან და არა სოხუმთან."
XS
SM
MD
LG