Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა საქართველოსთვის ახალი სამხედრო დახმარების პროგრამებს იწყებს


"წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, რომელიც უსაფრთხოების სფეროში საქართველოს

ერთ-ერთი უმთავრესი დონორია, 2004-2005 წლებში 12 მილიონი დოლარის ფარგლებში რამდენიმე სამხედრო პროგრამის დაფინანსებას გეგმავს. შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, რომ, ამერიკული სამხედრო დახმარების მოცულობის მხრივ, საქართველოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის კვლავაც პირველი ადგილი უჭირავს.


საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ხელშეწყობისათვის შეერთებული შტატები დახმარებას 11 მიზნობრივი პროგრამის მიხედვით ახორციელებს. პროგრამების დაგეგმვისა და კოორდინირებისათვის საქართველოში 1999 წლიდან "თავდაცვის თანამშომლობის ოფისი" გაიხსნა. ამ ოფისის ხელმძღვანელის მაიორ დაგ პიტერსონის თქმით, "საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით" დასრულდა თანამშრომლობის ე.წ. ერთჯერადი მოკლევადიანი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოსადმი დახმარებას ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომის ფარგლებში. პროგრამის 18 თვიან პერიოდში, რომლის რეალიზებაზე 64 მილიონი დოლარი დაიხარჯა, საქართველომ კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი 4 ქვეითი მსუბუქი ბატალიონი და ერთი მექანიზებული ჯავშნოსანი ასეული მიიღო. მაიორ დაგ პიტერსონის თქმით, მიმდინარე წლის ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ქართული პროფესიული ბატალიონების ბაზაზე სრულყოფილი ბრიგადის ჩამოყალიბებაში დახმარება იქნება. ამ საქმით, ძირითადად, დაკავებულია "ქიუბიქის" სახელით ცნობილი გადამდგარ ამერიკელ სამხედროთა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც სამხედრო უწყების რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის დოქტრინაზე ამერიკის მთავრობის დაფინანსებით მუშაობს.

[დაგ პიტერსონის ხმა] "ქიუბიქი" მუშაობს ამ 4 ბატალიონისა და მე -11 ბრიგადის დონეზე. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები ცდილობენ მართვა იყოს სრულყოფილი, როგორც ბრიგადის დონეზე, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბების დონეზე. ბრიგადის დონეზე მათი დახმარება მჟღავნდება წვრთნის გრაფიკის შემუშავებასა და ლოგისტიკის საკითხების გადაჭრაში. ასე რომ, ჩვენი მთავარი დანიშნულება ამ ეტაპზე იმაში მდგომარეობს, რომ მე -11 ბრიგადის სახით შევქმნათ ბრძოლისუნარიანი და სრულყოფილი ქვედანაყოფი."

მაგრამ სრულყოფილი ქვედანაყოფის ჩამოსაყალიბებლად ამერიკული მხარის დახმარება მხოლოდ მეთოდოლოგიური მითითებებით არ შემოიფარგლება. 2004 ფისკალურ წელს ინსტრუქტორთა ერთი მობილური ჯგუფი მოამზადებს მე-11 ბრიგადის შტაბს. ამავე წელს სამშვიდობო ოპერაციების ფონდის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა 2 მილიონი დოლარი იმ ორი ქართული ბატალიონის აღჭურვისა და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის, რომლებიც ერაყში იმსახურებენ. საქართველო წელს ასევე უხვად ისარგებლებს მეორე დახმარების პროგრამით, რომელსაც "თავდაცვის ჭარბი მატერიალური საშუალებები" ეწოდება. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველომ ამერიკიდან მიიღო 68 სატვირთო ავტომანქანა, რომლებიც დამოუკიდებლობის სამხედრო აღლუმზეც გამოჩნდნენ. ყველა დახმარების პროგრამის საერთო მოცულობა კი 12 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ამერიკის ელჩის რიჩარდ მაილსის თქმით, საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, ამერიკული დახმარების მხრივ, კვლავ პირველ ადგილზე რჩება.

[რიჩარდ მაილსის ხმა] "თუ ამ სამ ქვეყანას შორის გარკვეულ კონკურსს ჩავატარებთ, 64 მილიონ დოლარად ღირებული "წვრთნისა და აღჭურვის" და აგრეთვე იმ პროგრამების გათვალისწინებით, რომლებზეც მაიორმა პიტერსონმა ახლახან ისაუბრა, საქართველო პირველ ადგილზე იქნება."

გარდა სამხედრო ხაზით დახმარებისა, "თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი საქართველოში" კოორდინირებას უწევს ჰუმანიტარულ დახმარებებსაც. გასულ წელს ევროპის ქვეყნების აშშ-ის სარდლობამ საქართველოს სკოლებისა და კლინიკებისათვის 1000-მდე გამათბობელი მოწყობილობა შეიძინა. წელს კი დიღმის უპატრონო ბავშვთა სახლისათვის დამატებითი საერთო საცხოვრებლისა და საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG