Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ეხმაურება რუსული მედია თბილისში დაწყებულ რუსეთის ბიზნესკონფერენციას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თბილისში რუსული ბიზნესელიტის დესანტმა, ბუნებრივია, რუსული მასმედიის საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც 28 მაისის ინტერნეტგამოცემა "სტრანა" წერს,

თბილისში დაწყებული რუსული ბიზნესის კონფერენცია უპრეცედენტოა, მონაწილეთა რანგის გათვალისწინებით. შესაბამისად, უადგილოდ არ გამოიყურება რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის გერმან გრეფის ხუმრობა, თბილისში რამდენიმე მილიარდი დოლარი ჩამოვიტანეო. როგორ ეხმაურება რუსული მედია თბილისში დაწყებულ ბიზნესკონფერენციას?



ინტერნეტგამოცემა "სტრანა" მკითხველებს შეახსენებს, რომ თბილისურ ფორუმში მონაწილეობისთვის თბილისს 80 მსხვილი ბიზნესმენი ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტი ყოველ მათგანს პერსონალურ მფარველობას დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მათგანის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიცია 100 ათასი დოლარი მაინც იქნება. "სტრანა" წერს:

"არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ, მოსკოვის მასშტაბებით, ასეთი მინიმალური თანხა საქართველოში საკმარისია მიხეილ სააკაშვილის კაბინეტის კარის შესაღებად. საქართველოს ეკონომიკა სამოქალაქო ომის შემდეგ განადგურებულია. საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ საშუალო ხელფასი აქ 20 დოლარს არ აღემატება, პენსია კი 7 დოლარია. საქართველოს მოსახლეობა მცირდება - ბოლო წლებში ემიგრაცია მასობრივი გახდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სახელმწიფოს მიზერული ხელფასების დროული გადახდაც არ შეუძლია, რომ არაფერი ითქვას კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობაზე."



გამოცემა წერს, რომ კორუფცია საქართველოში არნახულ მასშტაბებს აღწევს. სახელმწიფო ჩინოვნიკებს კი ხელფასს არა მხოლოდ ბიუჯეტი, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებიც უხდის. "სტრანას" აზრით, საქართველოს პრეზიდენტი ადეკვატურად აღიქვამს სიტუაციას, როცა აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი წუმპიდან ამოსასვლელად. რაც შეეხება ბიზნესკონფერენციას, "სტრანა" წერს:


როგორც ჩანს, რუსეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ალტერნატივა არა აქვს. ამაზე ბიზნესკონფერენციაზე თითქმის საათნახევარი საუბრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. მის გამოსვლაში ყველაფერზე იყო საუბარი: რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის აუცილებლობაზე, აფხაზეთის გავლით; საქართველოს საწარმოების "აგრესიულ" პრივატიზაციაზე, ჭიათურის მარგანეცის საბადოების ჩათვლით; ქართველი ეკონომისტების რუსეთში განათლების მისაღებად გაგზავნაზე და ა.შ.
რუსი ბიზნესმენები ქართველ პრემიერს ყურადღებით უსმენდნენ. რუსი ბიზნესმენების ინტერესი საქართველოში საკმაოდ ფართო აღმოჩნდა.


როგორც "სტრანას" განუმარტა დელეგაციის წევრმა ანდრეი კუშნერენკომ, საქართველო რუსული კაპიტალის ტრადიციული სფეროა და საინვესტიციო პროექტებს სოლიდური მოგების მოტანა შეუძლიათ. პირველ რიგში, ეს ეხება ინფრასტრუქტურის ობიექტებს, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, პორტებს. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა რუსულ ბიზნესს შუა აზიის, მახლობელი აღმოსავლეთის, თურქეთის ბაზრებზე უფრო ამბიციური იდეებით გასვლის პირობებს შეუქმნის.

ოღონდ, როგორც ფორუმის მონაწილეები ამბობენ, ლაპარაკი რაიმე გარღვევაზე ჯერ ნაადრევია. რუსეთის ბიზნესს დრო სჭირდება იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველოს ხელისუფლების დაპირებები შესრულდება და მხოლოდ დაპირებებად არ დარჩება.
XS
SM
MD
LG