Accessibility links

''დიდი შვიდეულისა'' და რუსეთის ლიდერებს სურთ, ხელი შეუწყონ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას


ხუთშაბათს აშშ-ის ჯორჯიის შტატის საკურორტო ქალაქ სი აილენდში მუშაობა დაასრულა მსოფლიოს შვიდი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნისა და რუსეთის ლიდერთა უმაღლესი დონის შეხვედრამ.

სამდღიანი სამიტის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს შეერთებული შტატების გეგმას სახელწოდებით "გაზრდილი ახლო აღმოსავლეთის ინიციატივა", რომელიც ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურესა და ჩრდილოეთ აფრიკაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას ისახავს მიზნად. თუმცა, ექსპერტთა ერთ ნაწილს ეჭვი ეპარება, დღევანდელ პირობებში გეგმის განხორციელება შესაძლებელი იყოს.

სამიტის მონაწილეებმა, "G-8"-ად წოდებული ჯგუფის წევრებმა, მოიწონეს ჯორჯ ბუშის მიერ წარმოდგენილი გეგმა, თუმცა მასში რამდენიმე ცვლილებაც შეიტანეს. ევროპელი ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ არ სურთ, საკუთარი მოსაზრებები მოახვიონ თავს სახელმწიფოებს, რომელთათვისაც ეს გეგმა შემუშავდა.

მაგალითად, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთი აფრიკის ქვეყნებს სულაც არ სჭირდებათ "დემოკრატიის მისიონერები" და მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ, მიიღონ თუ არა შეთავაზებული გეგმა.

დოკუმენტში ევროპელთა მოთხოვნით შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, ინიციატივაში შენარჩუნებულია ვაშინგტონის მიერ დასახული ძირითადი მიზნები: დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დამკვიდრება, მწყობრი მმართველობა, უმცირესობათა უფლებების პატივისცემა, განათლების სისტემის სრულყოფა და ქალთა უფლებების დაცვა.

ევროკომისიის პრეზიდენტის რომანო პროდის საგანგებო მრჩევლის, სტეფანო სანინოს თქმით, ევროკავშირმა აუცილებლად მიიჩნია დოკუმენტში შეეტანათ მუხლი იმის თაობაზე, რომ არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის სამართლიანი მოგვარება რეგიონის მომავლისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია.

[სტეფანო სანინოს ხმა] "პროექტი ემყარება პარტნიორობისა და დიალოგის იდეას, ხანგრძლივი თანამშრომლობის აუცილებლობას, მოსაზრებას, რომ არ უნდა არსებობდეს მიდგომა, რომლის მიხედვით ყველაფერი ყველასთვის ერთნაირად მისაღები იქნება. პირიქით, მასში ჩადებულია აზრი, რომ ყოველი ცალკეული ქვეყანა განსაკუთრებული და განუმეორებელია."

მიუხედავად ასეთი ინდივიდუალური მიდგომისა, ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურად აფასებს გეგმის განხორციელების პერსპექტივას. სკეპტიკოსთა შორის არის, დანიელ პლეტკა, პოლიტიკის კვლევის კერძო ცენტრის, "ამერიკან ენტერპრაის ინსტიტუტის" საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი.

[დანიელ პლეტკას ხმა] "ეჭვი მეპარება, ამან რაიმე შედეგი გამოიღოს. რა თქმა უნდა კარგია, რომ პრეზიდენტი მის განხორციელებას მოითხოვს, მაგრამ ბოლო ექვსი თვის მანძილზე გეგმამ ეფექტიანობაც დაკარგა და აზრისგანაც დაიცალა."

დანიელ პლეტკას თქმით, თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თავდაცვის სამინისტროს განსხვავებულად წარმოუდგენიათ საგარეო პოლიტიკის წარმართვის პრინციპები, რის შედეგადაც ესა თუ ის ინიციატივა საფუძველშივე მარცხისთვის არის განწირული.

დოკუმენტის კიდევ ერთი ნაკლი, პლეტკას აზრით, ის არის, რომ ვაშინგტონის მიერ ევროპელთა წინაშე გაკეთებულმა კომპრომისებმა ინიციატივას ეფექტიანობა დაუკარგა. "თუ არ გვსურს, არაბ დიქტატორებს ვაწყენინოთ, მაშ დემოკრატიის დამკვიდრება როგორღა გვინდაო?" - კითხულობს ამერიკელი პოლიტოლოგი.

პლეტკასი არ იყოს, ახალი ინიციატივისგან ბევრს არაფერს ელის კიდევ ერთი ვაშინგტონელი ექსპერტი, აშშ-ის დედაქალაქში მოქმედი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის თანამშრომელი, წარმოშობით სირიელი მურჰაფ ჟუაჯათი. ერთი მხრივ, იგი მიესალმება რეფორმის იდეას და ამბობს, რომ რეგიონის ქვეყნებს უთუოდ სჭირდებათ "გარეშე პარტნიორი", რომელიც მათ დემოკრატიის აუცილებლობაში დაარწმუნებს. მაგრამ მეორე მხრივ, იგი შეგვახსენებს, რომ ამ სახელმწიფოების მთავრობებიცა და მოსახლეობაც საკუთარ საქმეებში ჩარევად აღიქვამენ უცხო ქვეყნის ნებისმიერ რჩევასა თუ წინადადებას, დაკავშირებულს მათი პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლასთან.

ეს განსაკუთრებით ეხება შეერთებულ შტატებს, რომლის მიმართ ნდობა არაბულ სამყაროში მეტად დაბალია; რასაც, მურჰაფ ჟუაჯათის თქმით, ხელს უწყობს ვაშინგტონის მხარდაჭერა ისრაელისადმი, ერაყის ოკუპაცია და თუნდაც ტერორიზმის წინააღდმეგ წარმოებული ბრძოლა, რომლის ძირითად სამიზნეს მაჰმადიანები წარმოადგენენ.
XS
SM
MD
LG