Accessibility links

logo-print

რა გავლენას იქონიებს ქურთი აქტივისტების გათავისუფლება სეპარატისტულ მოძრაობაზე თურქეთში?


ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ ოთხშაბათს თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ციხიდან გაეთავისუფლებინა ოთხი ქურთი აქტივისტი -

ყოფილი პარლამენტარები, რომელთა შორის იყო ქურთების უფლებათა ცნობილი დამცველი, წარსულში ნობელის სამშვიდობო პრემიის კანდიდატი ლეილა ზანა. თურქეთის პარლამენტის ყოფილ დეპუტატებს 1994 წელს იმუნიტეტი მოუხსნეს და - ქურთ სეპარატისტთა შეიარაღებულ ორგანიზაციასთან, "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირში ბრალდებით - 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ქურთი აქტივისტების გათავისუფლების დღეს, იმავე ოთხშაბათს, თურქეთის ტელევიზიამ თავისი ეთერი პირველად დაუთმო ქურთულ ენაზე მომზადებულ გადაცემას. რის მომასწავებელია ყოველივე ეს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ექსპერტის დახმარებით შევეცდებით.

"ქვეყანაში ახალი ეპოქა იწყებაო" - თქვა ლეილა ზანამ ანკარის ულუჯანლარის ციხიდან გამოსვლისთანავე. ათწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული ადამიანისგან ასეთი ოპტიმისტური განცხადება ალბათ არ უნდა გვაკვირვებდეს, მაგრამ საინტერესოა, მოასწავებს თუ არა თურქეთის ხელისუფალთა მიერ გადადგმული ნაბიჯები ქურთების საკითხში მისი პოზიციის შეცვლას.

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ამ გაერთიანების კომისარს, გიუნტერ ფერჰოიგენს იმედი აქვს, რომ მოასწავებს. იგი კმაყოფილებით შეხვდა ქურთი აქტივისტების გათავისუფლებას და აღნიშნა, რომ თურქეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპის კავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.

კიდევ უფრო ხმამაღალი იყო თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ჯემილ ჩიჩეკის განცხადება. მინისტრის თქმით, ლეილა ზანასა და მისი თანამოაზრეების ციხიდან გამოშვებით ხელიდან ბოლო კოზირი გამოეცალათ იმათ, ვინც ათასგვარი საბაბით ცდილობს, თურქეთს ევროპისკენ გზა გადაუღობოს.

როგორია ექსპერტთა აზრი? რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ჯეფრი დონოვანი ტელეფონით დაუკავშირდა რომის საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელს ჟან-პიერ დარნისს, რომლის თქმით, ანკარის ნაბიჯი უთუოდ დადებითად იმოქმედებს ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, დაიწყოს თუ არა მასთან მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

[ჟან-პიერ დარნისის ხმა] "ეს მნიშვნელოვანია, რადგან აშკარად მიგვანიშნებს, რომ ადამიანის უფლებათა სფეროში თურქეთი მართლაც ახორციელებს იმგვარ პოლიტიკას, რომლის გატარებაც ივალდებულა ევროპის კავშირის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად."

ჟან-პიერ დარნისი ვარაუდობს, რომ ევროპის კომისია დააკმაყოფილებს ანკარის განაცხადს და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მასთან მოლაპარაკებას დაიწყებს. თუმცა, მისივე თქმით, მოლაპარაკებამ, შესაძლოა, ათ წელიწადსაც გასტანოს და საბოლოოდ წარუმატებლად დამთავრდეს. წარმოშობით ფრანგი რომაელი ექსპერტი გვიზიარებს თავის მოსაზრებას, რომ თურქეთისთვის ზურგის შექცევა ევროპის მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა.

[ჟან-პიერ დარნისის ხმა] "ჩემი აზრით, თურქეთის მიღებას მრავალი დადებითი მხარე აქვს, განსაკუთრებით პოლიტიკური თვალსაზრისით. ყველა დაინახავდა, რომ ევროპა არის არა თეთრკანიან ქრისტიანთა კლუბი, არამედ სეკულარული იდეა. მერე, შესაძლებელი გახდებოდა ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოკრატიული ინტეგრაციის გავრცობა ახლო აღმოსავლეთზე და ამ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების გზათა ძიება ევროპის გაფართოების საშუალებით. თუ თურქეთმა თავისი ამოცანა შეასრულა - გაატარა რეფორმები ადამიანის უფლებების, სამართლის, სამხედროთა ძალაუფლების სფეროებში - ეს მართლაც დიდი საქმე იქნება."

ასეთია რომის საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლის ჟან-პიერ დარნისის მოსაზრება. მასაც და მის სხვა კოლეგებსაც, ვისთან გასაუბრებათ მოვახერხეთ, უჭირთ პასუხის გაცემა კითხვაზე: რა გავლენას იქონიებს ყოფილი ქურთი პარლამენტარების გათავისუფლება და ქურთულ ენაზე სატელევიზიო მაუწყებლობის დაწყება ქურთი სეპარატისტების ბრძოლაზე დამოუკიდებლობისთვის.
XS
SM
MD
LG