Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აწუხებთ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს


მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღრიცხვის მიხედვით, ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოს მოსახლეობის 6,5%-ს შეადგენენ. 285 ათასიდან ყველაზე მეტი აზერბაიჯანელი ქვემო

ქართლის მხარეში - დმანისში, გარდაბანში, ბოლნისსა და მარნეულის რაიონში - ცხოვრობს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვემო ქართლში, ძირითადად, აგრარული სექტორია განვითარებული, გასაკვირი არ არის, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები, უმეტესწილად, სოფლის მეურნეობითა და ვაჭრობით ირჩენენ თავს. შესაბამისად, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ყველაზე მტკივნეული პრობლემებიც ამ ორ სფეროს უკავშირდება.

ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების მიერ მოყვანილი ხილითა და ბოსტნეულით სავსეა დედაქალაქის ბაზრები და მაღაზიები. პროდუქციის დიდი ნაწილი ბოლნისელ და მარნეულელ გლეხებს საზღვარგარეთაც უპრობლემოდ გაჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ბოლო დრომდე, სანამ საქართველოს ახალი ხელისუფლება, როგორც ამას ჩემთან საუბარში ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის მცხოვრებლები აცხადებენ, საზღვრებს ჩაკეტავდა:

[მამაკაცის ხმა] "მოგეხსენებათ, სოფლის ხალხი რა საქმიანობითაც არის დაკავებული - მხოლოდ და მხოლოდ ბოსტნეულის მოყვანით. რგავენ, იღებენ და, თუ ვერ გაყიდეს, მაშინ ვის რად უნდა ასეთი მოსავალი? ხალხი შესჩერებია მიწას. თუ მიწამ შემოსავალი არ მოუტანა, რითი იცხოვრებს სოფლელი კაცი? არადა, რუსეთი - ეს უზარმაზარი ქვეყანა -აქვეა, მაგრამ რად გინდა: გზები ჩაგვიკეტეს, ვერაფერი გაგვაქვს. იძულებულნი ვართ, 75 თეთრად ნაყიდი თესლით მოყვანილი კარტოფილი 15 თეთრად გავყიდოთ. რა ხეირს ვნახავთ ამით, როგორ იცხოვრებს ხალხი? "


ნახიდურელ აზერბაიჯანელებს მე მინდორში, კარტოფილის მოსავლის აღებისას, ველაპარაკე. მათი თქმით, შარშან ამ დროს ჩრდილოეთ ოსეთიდან, ცხინვალის გავლით, ნაადრევი კარტოფილის შესაძენად ასობით სატვირთო მანქანა ჩამოდიოდა. წელს კი, ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო, მოსავლის რუსეთში გატანა ვეღარ ხერხდება. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლნისელ ფერმერებს პრობლემები შიდა ბაზრობების მომარაგებაშიც ექმნებათ:

[მამაკაცის ხმა] "...იქ ერგნეთიც დაკეტილია, იქ სადახლოს ბაზრობა დაკეტილია, ელიავას დიდი ბაზრობა, ისიც დაკეტილია... მერე ხალხმა რა უნდა გააკეთოს, დაიხოცოს? არ არის იმის საშუალება, რომ ადამიანმა საკუთარი შრომით იცხოვროს... რუსეთში გზა დაკეტეს, ხალხი პროცენტზე ცხოვრობს, მათხოვრებივით არიან!.."

როგორ იცხოვროს ხალხმა? ამ კითხვას ბოლნისელებთან ერთად გარდაბნის რაიონში მცხოვრები ის ადამიანებიც სვამენ, რომლებიც სახნავ-სათესი მიწის განაწილებისას უსამართლოდ დაიჩაგრნენ. ბირლიკელი ნოვრუზ ბაირამოვი მრავალ დაჩაგრულთაგან ერთ-ერთია:

[მამაკაცის ხმა] "საკრებულოს თავმჯდომარე იძახის, მე მიწა არა მაქვსო. მიწა იმის ძმის ხელშია, არ გვაძლევენ. იძახიან, ჩვენ ფული მივეცით 296 ათასი დოლარიო. სუყველაფერი უყიდიათ, ჩვენ დავრჩით ტიტველა ეზოში - ესე შეიძლება? სად წავიდეთ?"

სად წავიდნენ და რითი დასაქმდნენ - ეს პრობლემა ქვემოქართლელ აზერბაიჯანელებში განსაკუთრებული სიმწვავით ბოლო დროს დადგა. საქმე ის არის, რომ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსური პოლიციისა და საბაჟო დეპარტამენტის გააქტიურებამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო: ის ადამიანები, რომლებიც აზერბაიჯანიდან საქართველოში ტანისამოსისა და სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთების შემოტანით იყვნენ დაკავებული, ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი საბაჟო გადასახადის გამო, ფაქტობრივად, უშემოსავლოდ დარჩნენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG