Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მოკლეს ერაყელი მძღოლები?


ერაყში ომის დაწყებიდან წელიწადზე მეტია გასული და ჩვენც, სამწუხაროდ, თითქოს უკვე მივეჩვიეთ კიდეც ცნობებს ტერაქტებისა თუ აფეთქებების,

მოტაცებულებისა თუ დაღუპულების შესახებ. ამას წინათ ერთმა მსმენელმა ისიც კი მოგვწერა, სულ არ მაინტერესებს, რამდენი კაცი მოკვდა ერაყში და რამდენი აფეთქდა ავღანეთში – საქართველოზე გვიამბეთო. ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ საქართველოში მიმდინარე ამბებთან ერთად რადიო "თავისუფლების" მსმენელებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული ვითარებაც აინტერესებთ და ახლა გიამბობთ ერთ ტრაგედიაზე, რომელიც მიმდინარე თვის დამდეგს, ერაყის ქალაქ ფალუჯაში მოხდა. ამ მასალის მომზადებისას დავით კაკაბაძემ ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის, ვალენტინას მიტეს რეპორტაჟი გამოიყენა.

5 ივნისს უპირატესად სუნიტებით დასახლებული ფალუჯის მახლობლად მოიტაცეს ექვსი შიიტი მძღოლი, რომლებსაც თავიანთი სატვირთო მანქანებით ქალაქში სურსათ-სანოვაგე და კარვები უნდა ჩაეტანათ. ერთი კვირის შემდეგ მძღოლების პატივაყრილი და დასახიჩრებული გვამები ფალუჯიდან ასი კილომეტრის დაშორებით იპოვეს.

მოკლული მძღოლების ახლობლები და ნათესავები, რომლებიც გატაცებულთა გათავისუფლების იმედით მაწინვე ჩავიდნენ ფალუჯაში, ამბობენ, რომ ქალაქს, ფაქტობრივად, უცხოელი მებრძოლები და რადიკალი სუნიტი სასულიერო პირები მართავენ, ხოლო ერაყის უშიშროების ადგილობრივი სამსახური მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს.

ფალუჯა ანტიკოალიციური მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრია და მარტო ამ გაზაფხულს იქ 600-მდე ადგილობრივი მოქალაქე დაიღუპა. სულ ახლახან იქ ოთხი ამერიკელი ინჟინერი მოკლეს. თავის დროზე სასულიერო ლიდერებთან და უხუცესებთან მიღწეული საგანგებო შეთანხმებით, ფალუჯაში შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთები არ არის განთავსებული და წესრიგის დაცვა ერაყელ პოლიციელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს ევალებათ. თუმცა, როგორც მოკლული მძღოლების ნათესავები ამტკიცებენ, ისინი არაფერს აკეთებენ ბოროტმოქმედთა თარეშის აღსაკვეთად.

ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ესაუბრა ფალუჯაში მოკლული ერთ-ერთი მძღოლის ბიძას, ხაჯ ხაირის, რომლის თქმით, ქალაქს რადიკალები და არაბეთის სხვადასხვა ქვეყნიდან იქ ჩასული მეომრები აკონტროლებენ.

ხაჯ ხაირის ხმა 2205 "ზოგი მათგანი უცხოეთიდან არის – არაბეთის სხვადასხვა ქვეყნიდან. შევიტყე, რომ მძღოლები ომარ ჰადიდის ხელში იყვნენ. ჰადიდი ერაყელია და სათავეში უდგას რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობას სახელწოდებით "ალ-ჯამაა ალ-სალაფიია ალ-მუჯაჰიდა". ყველა რაზმი მას ექვემდებარება, მათ შორის არაბული დაჯგუფებები. ისინი საკუთარი თვალით ვნახე – ტუნისელები, სუდანელები, იემენელები. საკუთარი თვალით ვნახე..."

ამ სიტყვებს ადასტურებს ხაირ აბას აბიდი, რომელმაც ფალუჯაში ვაჟი და ძმა დაკარგა:

ხაირ აბას აბიდის ხმა 2206 "ჩვენ შევხვდით სირიელებს, პალესტინელებს, თვითმკვლელ ტერორისტებს – ისინიც იტყვიან, მუსლიმები ვართო. ფალუჯა მთელი ერაყისგან იზოლირებულია. პოლიციაც და არმიაც შეკრული არიან ადგილობრივ სუნიტთა ლიდერთან, აბდულა ჯანაბისთან."

აბიდის თქმით, მოტაცებულთა გათავისუფლებაზე სალაპარაკოდ იგი რამდენიმეჯერ შეხვდა ჯანაბის, რომელმაც უთხრა, მძღოლები დაკითხვაზე ჰყავთო. ერთი კვირის ხვეწნა-მუდარის შემდეგ ჯანაბიმ მოთმინება დაკარგა და ნათესავებს შეუთვალა, თქვენი ახლობლები ქალაქ რამადის მორგში ეძებეთო.

"ეს ხალხი საკუთარ თავს მუჯაჰედებს უწოდებს, მაგრამ განა შეიძლება, მუჯაჰედმა – თუ იგი მართლა ღვთის კურთხევით იბრძვის – ასეთი სისასტიკე ჩაიდინოსო?" – მწარედ კითხულობს აბიდი.

როგორც ხაირიმ და აბიდიმ ჩვენს კორესპონდენტს უთხრეს, არაბმა მეომრებმა მძღოლებს ამერიკელთა ჯაშუშობა დააბრალეს. არადა, ისინი სირიის ერთმა კომპანიამ დაიქირავა ერაყში სხვადასხვა სახის ტვირთის ჩასატანადო. აბიდი დარწმუნებულია, რომ მძღოლები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ შიიტები იყვნენ.

ვალენტინას მიტე შეხვდა ბაღდადის პოლიციის სისხლის სამართლის განყოფილების უფროსს რაად იას კადირს, რომელიც - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განკარგულებით - გამოძიებას ხელმძღვანელობს. თუმცა, როგორც გაირკვა, სარწმუნო ინფორმაცია არც მას მოეპოვება.

კადირის ხმა 2209 "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით შემდეგი დასკვნის გაკეთება შეიძლება: მეომრებს ეგონათ, რომ ტვირთი ამერიკელი სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი და მძღოლებიც სწორედ ამიტომ მოკლეს."

მოკლული მძღოლები რამდენიმე დღის წინათ დაკრძალეს. ერაყის პრეზიდენტმა ღაზი იავერმა, სარწმუნოებით სუნიტმა, დაკრძალვის ცერემონიაზე თავისი ვაჟი გაგზავნა. დელეგაცია მიავლინა შიიტთა რადიკალმა სასულიერო ლიდერმა მოყტადა სადრმაც. გარდაცვლილთა ნათესავები კი - მათ შორის ჩვენი ნაცნობები აბიდი და ხაირი - შურისძიებით იმუქრებიან. მათ იმედი აღარ აქვთ, რომ პოლიცია იპოვის და დასჯის მკვლელებს.

მიკროფონთან იყო დავით კაკაბაძე. შეგახსენებთ, რომ მასალის მომზადებისას მან ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის ვალენტინას მიტეს რეპორტაჟი გამოიყენა.
XS
SM
MD
LG