Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბიუჯეტო დავალიანების გამო საწარმოების მფლობელებს ქონების ნაწილის აუქციონზე გაყიდვა ემუქრებათ


საქართველოს ხლისუფლების დაპირება ფინანსური ამნისტიის შესახებ დაპირებად რჩება. შესაბამისი კანონის მიღება გაისისთვის გადაიდო, რაც იმას ნიშნავს,

რომ გაისამდე მეწარმებს წლების მანძილზე დაგროვილი დავალიანების გადახდას ერთბაშად მოსთხოვენ. კერძო სექტორში წლების მანძილზე დაგროვილი, აღიარებული თუ აღმოჩენილი დავალიანება, თავისი საურავებით, 3 მილიარდ ლარს აღწევს. ამ თანხის ამოღების მიზნით, სხვადასხვა საწარმოების ქონების ნაწილის გაყიდვა იგეგმება.

კანონი ვადაგადაცილებული დავალიანების იძულებით ამოღების შესახებ მოქმედების აქტიურ ფაზაში შედის. საქართველოს ხელისუფლებამ სხვადასხვა საწარმოებიდან ბიუჯეტის მიმართ დაგროვილი ვალის სრულად ამოღება გადაწყვიტა. ვადაგადაცილებული დავალიანების იძულებით ამოღების წესი ასეთია: საწარმოში მიდის შეტყობინება დავალიანების შესახებ, ამის შემდე კი - შეტყობინება გირავნობის შესახებ, რითაც სახელმწიფო ადასტურებს თავის უპირატეს უფლებას ქონებაზე. შეტყობინებიდან 30 დღის გავლის შემდეგ ხდება საწარმოს ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. შემდეგი ნაბიჯი დავალიანების მქონე საწარმოში ქონების დაყადაღების შესახებ შეტყობინების გაგზავნაა და ამ შეტყობინებიდან 30 დღის გავლის შემდეგ უნდა მოხდეს ქონების დაყადაღება. ბოლო ეტაპი სასამართლოა და, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საწარმოს ქონების რეალიზაციის თაობაზე, გამოქვეყნდება ცნობა აუქციონის დანიშვნის შესახებ. აუქციონი ცნობის გამოქვეყნებიდან 30 დღეში უნდა ჩატარდეს. საქმის მსვლელობისას 30 დღიანი შუალედები გათვლილია იმაზე, რომ ამა თუ იმ საწარმოს დირექტორმა მოახერხოს ინვესტორის მოძებნა ანდა სესხის აღება. თუმცა საქმე, ძირითადად, გაჩერებულ საწარმოებს ეხება, საწარმოებს, რომლებსაც ბოლო 10 წლის მანძილზე სახელმწიფოს მიმართ სერიოზული ვალი დაუგროვდათ. ასეთი საწარმოსთვის ინვესტორის მოძებნა, თუნდაც 100 დღეში, ურთულესი საქმეა.

გირავნობის რეჟიმში ამჯერად 1200-მდე საწარმო იმყოფება. მათ მფლობელებს, მთელი ქონების თუ არა, ქონების ნაწილის აუქციონზე გაყიდვა ემუქრებათ. მარტო 8 სუბიექტიდან საგადასახადო დეპარტამენტი მილიონ 274 ათასი ლარის ამოღებას გეგმავს.
ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ანალიზისა და იძულებით გადახდევინების მეთოდების სამმართველოს უფროსი ამირან თავართქილაძე არ ფიქრობს, რომ ეს პროცესი ბიზნესს დაარტყამს და აი, რატომ:

[ამირან თავართქილაძის ხმა] “ეს ეხება ისეთ საწარმოებს, რომლებიც უმოქმედოები არიან. იქ, ძველი საბჭოური მენტალიტეტით, დირექტორი კაბინეტიდან არ გამოდის, იმიტომ რომ ქონების 53 პროცენტის მფლობელია. როდემდე უნდა გაუძლოს სახელმწიფომ ამას?”

შეკითხვა უადგილო ნამდვილად არ არის, თუმცა როგორც “გადამხედლთა კავშირის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე აღნიშნავს, არც სახელმწიფოს მმართველებს უნდა ავიწყდებოდეთ ბიზნესმენებისთვის ამ რამდენიმე თვის წინ მიცემული დაპირება, დაპირება მათი დავალიანების 15 წლით რესტრუქტურიზაციის შესახებ. ბიზნესი მიენდო ამ დაპირებას, ბიზნესმენთა ნაწილმა მოახდინა დავალიანების აღიარება და კანონის ამოქმედებას დაელოდა. კანონი ამნისტიის შესახებ გვიანდება, მას ახალ საგადასახადო კოდექსთან ერთად მიიღებენ, ეს კი წელს არ მოხდება. წელს დავალიანების ერთბაშად, იძულებით ამოღების მექანიზმი იმუშავებს.

[გიორგი ისაკაძის ხმა] “დროა მთავრობამ თქვას, როდის და რა ვადებში აწესებს თამაშის წესებს ბიზნესთან, რათა ბიზნესი არ იყოს დაბნეული და, ხშირ შემთხვევაში, დაშინებული. “

ამბობს გიორგი ისაკაძე. ივნისში აუქციონზე 8 საწარმოს ქონების ნაწილი უნდა გაიყიდოს.
XS
SM
MD
LG