Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის შესახებ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში ისევ და ისევ რუსეთის მასმედიის ყურადღების ცენტრშია. საინტერესოა, რომ

რუსეთის ექსპერტებს განსხვავებულად ესახებათ მოვლენების შემდგომი განვითარება კონფლიქტის ზონაში.
წმინდა იმპერიული თვალსაწიერიდან აფასებს ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას გადამდგარი გენერალ-პოლკოვნიკი, პოლიტოლოგი ლეონიდ ივაშოვი 15 ივლისის გაზეთ “როსიაში”. მისი აზრით, რუსეთმა გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს და აქტიურად იმოქმედოს. ეს ზომებია:

“რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებაში საკითხის განხილვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში მიღების შესახებ, აფხაზეთსა და კრასნოდარის მხარეს შორის სასაზღვრო რეჟიმის გამარტივება (კონტროლის გაძლიერების პირობით) და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება, საკითხის დასმა საქართველოს მიერ რუსეთის ვალების დაფარვის შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში კი -სანქციების მიღება, ენერგორესურსების მიწოდების შეჩერების ჩათვლით, თბილისსა და მოსკოვს შორის სავიზო რეჟიმის გამკაცრება, ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო დაჯგუფებისა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობოების გაძლიერება, რუსეთის მიერ უარის თქმა საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხის განხილვაზე რეგიონში მდგომარეობის დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით.”

16 ივლისის სააგენტო “როსბალტი” აქვეყნებს ინტერვიუს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯომარე მიხაილ მარგელოვთან. იგი ამბობს: “სამხედრო მოქმედებები არც თბილისისთვისაა ხელსაყრელი და არც მოსკოვისთვის: მოსკოვი მიიღებს ახალ ცხელ წერტილს კავკასიაში, თბილისი კი - საერთაშორისო იმიჯის დაცემასა და ომს, რომლის შედეგი ცალსახა არ არის, მასშტაბები და ხანგრძლივობა კი გაურკვეველია. ჯერჯერობით იკვეთება ვარიანტი, რომლის მიხედვით ედუარდ კოკოითი შეინარჩუნებს თავის პოსტს, უარს იტყვის ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებაზე, მაგრამ მიიღებს ავტონომიას საქართველოს ფარგლებში იმ მოცულობით, რის “გადახარშვის” უნარიც ექნება.”

რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც “ფაგოტის” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით დატვირთული მანქანის დაპატიმრებას დაუკავშირდა: 20 ივლისის გაზეთ “ნოვიე იზვესტიას” თქმით, “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ რაკეტები ოსების შეიარაღებულ ფორმირებებს ეკუთვნოდა.”

გაზეთი წერს: “ვარაუდობენ, რომ ოსები მონიტორინგის სამმხრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან ამ რაკეტების გადამალვას ცდილობდნენ ჯავის რაიონში. მაგრამ ეუთოს დამკვირვებლებმა ოფიციალურად დააფიქსირეს როგორც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების დაპატიმრების ფაქტი, ასევე ის, რომ რუსეთის მშვიდობისმყოფელები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ მათ დაპატიმრებას.”

20 ივლისის გაზეთი “ვრემია ნოვოსტეი” ბეჭდავს ინტერვიუს საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავასთან. მისი თქმით, “ფაგოტის” ტიპის მძლავრი და სერიოზული იარაღის კონფლიქტის ზონაში დაკავება ისევ და ისევ მოწმობს იმას, რომ ამ ზონაში არ არსებობს ჯეროვანი კონტროლი. ამასთან, გიორგი ხაინდრავამ გაზეთს განუცხადა: “რუსეთის მშვიდობისმყოფელებს მომხდართან რაღაც შეხება აქვთ. ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს. მით უფრო, რომ ეს ხდება მოლაპარაკებების პროცესის ფონზე. ამიტომ საჭიროა აუცილებელი კონტროლი სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიასა და როკის გვირაბზე.”


XS
SM
MD
LG