Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი აშშ-ში თვითმფრინავის ჩვეულებრივი რეისით მიემგზავრება


როგორც ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტი ოკეანის გაღმა ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიწვევით მიემგზავრება. ამის შესახებ ჩემთან საუბარში ასოციაციის საქართველოს

წარმომადგენლობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მაია ჩოჩუამ განაცხადა. მისი თქმით, ასოციაცია, რომელიც 400 ათასამდე ამერიკელ იურისტს აერთიანებს, წელიწადში ერთხელ იკრიბება და განსაკუთრებული რეფორმატორული ღვაწლისათვის ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერს ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო ჯილდოს გადასცემს:

[მაია ჩოჩუას ხმა] “წელს აარჩიეს საქართველოს პრეზიდენტი და გადასცემენ, აი, ამ ჯილდოს, სადაც იქნებიან ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, კონგრესმენები… და იქ მოხდება ამ ჯილდოს გადაცემა.”(სტილი დაცულია)

ჯილდოს გადაცემის ცერემონია, რაზეც მაია ჩოჩუა საუბრობს, 7 აგვისტოსათვის არის დაგეგმილი, საქართველოს პრეზიდენტი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 აგვისტოს, გამთენიისას, გაემგზავრება. მე პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამის სხვა დეტალების დაზუსტება სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურში ვცადე, თუმცა, როგორც გაირკვა, ასეთი პროგრამა ბუნებაში არ არსებობს:

[ქალბატონის ხმა] “არ არის ჯერ მზად, არა… არ არსებობს, კი, მაგრამ არ არსებობს!”

პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, დღემდე ვაკანტურია პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა, რაც სახელმწიფო კანცელარიაში ოფიციალური ინფორმაციის გაცემის ისედაც მოუქნელ მექანიზმს კიდევ უფრო ართულებს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთული ვიზიტების ეფექტურობასთან დაკავშირებით რიგითი მოქალაქეები შემდეგ მოსაზრებებს გამოთქვამენ:

[მამაკაცის ხმა] “მე, მაგალითად, ვერაფერს ვერ ვხედავ სახეიროს, მაგრამ შეიძლება უცბად არ კეთდება ყველაფერი, შეიძლება მომავალში წაადგეს ეს საქმეს, ვნახოთ.”

[ქალბატონის ხმა] “რასაკვირველია, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ, ალბათ, არის ამის თანხები, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი ჩვენი კორუმპირებული ჩინოვნიკების დაბრუნებული ფულით რაღაცა ხერხდება.”(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] “მე რა ვიცი, მფრინავი მიშა დაარქვეს და რა გითხრათ…”

პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამის მსგავსად, ასევე ვერ მოხერხდა იმ თანხის ოდენობის დაზუსტება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა საღზღვარგარეთულ ვიზიტებზე იხარჯება. მით უმეტეს ვერ მოხერხდა შედარებითი ანალიზის გაკეთება. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოადგილემ ოთარ კანდელაკმა ფინანსთა სამინისტროზე მიმითითა:

[ოთარ კანდელაკის ხმა] “რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ხარჯების ნაწილი ჩვენ გვაქვს, მაგრამ ეს არის მაინც ხარჯების ჯგუფები. მაგრამ ასე დეტალურად, ჩაწვდომით, მაგალითად, რამდენი დაიხარჯა შარშან ან მიმდინარე წელიწადს საზღვარგარეთ მივლინებაზე, მე ვერ გეტყვით. რომ ვიშოვო ეს მასალა, ფინანსთა სამინისტროს უნდა მივმართო.”

ჩემი დაკვალიანება ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განყოფილებაშიც არ დაზარებიათ:

[ქალბატონის ხმა] “პრესცენტრის საშუალებით უნდა მიიღოთ ინფორმაცია, ყველანაირი, ფინანსთა სამინისტროს შესახებ…”

პრესცენტრის თანამშრომლებმა შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტის დათვალიერება შემოგვთავაზეს…

ერთი სიტყვით, იმის გარკვევა, თუ რამდენს და რაში ხარჯავს ხელისუფლება საზღვარგარეთული ვიზიტების დროს, ერთობ ძნელი აღმოჩნდა. თავი კი იმით შეგვიძლია ვინუგეშოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხანდახან ჩვეულებრივი რეისითაც მგზავრობს ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, გავრცელებული ინფორმაციით, 4 აგვისტოს მის განკარგულებაში პრეზიდენტის თვითმფრინავი ნამდვილად არ იქნება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG