Accessibility links

logo-print

რუსეთი, როგორც კონფლიქტების გამჩაღებელი მესამე ძალა საქართველოში


მითი საქართველოში ორი რუსეთის - კეთილისა და ბოროტის - არსებობის შესახებ მოკვდა. ამ ქვეყანაში, როგორც იქნა, ოფიციალურ დონეზე ითქვა იმის შესახებ,

რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ რუსეთის წყალობით დაირღვა, რომ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებში მესამე მხარე რუსეთია და არ შეიძლება ის კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო მისიას ასრულებდეს.

საქართველოში არსებულ კონფლიქტებში მხარედ რუსეთი საქართველოს პარლამენტმა აღიარა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, საქართველო აფხაზებთან და ოსებთან მთავარი შუამავლის როლს ჩამოართმევს. რუსეთი უწინდებურად გამოთქვამს მზადყოფნას, იკისროს საქართველოში სტაბილურობის გარანტის როლი, თუმცა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ქართველების წინააღმდეგ რუსეთის მოქალაქეები იბრძვიან.

ცხინვალის რეგიონში ქართულ სოფლებს ცეცხლს რომ ოსებთან ერთად რუსეთის მოქალაქეები უხსნიან, ამაზე ფაქტები მეტყველებს. კონფლიქტის ზონაში ბოლო სერიოზულ დაპირისპირებას სწორედ ისინი შეეწირნენ:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] "წუხელ საკუთარი თვალით გვინდოდა გვენახა, ვინ იყო ეს ხალხი. ბრძოლები მიდიოდა 3 საათის განმავლობაში. იყვნენ რუსები და სხვა არავინ. გვამებს გადმოიყვანენ და თქვენი თვალით დარწმუნდებით. საკმაო შეიარაღება წამოვიღეთ იქიდან."

ოსთა მხარე კონფლიქტის ზონაში მოქმედ უკონტროლო "მესამე ძალად" სწორედ მას მოიხსენიებს და, ამავდროულად, სხვა მესამე ძალასაც ახსენებს - დაქირავებულ ბოევიკებს, რომლებსაც კოკოითი ვერ აკონტროლებს. საქართველოს ხელისუფლებაში კონფლიქტის ზონაში გაურკვეველი მესამე ძალის მოქმედებაზე ასეთი წარმოდგენა აქვთ:

[გივი თარგამაძის ხმა] “მესამე ძალა - ეს არის რუსეთი. ეს პარლამენტის დადგენილებაშიც იყო დაფიქსირებული. შეიძლება იმის მითითება, რომ ეს სროლები ხორციელდება ოსური მხარის მიერ, რუსული მხარის სერიოზული დახმარებით."

გაურკვეველი მესამე ძალა არ არსებობს, ცხინვალის რეგიონში საქართველოს ოსი სეპარატისტები რუსეთის აქტიური დახმარებით უპირისპირდებიან. ამის შესახებ პარლამენტის დადგენილებაშიც არის ნათქვამი. რისთვის იქნა მიღებული ის და რისი შეცვლა შეუძლია მასში ჩადებულ ერთ კონკრეტულ მოთხოვნას - კონფლიქტის ზონაში მოხდეს რუსეთის სამშვიდობო ძალების საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლება? პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის თქმით, პარლამენტის დადგენილება აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ისე, როგორც დასჭირდება.

[კოტე გაბაშვილის ხმა] "ეს გაკეთდა პოლიტიკური ასპარეზისთვის, რათა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გამოიყენოს ისე, როგორდ დასჭირდება. ეს დადგენილება ეხმიანება რუსეთის თავდაცვის მინისტრის ნათქვამს. მან თქვა: ”არ დაგავიწყდეთ, რომ სამხრეთ ოსეთში უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენო”. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არიან იქ რუსები ან მშვიდობისმყოფელები, ან მომრიგებლები? რუსმა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ნათქვამი სწორი ყოფილა."

და მაინც, რუსეთი გამოთქვამს მზადყოფნას, გახდეს საქართველოში არსებული ვითარების სტაბილიზაციისთვის მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების გარანტი - ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააკეთა. მისი სიტყვებით, "რუსეთი მზად არის, წვლილი შეიტანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაგრამ რუსეთი არ აპირებს, იტვირთოს მისთვის არადამახასიათებელი ფუნქციების შესრულება და გმოვიდეს ცალ მხარეს." აღნიშნულს რუსეთის პრეზიდენტი დასძენს: "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების გაჩაღება 90-იან წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულმა სულელურმა გადაწყვეტილებებმა - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებამ განაპირობაო". პუტინის უხეშ შეცდომას საქართველოს ხელისუფლებიდან უკვე გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთის პრეზიდენტს ურჩია, სულელური გადაწყვეტილებები რუსეთის სახელმწიფო დუმაში მოიკითხოს. სამაგიეროდ, რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი უმალ აიტაცეს ცხინვალში, იქ ქართულ-ოსური კონფლქიტის მიზეზებზე დაიწყეს საუბარი და მიზეზად ავტონომიური ოლქის გაუქმება დაასახელეს. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა დღევანდელ ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, გადაწყვეტილებებს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იღებდა. აკაკი ასათიანი მაშინ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო.

[აკაკი ასათიანის ხმა] "ოლქი გააუქმეს თვითონ და გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ჩვენ ეს დავადასტურეთ - უბრალოდ, არ ვცანით მათი დამოუკიდებლობა."

მით უმეტეს, გაუგებარია პუტინის ნათქვამი აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებით. რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცუდად ერკვევა იმ კონფლიქტებში, რომლებთან დაკავშირებითაც მხარეებს შორს დიდი შუამავლის როლს თამაშობს. მან შემოდგომით თბილისში ჩამოსვლა გადაიფიქრა. კოტე გაბაშვილის თქმით, ან, მართლაც, იმიტომ რომ ამ პერიოდისთვის საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტისთვის მომგებიანი ფონი არ იქნება, ან - კოტე გაბაშვილისავე თქმით - შესაძლოა, მას ასე ურჩიეს ძალებმა, რომელთაც სურთ საქართველოში კონფლიქტის ესკალაცია.
XS
SM
MD
LG