Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა ცხინვალის რეგიონში და რისთვის გაიღო იქ საქართველომ ახალი მსხვერპლი


საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში პოზიციური ბრძოლები დაასრულეს. 19 აგვისტოს აღებული სიმაღლეები სამშვიდობოებს გადასცეს

და გამუდმებულ დაბომბვებს შეჩვეული ადგილობრივი მოსახლეობა ქართული სამშვიდობო ბატალიონის 500 კაციანი შემადგენლობის იმედად დატოვეს. ამის შემდეგ ცხინვალის რეგიონში ისეთი მშვიდობაა, რომლის პირობებშიც ომს ყოველ წუთს მოელიან. საქართველოს ამ ამბოხებულ რეგიონში ქვეყნის ხელისუფლების ბოლოდროინდელი აქტივობის ერთადერთი შედეგი ესაა. რა მოხდა ცხინვალის რეგიონში და რეალურად რა მოიტანა იქ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელმა აქტივობამ?

გამოუცხადებელი ომის შეწყვეტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონის ქართულ და ოსურ სოფლებში დანგრეული სახლების აღდგენაზე იწყებს ზრუნვას და ფიქრს. ამით მას სურს აჩვენოს, რომ ცხინვალის რეგიონის ოსურ მოსახლეობაზე ზუსტად ისევე ზრუნავს, როგორც ქართულ მოსახლეობაზე. ამას გარდა, საქართველოს პარლამენტის წევრები კონფლიქტის ზონაში დეპუტატთა 4 კაციანი ჯგუფის მორიგეობის დაწესებაზე თანხმდებიან. ამითაც ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებას, პირვე რიგში კი, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას დაანახვოს, რომ ის ხალხის პრობლემებით ცხოვრობს, ხალხზე ზრუნავს.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “გაკეთდება ჯგუფები, რომლებიც იმორიგევებენ კონფლიქტის ზონაში, შეხვდებიან იქაურებს, გაიგებენ რა პრობლემები აქვთ იქ მათ. “

კონფლიქტის ზონიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოყვანის შემდეგ პარლამენტში ასეთ საკითხებზე შედგა მსჯელობა. პარლამენტის წევრებს სათანადოდ არ გაუანალიზებიათ ის, რაც ცხინვალის რეგიონში მოხდა.

საქართველოს ხელისუფლების ჰუმანიტარულ აქტიურობას იქ რატომ მოჰყვა შეიარაღებული დაპირისპირება , მსხვერპლი, ბოლოს კი - უკანდახევა ? ადამიანები დღეს ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ პოულობენ. ამ შეკითხვის ირგვლივ ყველასთვის საინტერესო ღია პოლემიკა არ მიდის, არადა, სათქმელი ბევრს აქვს.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] “თუკი ჩვენ ვერიდებოდით სიტუაციის გამწვავებას და თუკი არ გვინდოდა სისხლი დაღვრილიყო , თუკი ასეთი მშვიდობა იყო ჩვენთვის მთავარი, მაშინ არ იყო საჭირო ეს ყველაფერი.“

ეს იყო დეპუტატი ზვიად ძიძიგური. მისთვის ბოლომდე გაუგებარია ის, თუ რა მანევრები ჩაატარა საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში, რისთვის შეიყვანა იქ დამატებითი შეიარაღებული ძალები და, მით უმეტეს, რატომ გამოიყვანა ეს ძალები უკან.

საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი მანევრები კიდევ უფრო გაუგებარი რჩება პაატა ზაქარეიშვილისთვის. მან, როგორც ექსპერტმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, იცის, რომ ომით დანგრეულ ურთიერთობებს ომი ვერ აღადგენს:

{პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “ საქართველოს უნდოდა ცხინვალის პრობლემის მოგვარება, მაგრამ, როგორც ჩანს, არავითარი სტრატეგია არ ჰქონდა. შედეგად მივიღეთ დამწვარი სახლები, 26 დაღუპული, შეურაცხყოფილი ხალხი, რუსეთის განმტკიცებული პოზიციები იქ და, რაც მთავარია, გაამაყებული ოსები. ამ დროს გმირები არიან ის ხალხი, ვინც ეს ყველაფერი წამოიწყო. “ (სტილი დაცულია)

მომხდარის შემდეგ კონფლიქტის ზონაში სტატუს-კვო უცვლელია, რუსეთის პოზიციები - გაძლიერებული. ეს არის ფაქტი. შეცდომებზე საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის პრეზიდენტიც მიუთითებს. ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ის სოჭიდან გამოეხმაურა. ქართულ-ოსური კონფლიქტის მიზეზად კიდევ ერთხელ დაასახელა გამსახურდიას ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება, რაც არ ყოფილა, და ნათქვამს დასძინა, რომ ომი და მსხვერპლი ყოველთვის შეცდომებზე მეტყველებს.
XS
SM
MD
LG