Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლდა მილოშევიჩის სასამართლო


სამშაბათს ჰააგაში, საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალში, განახლდა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი.

ბრალდებულმა, რომელიც თვითონ იცავს თავს, "უსინდისო ტყუილები" უწოდა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს. მას 90-იან წლებში ხორვატიის, ბოსნიისა და კოსოვოს კონფლიქტების დროს ჩადენილ დანაშაულებებში ედება ბრალი.

63 წლის სლობოდან მილოშევიჩმა, პირველმა სახელმწიფოს მეთაურმა, რომელიც ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარდგა, სამშაბათის სხდომაზე "ისტორიის დამახინჯებად" შეაფასა მისთვის წაყენებული ბრალდებები.

[მილოშევიჩის ხმა] "ჩემთვის წაყენებული ბრალდებები არის უსინდისო, მანიპულირებული ტყუილები, კანონის ხელყოფა, მორალის მარცხი და ისტორიის სრულიად უპასუხისმგებლო დამახინჯება. ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული, რათა პასუხისმგებლობისგან დაიცვან ისინი, ვინც არის სინამდვილეში ტრაგიკული მოვლენებისთვის პასუხისმგებელი."

მილოშევიჩს საერთო ჯამში 66 შემთხვევაში ედება ბრალი ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულში 1991-95 წლებში ხორვატიის ომში, 1992-95 წლებში ბოსნიის სამოქალაქო ომში და 1998-99 წლებში კოსოვოს კონფლიქტში.

მას ბრალი ედება აგრეთვე გენოციდში და გენოციდის თანამონაწილეობაში ბოსნიის ომში, რომელშიც 200 ათასი ადამიანი დაიღუპა.

თავად მილოშევიჩის თქმით, იუგოსლავიის დაშლის მთავარი მიზეზი საერთაშორისო თანამეგობრობაა. ამავე დროს იგი ნატოს სდებს ბრალს კოსოვოს კონფლიქტისთვის, რომელშიც 10 ათასი ადამიანი დაიღუპა და 800 ათასი ეთნიკური ალბანელი იქნა გაძევებული 1998-99 წლებში.

მილოშევიჩმა სამშაბათს ტრიბუნალისგან მოითხოვა, რომ უფრო მეტი დრო სჭირდება ათასამდე მოწმის დასაკითხად ნაცვლად მისთვის მიცემული 150 დღისა.

გარდა ამისა მან თავისი დასკვნის წარმოსადგენად ორი დღე ითხოვა ნაცვლად დადგენილი ოთხი საათისა. მაგრამ მოსამართლე პატრიკ რობინსონმა მიუთითა მილოშევიჩს, რომ პროცესი არაერთხელ გადაიდო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

პროცესი 2002 წლის თებერვალში დაიწყო და მას მერე საერთო ჯამში 14-ჯერ გადაიდო, მათ შორის, 5-ჯერ მარტო მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ, როცა ექიმებმა დაადგინეს, რომ მილოშევიჩს მაღალი წნევა აწუხებს.

ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, პროცესის გადადება საფრთხეს უქმნის ბალკანეთის ომებთან დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენას. სხვების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი რთულია და დაბრკოლებებით არის აღსავსე, იგი მაინც მიდის წინ.

როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, "ჰიუმენ რაიტს უოჩის" მკვლევარმა ბოგდან ივანესოვიჩმა უთხრა ჩვენს რადიოს, მთავარ ამოცანას - ყოფილ იუგოსლავიაში მსხვერპლთა და მათი ოჯახებისთვის სამართლიანობის აღდგენას - ტრიბუნალი თავს ართმევს, "ნელა, მაგრამ განუხრელად".
XS
SM
MD
LG