Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მთავრობა 100 წელს გადაცილებულ თბილისელებს ეხმარება


ქალაქ თბილისის მერიის მონაცემებით, დედაქალაქში 100 წელს გადაცილებული 50-მდე მოქალაქეა. მათი უმრავლესობა სოციალურად გაჭირვებული ფენის

წარმომადგენელია და ჩვეულებრივი პენსიონერის ცხოვრებით ცხოვრობს. საუკუნოვანი თბილისელები ყველანი ქალბატონები არიან, რომელთა დუხჭირ ყოფას ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქებს ის დახმარება, რომელიც თბილისის ბიუჯეტმა დააფინანსა. 2 სექტემბერს 100 წელს გადაცილებულ თბილისელებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ზაზა გოროზიამ 300-300 ლარის ერთჯერადი დახმარება დაურიგა.

100 წელს გადაცილებულ თბილისელთა დახმარების პროგრამა უკვე მეორე წელია თბილისის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი მოცულობა 168 ლარს შეადგენს. წელს თბილისის მთავრობამ დახმარების გაზრდა მოახერხა და საუკუნეს გადაცილებული თბილისელები 300-300 ლარით დაასაჩუქრა.

[100 წელს გადაცილებული მოქალაქის სიმღერა]

აი, ასეთი სიმღერით შეხვდა 104 წლის ელენე ლილაშვილი თბილისის მერიის 300 ლარიან დახმარებას.

[ელენე ლილაშვილის ხმა] ”მე დამიფასდა, ვარ ძველი პედაგოგი, სკოლის დირექტორი. ჩემს ცხოვრებაში მე ასეთი დაფასება არ....”

დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენელმა ზაზა გოროზიამ 300 ლარიანი დახმარება 2 სექტემბერს კიდევ 2 ქალბატონს გადასცა. ერთ-ერთი მათგანი, მარიამ სვანიძე, 300 ლარით მომვლელის დაქირავებას აპირებს.

[მარიამ სვანიძის ხმა] ” 300 ლარს რაში დახარჯავთ? - რაში და, მე მომვლელი მყავდა, შვილებო, და ფული რომ აღარ მქონდა, წევიდა. 2 მანეთს ვიხდიდი დღეში...”

ამ ქალბატონის მსგავსად, სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად ანალოგიური თანხა ესაჭიროებათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც ჯერ 100 წელი არ შესრულებიათ და თვიდან თვემდე თავის შენახვა 21 ლარიანი პენსიით უწევთ.

მათზე ზრუნვა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთო ეროვნული სისტემის საქმეა და არა მხოლოდ თბილისის მთავრობისა. მიუხედავად ამისა, საინტერესოა იმის გაგება, თუ რატომ მაინცდამაინც 100 წელს გადაცილებული თბილისელების დახმარება გადაწყვიტა დედაქალაქის მთავრობამ და არა, ვთქვათ, 90 წლის მოქალაქეებისა. ამ კითხვით ზაზა გოროზიას მივმართე.

[ზაზა გოროზიას ხმა] ”მასე შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ 90 წლის რომ გახდება, რატომ არ აძლევთ 88 წლისას, რომ გახდება 80 წლის, რატომ 79 წლისას არ აძლევთ. ეგ არის უხუცესი ადამიანები საქართველოსი, 100 წელს გადაცილებულთა პროგრამა, რომლებსაც ჩვენ, რომ არ ეკუთვნის ფული, ისეთ ფულს ვაძლევთ. მოვიფიქრეთ ეს 100 წლიანების პროგრამა. იმის გამო, რომ მათ 1 საუკუნეზე მეტი იცხოვრეს, ფულადი სახით ვაძლევთ 300 ლარს.” (სტილი დაცულია)

გოროზია ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი ფენებისთვის თბილისის მერიას უამრავი სხვა სოციალური პროგრამა აქვს წამოწყებული. მათ შორის კი უმთავრესია პენსიონერთა დახმარების პროგრამა, რომლის წყალობითაც დედაქალაქში მცხოვრებთა პენსია, 18 ლარის ნაცვლად, 21 ლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG