Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტა თბილისელებს შორის, ჩემ გარდა, თუ მოიძებნება ერთი კაცი მაინც


ნეტა თბილისელებს შორის, ჩემ გარდა, თუ მოიძებნება ერთი კაცი მაინც,

ვინც გასული კვირის ორივე მთავარ კულტურულ ღონისძიებას დაესწრო – ქართველი ოლიმპიელების გამარჯვების აღსანიშნავ კონცერტს თავისუფლების მოედანზე და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალს, სახელწოდებით “სამშაბათი გასულია”, რომელიც ოთხშაბათს, 1 სექტემბერს, გაიხსნა ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე პატარა კაფეში?

ამ აქციებს “მთავარი” არსებითად პირობით ვუწოდე. დედაქალაქის კულტურული სეზონი ჯერ არ გახსნილა, ამიტომ “მთავარი” ისაა, რასაც გვთავაზობენ. ჩვენ კი, ხელოვნების მოყვარულებმა, ის უნდა ვიკმაროთ, რასაც გვთავაზობენ... სპორტი შეიძლება არ გვიყვარდეს, მაგრამ მადლიერნი უნდა ვიყოთ ქართველი ოლიმპიელებისა თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათი გამარჯვება ერთი უფასო კონცერტით აღნიშნა. აბა, სხვაგვარად როგორ და კიდევ როდის იხილავდა უბრალო მოკვდავი “ცოცხლად” და “მუქთად” არა მარტო ქართველ ოლიმპიელებს, საქართველოს პრეზიდენტს და ბადრი პატარკაციშვილს, არამედ ქართული ესტრადის - ძირითადად კი, “არტ-იმედის” - ვარსკვლავებს, რომელთა მოსასმენად 30 აგვისტოს “თავისუფლების მოედანზე” უამრავი ხალხი მოვიდა. პრეზიდენტი რომ უნდა მოსულიყო, ამას ყველა მიხვდა – დაცვა გაძლიერებული იყო. თუმცა პრეზიდენტს, რომელსაც, ტრადიციულად, მერიის აივნიდან მოუხდა გამოსვლა, ისეთი ოვაციები არ გაუმართეს, როგორც ამავე ადგილას ნოემბრის დღეებში. მაყურებელმა უფრო მეტად “უცნობისა” და “ნიკოლ შოუს” ახალ სიმღერაზე იხალისა.

[მუსიკა “უცნობი” ] “ერთდება ევროპა და აზია.”

“ნახე, როგორ ერთდება, ნახე, რა ლამაზია ერთიან საქართველოში ევროპა და აზია”... ეს საქართველოს ხელისუფლების ახალი კულტურული პოლიტიკაა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ახალი ჰიტის ტექსტში გამოიხატება. კულტურული ღონისძიებების სტილისტიკა კი შევარდნაძის ეპოქის შემდეგ არ შეცვლილა... ისევ “გაუმარჯოს პრეზიდენტს”, ისევ ფოლკლორისა და პოპ-მუსიკის ნაზავი, ისევ ფონოგრამა, ისევ ფორმისა და შინაარსის ერთიანობის “კანონის” სწორხაზოვანი გაგება – კოსტიუმები: ქალი – ანტიკური სამოსით და ვაჟი – ძიუდოს ფორმაში... და, რა თქმა უნდა, ტექნიკური ლაფსუსები, რომლის გარეშეც ჩვენს მასკულტურას, უბრალოდ, არსებობა არ შეუძლია.

[ხმა. კონცერტის წამყვანი] “საქართველოს ოლიმპიელებს გაუმარჯოს!.. საქართველოს პრეზიდენტსაც გაუმარჯოს!.. ახლა კი აჭარლებს გაუმარჯოთ!... არა, “მრავალჟამიერს” მღერიან, არც ესაა ცუდი, მაშ ასე - “მრავალჟამიერი”.

თუმცა ოლიმპიელების გამარჯვების აღსანიშნავი კონცერტი ერთი სიახლით მაინც გამოირჩეოდა: ღონისძიებას ახალი გმირი შეემატა – ფული... ჯერჯერობით კონვერტში ჩადებული, მაგრამ მაინც ნაღდი ფული. ჩვენმა მეცენატებმაც გაიაზრეს ეტყობა, რომ ევროპა და აზია ერთიანდება – ახლა არა მარტო მათმა მარცხენა ხელმა იცის, რას აკეთებს მარჯვენა, ეს იცის ხალხმაც... უფრო მეტიც, ხალხი ხედავს ამას... მეცენატობა რიტუალად, სპექტაკლად იქცევა:

[ხმა] “საბერძნეთში ოქროს მედლისთვის გამოყოფილი იყო 270 ათასი დოლარი, აქედან სპორტსმენი იღებდა 121 ათასს, ჩინეთში 80 ათასი იყო და იღებდა 11 ათასს, ჩვენთან 400 000 იყო და 400000-ს მიიღებენ ჩვენი მედალოსნები... გადავცეთ სიტყვა ბადრი პატარკაციშვილს, რომლის გარეშეც ეს ყველაფერი არ გვექნებოდა.”

ბადრი პატარკაციშვილმა ოლიმპიელებს ფულით სავსე კონვერტები გადასცა და მოკლე, მაგრამ “მრავალმიშვნელოვან-მრავლისმეტყველი” სიტყვა თქვა:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] “თურმე რა ცოტა გვინდა!”

სიხარულისთვის, მართლაც, ცოტა გვინდა, გამარჯვებისთვის - ბევრი, 400 000... მაგრამ ბევრი ყველას არა აქვს, ამიტომ იძულებულია მოიგონოს რაღაცები. აი, მაგალითად, ხელოვნების ინტერდისციპლინარული ცენტრის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანი ქართველ და შვეიცარიელ მხატვრებთან ერთად, როგორც თავად გვითხრა, 4 წელი გეგმავდა თურმე ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალს, რომელიც მხოლოდ 2004 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა თბილისში... ბერნის ხელოვნების მუზეუმის კურატორი, ჟურნალ “არტპრესის” კრიტიკოსი დანიელ ბურმანი თბილისს ექსპერიმენტული ფილმების უმდიდრესი კოლექციით ესტუმრა.

[ნანა ყიფიანის ხმა] “2000 წელს ჩვენ გვინდოდა საერთაშორისო სიმპოზიუმის მოწყობა, 16 მონაწილე უნდა ჩამოგვეყვანა სხვადასხვა ქვეყნებიდან - მუზეუმების დირექტორები, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დირექტორები. მაშინ უკვე ბილეთებიც კი შეკვეთილი იყო. ერთი კვირით ადრე გვითხრეს, რომ ფული აღარ აქვთ... დანიელ ბურმანი მაშინ უნდა ჩამოსულიყო. ამ ორი კვირის განმავლობაში ვფიქრობდით საინტერესო პროექტი გაგვეკეთებინა, მაგრამ უზარმაზარი ნამუშევრების ჩამოტანა ფინანსებთანაა დაკავშირებული. ამიტომ მოვიფიქრეთ ასეთი კონცეფცია, რომ გლობალიზაციასთან დაგვეკავშირებინა – საერთაშორისო ხელოვნება როგორ უკავშირდება ერთმანეთს, ანუ დადგა დრო ადვილად ტრანსპორტირებადი ხელოვნების, როდესაც ჩემოდანში ჩადებ რამდენიმე ნამუშევარს და მიგაქვს სხვა ქვეყანაში.”

გააჩნია ისე, რომელ ქვეყანაში და გააჩნია, რა მიგაქვს. ჩემოდანში ჩადებული ფირებით თბილისში არაერთხელ მოუწყვიათ კინოკვირეულები, მაგრამ ასეთი ორიგინალური პროგრამა ფესტივალების ორგანიზატორებს არასდროს შეუდგენიათ. ოთხი დღის განმავლობაში თბილისელებს საშუალება ჰქონდათ ენახათ იოკო ონოს, რონ რაისის, ბობ დილანის ექსპერიმენტული ფილმები, სპეციალური პროგრამა 70-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების როკენროლზე, მათ შორის, დასავლეთში ახლახან აღმოჩენილი რეჟისორ რობერტ ფრენკის “ქოქსაკერ ბლიუზი”, ანსამბლ “როლინგ სტოუნზის” კინოპორტრეტი. ჩვენებისთვის შესაბამისი, “ალტერნატიული დარბაზიც” შეირჩა - მხატვრების კაფე ზანდუკელის ქუჩაზე. როგორც ჩანს, იმ მოტივით, რომ ექსპერიმენტული კინოს სანახავად, თანაც სექტემბრის დასაწყისში, როცა ახალგაზრდობას სწავლა-განათლება ჯერ არ დაუწყია, მაყურებელი ვერ შეგროვდებოდა. მაგრამ სახელდახელოდ მომზადებულ დარბაზში ტევა არ იყო – კინემატოგრაფისტები, როგორც ყოველთვის, არ ჩანდნენ, უფრო მხატვრები აქტიურობდნენ.

[ნანა ყიფიანის ხმა] “მე ყოველთვის ვღელავ, როცა რამეს ვაკეთებ, რომ ხალხი არ მოვა, მართლა გამიკვირდა, რომ ბევრი ხალხი მოვიდა.”

სეანსი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ზანდუკელის ქუჩაზე შუქი ჩაქრა. ალტერნატიული კულტურის მოყვარულები ქუჩაში გამოვიდნენ და ფესტივალის ორგანიზატორს დანიელ ბურმანს ქართული ყოფის ნიუანსებზე დაუწყეს საუბარი. თუმცა, როგორც ნანა ყიფიანმა გვითხრა, შვეიცარიელ სტუმარს არაფერი გაჰკვირვებია:

[ნანა ყიფიანის ხმა]“შუქი რომ ჩაქრა, არც არაფერი...ყოველთვის ცდილობს თავისი გრძნობები და განწყობები დამალოს. დღეს, მაგალითად, ქალაქში რომ გაიარა, არაფერი უთქვამს. მე დავუწყე ლაპარაკი და მითხრა, ძალიან გაკვირვებული ვარ ქალაქის ასეთი მდგომარეობით, მაგრამ მომერიდა ამაზე ლაპარაკიო.”

ექსპერიმენტული კულტურის კვირეული კვლავაც გრძელდება. 3 სექტემბერს “ქარვასლაში” გაიხსნა გამოფენა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თერთემტი მხატვარი იღებს მონაწილეობას. ამ ექსპოზიციის შესახებ მოგვიანებით გიამბობთ... მით უმეტეს, რომ დედაქალაქის ცარიელ კულტურულ აფიშაზე ყველა გამოფენა და კონცერტი “მთავარ ღონისძიებად” აღიქმება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG