Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი საბჭოთა პასპორტების გაუქმებამ პენსიონერებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საბჭოთა კავშირის დროინდელი პასპორტები. მთავრობისვე გადაწყვეტილებით,

ამ პერიოდს დაემთხვა პენსიონერთა ხელახალი აღრიცხვაც. ძველი საბჭოთა პასპორტების ჩაბარებისა და მათ სანაცვლოდ ახალი პირადობის მოწმობების მიღების, ასევე ხელახალი საპენსიო რეგისტრაციის პროცედურებმა საკმაოზე მეტი პრობლემები შეუქმნა პენსიონერების სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველ ფენას. საპასპორტო და საფოსტო განყოფილებების წინ პენსიონერთა გრძელი რიგების შესამცირებლად ხელისუფლება იძულებული გახდა პენსიონერებისთვის საბჭოთა პასპორტების მოქმედების ვადა გაეგრძელებინა.

[ისმის პენსიონერთა ხმა] ”...პატრონი არ გვყავს, პატრონი! პატრონი ვინა გვყავს, ვინა, ნეტა? ...”

ასეთ დიალოგს მოისმენდით საქართველოს თითქმის ყველა რაიონული ცენტრის საპასპორტო განყოფილების წინ. საბჭოთა პასპორტებშემორჩენილ საქართველოს მოქალაქეებში ყველაზე მეტად პენსიონერები ჭარბობენ. მათ ახალი ქართული პირადობის მოწმობა აქამდე არაფერში სჭირდებოდათ, - პენსიის მიღებას ხომ ძველი პასპორტითაც ახერხებდნენ. 1 სექტემბრიდან კი ამას ვეღარ შეძლებდნენ. სწორედ ამიტომ საპასპორტო რეფორმამ ყველაზე მეტად პენსიონერების 800 ათასიანი არმია შეაწუხა. ეს ყველაფერი დაემთხვა პენსიონერთა ხელახალი რეგისტრაციის კამპანიას და ძველი საბჭოთა პასპორტების მფლობელ პენსიონერებს პენსიონერთა სიის გარეთ დარჩენა დაემუქრათ.

[ისმის პენსიონერთა ხმა] ”... აგვისტოს ბოლოს ჩავაბარეთ საბუთები, როდესაც გამოაცხადეს, იმის შემდეგ... ძველი პასპორტით აღარსად არაფერს აძლევენ, ვერც ბანკში შევალ და ვერც ვერაფერს გავაკეთებთ, იძულებულები ვართ...”

სოციალურად დაუცველი, 18 ლარიანი პენსიის მომლოდინე პენსიონერები საპასპორტო რეფორმამ აიძულა დამატებითი ხარჯებიც გაეწიათ - პირადობის მოწმობა ხომ 2 ლარი და 50 თეთრი ღირს. ამას ემატება ფოტოსურათის საფასური, დაახლოებით 2 ლარი.

[ისმის პენსიონერთა ხმა] ”...სამამულო ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი იყო მისი მეუღლე და მის პენსიას ვღებულობ - აგერ, წიგნაკი მაქვს. მითხრეს უფასოდ გეკუთვნისო საბუთების ჩაბარება.”
[ისმის სახელმწიფო მოხელის ხმა] ”მაგრამ სურათის გადაღებაზე და იმაზე მაინც მოგიწევს ფულის გადახდა...”

თუ ამ მოხუცებულ ქალბატონს პირადობის მოწმობის მისაღებად ყველაფერი მზად ჰქონდა, იყვნენ ისეთი პენსიონერებიც, რომლებსაც ფოტოსურათისა და პირადობის მოწმობისათვის საჭირო თანხა არ გააჩნდათ.

პენსიონერთა დიდი არმიის პენსიონერთა სიის გარეთ - შესაბამისად, სასიცოცხლოდ აუცილებელი თანხის გარეშე - დატოვების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] ”შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ვადა ქართული პასპორტების აღებისა პენსიონერებისთვის 2005 წლის პირველ მაისამდე გადასწია.”

ეს იყო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი. მისივე განცხადებით, 2005 წლის პირველ მაისამდე სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება - სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი - მოიძიებს სახსრებს, რათა პენსიონერთათვის პირადობის მოწმობების ასაღებად საჭირო თანხები სახელმწიფომ გაიღოს.

ამ გადაწყვეტილებამ რიგებში მდგომ პენსიონერთა დიდი არმია უკვე დააშოშმინა და პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემიდან უკვე მეორე დღეს პენსიონერებს რიგების გარეშე შეეძლოთ ხელახალი რეგისტრაციის გავლა.

[პენსიონერის ხმა] ”უი, ძალიან მარტივად: მივედი ფოსტაში, საიდანაც ვღებულობ პენსიას, იქ ჩაიწერეს ჩემი მონაცემები და მეტი არაფერი.”

ასევე გამარტივდება თუ არა ბანკებიდან პენსიონერთა თანხების გაცემა, სანამ მათი ძველი საბჭოთა პასპორტები კვლავ ძალაშია, გაურკვეველი რჩება. ბანკებს პენსიონერისა და უბრალო მოქალაქის ერთმანეთისგან განსხვავების პრობლემა დამატებით სირთულეებს შეუქმნის. თუმცა ეს ხანმოკლე და დროებითი სირთულეა, რომელიც პენსიონერთა ხელახალი აღრიცხვისა და მათთვის ელექტრონული ბარათების დარიგების პროექტის დასრულების შემდეგ მოგვარდება.
XS
SM
MD
LG