Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა სახემწიფო კანცელარიის წინ 23 სექტემბრის დილის 4 საათზე


“ნაციონალური მოძრაობის" თერჯოლის ორგანიზაციის 40-მდე წევრი, რომლებიც, იმერეთის გუბერნატორის დავით მუმლაძის გადადგომის მოთხოვნით, თბილისში,

სახელმწიფო კანცელარიის წინ, შიმშილობის აქციას მართავდნენ, 23 სექტემბერს, გამთენიისას, ძალის გამოყენებით ავტობუსებში ჩასხეს და, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, უკან, თერჯოლის რაიონში, გააბრუნეს. აქციის მონაწილეთა თქმით, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ სამართალდამცავებს არ განუმარტავთ, თუ რომელ სახელმწიფო უწყებას წარმოადგენდნენ ისინი და ვისი მითითებით მოქმედებდნენ. რა მოხდა სახელმწიფო კანცელარიის წინ და რასთან გვაქვს საქმე? ხომ არ იქცა ძალის არამართლზომიერი გამოყენება ახალი ხელისუფლების მუშაობის სტილად?

შიმშილობის აქცია, რომელიც სულ რაღაც ორი დღის განმავლობაში კანცელარიის შენობის წინ მიმდინარეობდა, 23 სექტემბერს, გამთენიისას, შეწყდა. “ნაციონალური მოძრაობის” თერჯოლის ორგანიზაციის დამფუძნებლის ზაურ გურგენიძის თქმით, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები მოშიმშილეებს დილის 4 საათზე დაესხნენ თავს და ავტობუსში ძალის გამოყენებით შეყარეს.

[ზაურ გურგენიძის ხმა] “შეგვყარეს ავტობუსებში, მუჯლუგუნებისა და ტარების რტყმევით, ჩამოხიეს პლაკატები, პრეზიდენტის სურათზე ერთი პოლიციელი ფეხითაც შედგა… შეგვიყვანეს ავტობუსში, მე ჩემი მანქანით ვიყავი, მაგრამ დამატოვებინეს ღია მდგომარეობაში…”

ავტობუსს, რომელშიც აქციის მონაწილეები ისხდნენ, თერჯოლამდე საპატრულო პოლიციის ავტომანქანები მიაცილებდნენ. ამის გამო აქციის მონაწილეთაგან მხოლოდ ერთმა, ზაურ გურგენიძემ, მოახერხა ტყვეობიდან თავის დახსნა. მოგვიანებით იგი თბილისში დაბრუნდა და სახალხო დამცველის ოფისში პრესკონფერენცია გამართა. ხელისუფლების ნამოქმედარით ახლად დანიშნული ომბუდსმენი სოზარ სუბარიც დაინტერესდა:

[სოზარ სუბარის ხმა] “მასალებს ჩვენ ვსწავლობთ, ყოველ შემთხვევაში, რაღაცები ჩვენ გადავამოწმეთ. უცნაური სიტუაცია იყო, გითხრათ სიმართლე. დილით როცა მოვიდნენ და გვითხრეს ეს, იმის გარკვევაც კი გაჭირდა, მართლა მოხდა თუ არა აქციის დაშლა.”

“თავისუფლების ინსტიტუტის” წევრი და მოძრაობა “კმარას” ერთ-ერთი აქტივისტი თეა თუთბერიძე მოქმედ ხელისუფლებას მართვის ძველი მეთოდების გამოყენებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, მთავრობა ვერაფრით შეელია თემურ მღებრიშვილსა და მისი მუშაობის სტილს. თუთბერიძე ხელისუფლებას თბილისის მერიის წინ მიმდინარე აქციის დარბევასაც შეახსენებს:

[თეა თუთბერიძის ხმა] “მათ ძალიან არაადეკვატური ქმედებები აქვთ ამ ყველა აქციასთან დაკავშირებით და მათ ძალიან კარგად ახსოვთ თვითონ როგორ ატარებდნენ აქციებს და რა ხდებოდა ხალხის უკმაყოფილების საფუძველი, როდესაც აქციების დაშლა მიმდინარეობდა შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან. ეს კიდევ უფრო მეტ საპროტესტო გამოსვლებს იწვევდა…”

ხელისუფლების საქციელს ვერც იურისტები ამართლებენ. ჩემი თხოვნით, განმარტებას იურისტი ზურაბ ბურდული იძლევა. მისი თქმით, აქცია, რომელიც არ იწვევს ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების პარალიზებას და არც ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება, კონსტიტუციის მეორე თავის, ასევე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის თანახმად, ერთნიშვნელოვნად ლეგიტიმურია. და კიდევ ერთი დეტალი:

[ზურაბ ბურდულის ხმა] “კანონი, რომელიც ყველას გვახსოვს და ჰქვია - “საქართველოს კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ” - ამის მიხედვით, აქციის დაშლის ქმედებას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება, რაც არ გაკეთებულა და ცხადია ეს კანონდარღვევაა.”

ასევე უცნაურია ის, რომ დღემდე უცნობია, თუ რომელმა უწყებამ ჩაატარა 23 სექტემბერს აქციის დაშლის ოპერაცია. ვის მოუვიდა აზრად მოშიმშილე ადამიანებისათვის თავისუფლების იძულებით აღკვეთა. ამ საკითხზე კომენტარი სახელმწიფო მინისტრს ზურაბ მელიქიშვილს ვთხოვე.

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] “ნამდვილად ვერაფერს გეტყვით ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ, თქვენსავით, ინფორმაცია მეც ტელევიზიიდან მივიღე… მე ასეთი რაღაცა ნამდვილად არ ვიცი.”

23 სექტემბერს ჩატარებული ოპერაციის შესახებ არაფერი იციან შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში.

[პრესცენტრის თანამშრომლის ხმა] “მსგავსი ინფორმაცია არა მაქვს. ჩვენ თუ რამეს ჩავატარებდით, ყველას გავაფრთხილებდით.”

დაბოლოს, ერთი ნიშანდობლივი გარემოება. “ნაციონალური მოძრაობის” თერჯოლელი წევრები 23 სექტემბრის დილის 4 საათამდე აქციას იმ ადგილზე მართავდნენ, სადაც ნოემბრის მოვლენებამდე რკინის ოთხმეტრიანი მესერი გადიოდა. შეიძლება გახსოვდეთ, რომ სახელმწიფო კანცელარიას შემოვლებული ეს ღობე, როგორც სიმბოლო ხალხისა და მთავრობის გაუცხოებისა, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალაუფლების ხელში აღების პირველივე დღეებში მოარღვიეს. ნოემბრის მოვლენებიდან არასრული ერთი წლის თავზე კი ირკვევა, რომ მესერი ხალხსა და ხელისუფლებას შორის ისევ დგას. მერე რა, რომ მას ჯერ ყველა ვერ ხედავს…
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG