Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და სამხრეთი კავკასია ''ვარდების რევოლუციის'' შემდეგ


სამხრეთი კავკასიის ქვეყნებში ვიზიტამდე ევროკომისიის

პრეზიდენტმა რომანო პროდიმ ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ ევროკავშირი რეგიონის სამივე ქვეყანასთან ურთიერთობას თანაბრად პრიორიტეტულად მიიჩნევს. მისმა ვიზიტმა კი მაინც წარმოაჩინა ის სხვაობა, რაც ევროკავშირს სამხრეთი კავკასიის ქვეყნების მიმართ მიდგომაში გააჩნია. "ახალი ევროპის" დღევანდელი გამოშვება სწორედ ამ სხვაობებზე საუბარს ეთმობა.

რომანო პროდის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის პროგრამაში სამივე ქვეყანაში შედიოდა სტუდენტებთან შეხვედრა. თუკი ბაქოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტებსა და ერევნის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ინსტიტუტში პროდის გამოსვლის ტექსტებს გადახედავთ, ისინი იმდენად იდენტურია, რომ მცირედი სხვაობის პოვნაც კი ძალიან ადვილია. დავიწყებ იმით, რომ თბილისსა და ერევანში რომანო პროდის ვიზიტებს ერქვა “სტუდენტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა”, ბაქოში კი ის ფორმალურად მხოლოდ სტუდენტებს ხვდებოდა.

2003 წლის ჩათვლით ევროკავშირი თითქმის თანაბრად ეხმარებოდა რეგიონის სამივე ქვეყანას. მთლიანი დახმარების ღირებულება ამ დროისთვის საქართველოსთვის – 369 მილიონი ევრო, აზერბაიჯანისთვის – 370 მილიონი ევრო, სომხეთისთვის კი 330 მილიონი ევრო იყო. ეს ბალანსი მხოლოდ წელს ივნისში დაირღვა და თანაც მნიშვნელოვნად. საქართველოს დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის თანაორგანიზატორიც ევროკომისია იყო, 850 მილიონ ევროს დაპირდნენ, საიდანაც 2004-2006 წლებისთვის 125 მილიონი ევროს გაღებაზე მზადყოფნა ევროკომისიამ განაცხადა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს თანხა რეფორმებზე დაიხარჯებოდა. დონორთა კონფერენციაზევე საქართველოს მოსთხოვეს იმ სფეროებისა და პრობლემების განსაზღვრა, რომელთა გადაჭრასაც მილიარდ დოლარამდე თანხა მოხმარდება. ამ პრიორიტეტებზე ცოტა მოგვიანებით, ახლა კი, ისევ ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტსა და მის გამოსვლებს მივუბრუნდები: ის, რომ პროდის ვიზიტი მეტწილად ფორმალობა იყო, თუნდაც მისი გამოსვლის ტექსტების იდენტურობიდან ჩანს. მათში მხოლოდ მასპინძელი ქვეყნებისა და მათი კონფლიქტური ზონების სახელებია შეცვლილი. სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში, ბუნებრივია, კონფლიქტური ზონის სახელიც კი ერთი იყო. სამივე გამოსვლაში პროდი ხაზს უსვამს, რომ მცდარია რეგიონში არსებული კონფლიქტების "გაყინულად" მოხსენიება, რადგან სამივე კონფლიქტის ზონაში დღემდე არის მსხვერპლი. სამხრეთ ოსეთში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით პროდიმ განაცხადა, რომ ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს 13 აგვისტოს შეთანმხებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, "მხოლოდ ეს შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი მოლპარაკებებისა და კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების საფუძველი. ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს ძალისხმევას და ეძიებს ყველაზე ეფექტიან გზებს, რაში წვლილის შეტანასაც ევროკავშირიც შეძლებდა კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების გზაზე". საერთო რეგიონული დანიშნულების სიგნალს წარმოადგენდა რომანო პროდის განცხადება იმის შესახებ, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში კავკასიის სამი სახელმწიფოს ჩართვა ევროკავშირის პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესი შემობრუნება იყო:

091743 [პროდის ხმა]
"კავკასიის სამი ქვეყნის ჩართვა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში იყო ჭეშმარიტი შემობრუნება ჩვენს ურთიერთობებში".

აზერბაიჯანსა და სომხეთში გამოსვლებისგან შედარებით განხვავდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლის ტექსტის ერთი ნაწილიც, სადაც "ვარდების რევოლუციასა" და მის შედეგებზეა საუბარი. რომანო პროდის გამოსვლის ეს ნაწილი ცხადყოფს, რომ ევროკავშირისთვის უკვე დასრულდა “ვარდების რევოლუციის” შემდგომი რომანტიზმის ხანა და ახლა კონკრეტულ ნაბიჯებს ელის საქართველოს ხელისუფლებისგან. “ვარდების რევოლუციამ” საქართველოში ახალი კლიმატი მოიტანა. მაგრამ ძალიან ბევრი რჩება გასაკეთებელი დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მართლწესრიგის განსამტკიცებლად, საბაზრო ეკონომიკის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის პირობების შესაქმნელად, რაც რეგიონში კონფლიქტების მოგვარებას საჭიროებს’, - განაცხადა პროდიმ და დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კონფლიქტების მოგვარება საქართველოს გრძელვადიანი სტაბილურობისა და კეთილდღეობის საფუძველია. ამასთან კონფლიქტების მოგვარება და რეფორმების გატარება საქართველოში ურთიერთკავშირშია და ვერც ერთი განყენებულად ვერ მიიღწევა. ასე რომ, მთელი ყურადღების მხოლოდ კონფლიქტებზე გადატანა და ამის გამო რეფორმების დამუხრუჭება არასწორია”, - აღნიშნა რომანო პროდიმ საქართველოში ვიზიტისას. უმთავრეს პრობლემებს შორის ევროკომისიის პრეზიდენტმა კორუფცია და სიღარიბე დაასახელა და თქვა, რომ კიდევ ბევრი სფეროა, სადაც “ვარდების რევოლუციის” მიზნები ჯერ კიდევ მისაღწევია. როგორც ჩანს, უკვე დადგა დრო, როცა “ვარდების რევოლუციის” ეიფორია დასავლეთსაც გაუნელდა.
რაც შეეხება დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოყოფილი თანხის მოხმარას, რაში აპირებს საქართველოს ხელისუფლება მის დახარჯვას: საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, რომელიც ჯერ კიდევ დონორთა კონფერენციას წარუდგინეს, საქართველოს სჭირდება გადაუდებელი ფინანსური დახმარება 2004-2006 წლებისთვის ენერგორესექტორის პარალიზების თავიდან აცილების, ანტიკორუფციული ზომების უზრუნველსაყოფად და სახელისუფლებო სტრუქტურების რეფორმის შემდგომი განვითარებისთვის, მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ჯგუფების დასაცავად, ქვეყნის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და სასურსათო უზრუნველყოფისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ დონორებს საგანგებო ფინანსური დახმარების გამოყოფა სთხოვა აჭარის რეინტეგრაციისთვის. ე.წ. "მილიარდიანი" გრანტის ნაწილი უკვე, თუ შეიძლება ითქვას, მუშაობს. ამ თანხის ორი მესამედი ხმარდება იმ ყოველწლიურ პროექტებს რომლებიც აქამდეც არსებობდა და ახლაც მიმდინარეობს.
ევროპული ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დონორ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი კახა კალმახელიძე განმარტავს:
[კალმახელიძის ხმა]
"ის პროგრამები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო ამ სამი წლის განმავლობაში და დონორები აპირებდნენ მათ განხორციელებას, შედის ამ გამოყოფილ ერთ მილიარდ დოლარში".

კალმახელიძემ აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გაწერილი.
[კალმახელიძის ხმა]
"ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი მესამედი იმ თანხების დაახლოებით ვიცით რომელ სექტორში და რა მიმართულებით უნდა წავიდეს. რაც შეეხება ერთ მესამედს, ეს არის თანხა, რომელიც დონორებისთვისაც და საქართველოს მთავრობისთვისაც არ არის გადაწყვეტილი რა მიმართულებით უნდა წავიდეს".
ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და ცალკეულ სექტორში თანხის ხარჯვის მიმართულებების დასაზუსტებლად სახელმწიფო მინისტრი აწყობს შეხვედრებს საქართველოში მყოფ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მილიარდიანი გრანტის ნაწილი მოხმარდება საბიუჯეტო ხარჯების დაფარვასაც.
[კალმახელიძის ხმა]
"აქ არის გარკვეული თანხა, რომელიც უშუალოდ ბიუჯეტის დახმარებას ითვალისწინებს. ეს არის ძირითადად ევროკავშირის დახმარებები – ე.წ. "სასურსათო პროგრამა" და საქართველოს ბიუჯეტის უშუალოდ დახმარებას გეგმავს ჰოლანდიის მთავრობა, რომელიც ამას გასულ წელსაც აკეთებდა".
როგორც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი კახა კალმახელიძე აცხადებს, "მილიარდიანი" გრანტი მომავალში სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან ზოგიერთ დონორ ორგანიზაციასა და ქვეყანას, რომელიც ბრიუსელის კონფერენციას ესწრებოდა, თანხის ოდენობის დაუზუსტებლობის გამო ჯერ კიდევ არ გაუკეთების განაცხადი საკუთარი წვლილის შესახებ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG