Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ესაქმებათ ამერიკელ ინდიელებს მოლდავეთში?


"ჰოლივუდის" რომელიმე ვესტერნში, ალბათ, გინახავთ სცენა, როგორ მიჰყვებიან ადამიანის, ან ცხოველის კვალს ველურ ბუნებაში: ნაკვალევის, მოტეხილი ტოტის, შემთხვევით დაგდებული ნივთის მეშვეობით.

უღრან ტყში თუ აქაფებული მდინარის ნაპირებზე გზის გაკვლევა, ალბათ, ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში უწევდათ და უწევთ, მაგრამ, თუ ვესტერნებს დავუჯერებთ, ჩრდილოეთი ამერიკის უძველეს მოსახლეებს - ინდიელებს - კვალის მიგნების საქმეში ვერავინ შეედრება.

"ჰოლივუდი" იქით იყოს და ინდიელების უბადლო ოსტატობაში, როგორც ჩანს, ჭეშმარიტების მარცვალი ურევია, რახან მას რეალობაშიც აფასებენ: შეერთებული შტატების საბაჟო უწყებაში მოქმედებს კვალის მიგნების სპეციალისტთა ელიტური შენაერთი და ის სწორედ ამერიკის უძველესი მოსახლეებით - ინდიელებით არის დაკომპლექტებული. ამ შენაერთის ერთ-ერთ ჯგუფს უჩვეულო სახელწოდებით “მგელი აჩრდილები” სრულიად მოულოდნელად გადაეყარა ჩვენი კორესპონდენტი ეუგენ ტომიუკი. სად - სულ მალე შეიტყობთ.

30 წელიწადზე მეტია, კვალის მიგნების სპეციალისტთა ელიტური შენაერთი მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე მუშაობს და არც თუ უმნიშვნელო წვლილი შეაქვს უკანონო მიგრანტების თუ ნარკოტიკების მიკვლევაში. ბოლოხანს კი ამ ექსპერტებს სხვა კონტინენტებზეც იწვევენ: აღმოსავლეთი ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში მესაზღვრეების გასაწვრთნელად, მათთვის ინდიელთა ტომების უნიკალური გამოცდილების გასაზიარებლად.

ასე მოხდა, რომ ჩვენი კოლეგა ეუგენ ტომიუკი ინდიელებს ... მოლდავეთში გადაეყარა და მათ, რასაკვირველია, გამოელაპარაკა კიდეც. აი, რა შეიტყო კევინ კარლოსის - ტოჰონო ო’ოდჰამის ტომის ინდიელისაგან: [კევინ კარლოსის ხმა] “პროგრამამ აქ, ვფიქრობ, დიდი წარმატებით ჩაიარა. ვიმუშავეთ მოლდაველ მესაზღვრეებთან - აქ მარტო მათ გასაწვრთნელად არ ჩამოვსულვართ, მათგან ჩვენ თვითონაც ბევრი ვისწავლეთ. ეს მათი კუთხეა, მათი მიწა. მათ იციან, რა ხდება მათ ტყეებში. ვეუბნებოდით: გთხოვთ, გაგვიზიაროთ ცოდნა თქვენს ადგილებში კვალვის მიგნებაზე, ჩვენ კი ჩვენს ცოდნას გაგიზიარებთ. ამ ცოდნის შეჯერება უკვე თქვენი საქმე იქნება”.

ინდიელი ექსპერტების ჯგუფმა სახელწოდებით “მგელი აჩრდილები” ერთი კვირა დაჰყო მოლდავეთში - ქვეყანაში, რომელიც არალეგალური მიგრაციის, აგრეთვე ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდის სახით დიდი პრობლემების წინაშე დგას. განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია მოლდავეთის აღმოსავლეთ საზღვარზე - მას დნესტრისპირელი სეპარატისტები აკონტროლებენ. მეორე მხრივ, მოლდავეთს უწევს კონტროლის გამკაცრება თავის დასავლეთ საზღვარზე, რომელიც ევროკავშირთან საზღვარი გახდება სავარაუდოდ 2007 წლიდან - ანუ, ევროკავშირში რუმინეთის გაწევრიანების შემდეგ.

საზღვრის გაკონტროლების თანამედროვე ტექნოლოგიებს, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ბევრი ხარვეზი აქვსო, ირწმუნება მოლდავეთში აშშ-ის საბაჟო სამსახურიდან წარგზავნილი მრჩეველი ტონი კარბი: [ტონი კარბის ხმა] “სენსორებით ბევრს ვერაფერს გახდები. გაცილებით უფრო სანდოა სწორი განსჯა, ადამიანის უნარის გამოყენება. აქ, ამ რეგიონში ძაღლებს იყენებენ, მაგრამ ძაღლსაც ხომ გაუთავებლად არ შეუძლია მუშაობა! საჭიროა ძაღლისა და ადამიანის ძალების შერწყმა, მათი ერთობლივი მოქმედება საზღვრის დამრღვევის მისაკვლევად, არალეგალური მიგრაციის, ან კონტრაბანდის შესაჩერებლად”.

“მგელი აჩრდილების” ელიტური შენაერთი 1972 წლიდან არსებობს და უკვე ნახსენები ფუნქციის - ამერიკა-მექსიკის საზღვარზე უკანონო მიგრანტებისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა. მისი წევრები (სულ 21 ადამიანი, მათგან 2 ქალი) ამერიკელი ინდიელების სხვადასხვა ტომიდან არიან და ბავშვობაშივე დაუფლებულ ხრიკებს იყენებენ - როგორ უნდა მიაგნო კვალს მომტვრეული ტოტის, გადატრიალებული ქვის მეშვეობით, ნაკვალევების მიხედვით. ჩვეულებრივ, ლაპარაკია ნიშნებზე, ჩვენი, ასე ვთქვათ, უბრალო მოკვდავების თვალი საერთოდ რომ ვერ ამჩნევს.

მოლდავეთი მეცხრე ქვეყანაა, რომელში მუშაობაც “მგელ აჩრდილებს” მოუწიათ და მას, შესაძლოა სხვები მოჰყვეს: [კევინ კარლოსის ხმა] “ვიყავით ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, ხორვატიაში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და თურქმენეთში. პროგრამა სხვებსაც შევთავაზეთ და თუ ვინმე დაგვპატიჟებს, ძალიან გაგვიხარდება. კონკრეტული გეგმა ჯერ არა გვაქვს, მაგრამ თუ ვინმე ისევ მიგვიწვევს - სიამოვნებით... ”

დაბოლოს- რატომ მაინცდამაინც “მგელი აჩრდილები”? ვინ და რატომ შეარჩია ეს სახელი? [კევინ კარლოსის ხმა] “ეს იყო კვალის მიგნების სრულიად ფენომენური უნარის მქონე სტენლი ლისტონის იდეა. ის იმდენად ზუსტად გრძნობდა საზღვრის დამრღვევის მოძრაობას, რომ ამ მოძრაობას ბაძავდა, მას იმეორებდა. ამიტომ მას “ადამიანი ჩრდილი” შევარქვით. ჩვენ თვითონ კი “მგელი აჩრდილები” დავირქვით: ასე ვიფიქრეთ, რომ საზღვრის დამრღვევის მისაკვლევად ყოველი ჩვენგანი ცალკე გავიდოდა და მას რომ იპოვიდა, სხვებსაც დაუძახებდა - ასევ ვთქვათ, მგლის ხროვასავით შემოიკრებდა. ასე გაჩნდა სახელწოდება “მგელი აჩრდილები.”
XS
SM
MD
LG