Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური დაძაბულობა აფხაზეთში


არჩევნების შემდგომ აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაცია დღითი დღე იძაბება. რაულ ხაჯიმბას მომხრეები უწინდებურად დაჟინებით მოითხოვენ ბაღაფშის

სასარგებლოდ არჩევნების გაყალბების აღიარებას, სერგეი ბაღაფში კი ინაუგურაციის მოლოდინშია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის უკვე აღიარა გამარჯვებულად, თუმცა ხაჯიმბას მხარე ბაღაფშის გამარჯვებას არ ცნობს და უმაღლეს სასამართლოს აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას სთხოვს. აფხაზეთში ყველა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, სასამართლო კი საკითხის განხილვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის პარალიზების გამო აბრკოლებს. გაურკვევლობა მხარეებს შორის დაპირისპირებას ამძაფრებს, თუმცა, როგორც რადიო “თავისუფლების” რუსული რედაქციის თანამშრომელი, აჟამად სოხუმში მყოფი მუმინ შაკიროვი აღნიშნავს, უპირატესობა აშკარად ბაღაფშის მხარესაა. აი, რა თქვა მან პარასკევს ჩემთან საუბრისას:

[მუმინ შაკიროვის ხმა] “ბაღაფშის მხარესაა ბევრი პოლიტიკური მოძრაობა - იგივე “ამცახარა”, “ერთიანი აფხაზეთი”. მის მხარეს თამაშობს გენერალური პროკურორი, სხვადასხვა გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები, ვიცე-პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით. მე შემიძლია ვთქვა, რომ სერგეი ბაღაფში აგრძელებს პოლიტიკური ქულების აღებას, რაულ ხაჯიმბა კი ქულებს დღითი დღე კარგავს. “

“ბაღაფშს ხაჯიმბაზე გაცილებით მეტი გულშემატკივარი ჰყავს - ეს აშკარად თვალში საცემია. ისინი ბაღაფშის საარჩევნო შტაბთან არიან შეკრებილები და, ისევე როგორც ყველა, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან,” - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მუმინ შაკიროვმა.

[მუმინ შაკიროვის ხმა] “ყველა ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ საქმეს ართულებს ის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ განაახლა მუშაობა. როგორც ცნობილია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრი, თავმჯდომარის ჩათვლით, გადადგა. მოქმედი პრეზიდენტი გადადგომის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არ აკმაყოფილებს. საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ წევრთა არსებული რაოდენობა კვორუმისთვის საკმარისია, მაგრამ მათი შეკრება ვერ ხერხდება. არადა, უმაღლესმა სასამართლომ სწორედ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად უნდა გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ადგილი დარღვევებს არჩევნებზე. “

იმდენად გაურკვეველი სიტუაციაა, არ იციან რა ქნან. აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვარაუდობენ, რომ კომისია უახლოეს 2-3 დღეში მაინც შეძლებს მუშაობის განახლებას, - გვითხრა სოხუმში მყოფმა რადიო “თავისუფლების” რუსული რედაქციის თანამშრომელმა. მას არ ჰქონდა ინფორმაცია აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას მხარდასაჭერად ჩრდილოკავკასიელი კონფედერანტების გამოჩენის შესახებ, ისე როგორც ამას საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იუწყებიან. გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება ჩვენთან საუბრისას ვერც ექსპერტმა კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობაში მამუკა არეშიძემ შეძლო:

[ მამუკა არეშიძის ხმა] “მე მაქვს ინფორმაცია, რომ ემზადებოდნენ ჩასასვლელად. ჩავიდნენ თუ არა, არ ვიცი. ისინი არიან მართულები და იმ ქვეყანას ან იმ რეჟიმს დაუჭერენ მხარს, ვის ბრძანებასაც მიიღებენ. “

“კონფედერანტებში უნდა წარმოვიდგინოთ ან რუსეთის სპეცსამსახურების დაქირავებული აგენტები, ან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის “მაიკოფის ბრიგადის” თანამშრომლები, რომლებიც, ძირითადად, ჩრდილოკავკასიელები არიან,” - აღნიშნავს მამუკა არეშიძე. რაულ ხაჯიმბასა და მოქმედი ხელისუფლების მხარდასაჭერად სოხუმში ჩრდილო კავკასიის კონფედერაციის ხელმძღვანელობისა და ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების გამოჩენა რუსეთის საინფორმაციო წყაროებს ვლადისლავ არძინბას პრესმდივანმა დაუდასტურა. საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებიდან გავრცელებული ინფორმაციით კი, აფხაზეთში რუსეთის სპეცნაზელების შეყვანასთან დაკავშირებით სერგეი ბაღაფშის მომხრეები ძალების მობილიზებას ახდენენ.
XS
SM
MD
LG