Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა ამ კვირაშიც მრავალ საკითხს შეეხო, მაგრამ მათგან მხოლოდ


დავით პაიჭაძე, თბილისი ქართული პრესა ამ კვირაშიც მრავალ საკითხს შეეხო, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმეზე შევჩერდებით. მეტ-ნაკლებად სერიოზულ ყველა გამოცემაში გაუნელებლად აქტუალური

იყო აფხაზეთში არჩევნების შემდეგ წარმართული პროცესები. 15 ოქტომბრის გაზეთი “ხვალინდელი დღე” წერს, რომ ხაჯიმბასა და პუტინს შორის შავმა კატამ გაირბინა. ხაჯიმბა რუსეთისათვის გაწეული სამსახურის საზღაურს ითხოვს, რასაც კრემლი ჯერჯერობით ვერაფრით უპასუხებს. არ არის გამორიცხული, რომ არძინბას, ხაჯიმბასა და მის თანაგუნდელებს პოლიტიკური თავშესაფრის ძებნა რუსეთში მოუხდეთ. სოხუმში უკიდურესად გამწვავებული ვითარების განსამუხტავად არსებობს მეორე, რუსეთისათვის ყველაზე მისაღები, ფორმა, რომლის გამოყენებას ხაჯიმბა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეეცდება: პუტინმა მას სოხუმში კომენდანტის საათის შემოღება შესთავაზა. მომავალი კვირიდან კი, იუწყება “ხვალინდელი დღე”, აფხაზეთის მოსახლეობა მმართველი ხელისუფლებისაგან იარაღის ჩაბარების მოთხოვნას ელოდება.


აფხაზეთში შექმნილ ვითარებას ეხმაურება გაზეთი “24 საათი” და 16 ოქტომბრის პუბლიკაციაში მკითხველს მოვლენათა ანალიზისა თუ განვითარების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს. ვარიანტი პირველი: თუ ბაღაფში ჩვენი კაცია, რუსეთი სასწრაფოდ ეცდება მის რამენაირად გაუვნებელყოფასა და სტატუს კვოს აღდგენას. ამასობაში ჩვენ გვეძლევა მოქმედების დრო, მაგრამ პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება. ქართულ მოსახლეობას, “გამარჯვებული” აფხაზების ფონზე, მეორეხარისხოვანი მოქალაქეების დამღა გარანტირებული აქვს. ვარიანტი მეორე: თუ ბაღაფში რუსი “მებაღეა”, აფხაზეთში, სავარაუდოა, განვითარდეს ეროვნული თვითგამორკვევისა და საბოლოოდ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესი. სწორედ ეს უნდა რუსეთს. ამდენად, ეს ვარიანტი ყველაზე რეალურია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ, სამხედრო ოპერაციის გარდა, აღარაფერი დაგვრჩენია. ამას კი რა ფინალი ექნება, კაცმა არ იცის: ან გაიქცევა სულყველა, ან ისევ ჩვენ გამოვიქცევით სულყველანი და საბოლოოდ დავკარგავთ აფხაზეთს. ვარიანტი მესამე: ბაღაფში რუსეთის დოყლაპიობის შედეგია. რუსული საინფორმაციო საშუალებები ბაღაფშს რატომღაც ქილიკით მოიხსენიებენ, პოლიტიკოსები კი ვითომდაც ნანობენ მომხდარს. ეს ან იმის გამოა, რომ იციან, ჩვენი კაცია, ან იმის გამოა, რომ თავიანთ გეგმას ფეხდაფეხ მიჰყვებიან და მშვიდობიანად ახორციელებენ. ამდენად, მესამე ვარიანტი, ლოგიკურად, არ შეიძლება არსებობდეს - ასკვნის “24 საათი”.


რუსეთი ბაღაფშის ლიკვიდაციას გეგმავს, აფხაზეთი შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზეა - ამტკიცებს გაზეთი “ახალი ვერსია”, ხოლო “ალია” დასძენს, რომ რუსეთი აფხაზეთში დამარცხდა. აფხაზეთის თემას ქართულ პრესაში ისევ “ხვალინდელი დღის” პუბლიკაციით დავასრულებთ: აფხაზეთი ალყაშია, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ბოევიკთა რიცხვი ყოველდღე იზრდება, წაიკითხავთ გაზეთის 16 ოქტომბრის ნომერში. ის ეხმაურება აფხაზეთში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელების ჩასვლას და მოჰყავს ჯერ კიდევ დე ფაქტო პრეზიდენტის, არძინბას, პრესმდივნის ნათქვამი, რომ ეს ხაჯიმბას მხარდასაჭერად მოხდა. აქვეა მოყვანილი კონფედერაციის შტაბის ყოფილი უფროსის, ამინ ზეხოვის, სიტყვები, რომ ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები ვერ დარჩებიან გულგრილნი აფხაზეთში შექმნილი ვითარების მიმართ. ზეხოვის თქმით, აფხაზეთში ამჟამად იმყოფებიან ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ადიღეს მოხალისეთა მოძრაობის წარმომადგენლები და ისინი არასოდეს დაუჭერენ მხარს სერგეი ბაღაფშს.


კიდევ ერთი საკითხი, რასაც ქართული პრესა დაუზარებლად აშუქებდა, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-დან მისი გენერალური დირექტორის ეროსი კიწმარიშვილის წასვლა და ამ პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნიკა ტაბატაძის მისვლა გახლავთ. ნიკა ტაბატაძე რუსთავი-2-ში უკვე მუშაობდა გენერალურ დირექტორად. გაზეთი “ახალი ვერსია” ამ ფაქტს ასეთ კომენტარს ურთავს:


რევოლუციაში შეტანილი ღვაწლის გამო ეროსი კიწმარიშვილს ერთწლიანი გავლენა შეუნარჩუნეს, თუმცა ახლა ყველაფერს ართმევენ. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კიწმარიშვილი ტელესივრცეს საბოლოოდ ჩამოსცილდა. “ახალი ვერსია” იხსენებს რუსთავი-2-ის წილების ხელახალ განაწილებას, რაც ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სახელს უკავშირდება. ის ივნისში გახდა კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი. ქიბარ ხალვაში მთელი ამ დროის განმავლობაში ტელევიზიაში არ გამოჩენილა. ხალვაშმა მედიამაგნატობა ვერ შეძლო, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ არც იყო ჩაფიქრებული მედიამაგნატად ექციათ აჭარელი ბიზნესმენი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის პარტნიორად ითვლება. ქიბარ ხალვაშს დააფარინეს რუსთავი-2-ის დავალიანება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, წერს “ახალი ვერსია” და ასკვნის, რომ გენერალურ დირექტორად ნიკა ტაბატაძის დანიშვნის შემდეგ ხელისუფლებას ტელეკომპანიის მეშვეობით მისთვის არასასურველი კარტის გათამაშება ნამდვილად აღარ ემუქრება.


გასულ კვირაში საპარლამენტო კომიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. გაზეთი “24 საათი” მკითხველს შეახსენებს, რომ ბიუჯეტის პროექტი, მოსალოდნელია, სერიოზულად გადაიხედოს. მეორე მხრივ, საეჭვოა, დეპუტატებს დაავიწყდეთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებმაც მათ მიერ ბიუჯეტის დამტკიცება-არდამტკიცებას პარლამენტის დათხოვნის საკითხი პირდაპირ მიაბა. მორჩილი საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც პირველ პირთან პრინციპული დაპირისპირების სურვილში არ არის შემჩნეული, სავარაუდოდ, 2 მილიარდ 106 მილიონ ლარამდე გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების გეგმას დაამტკიცებს, წერს “24 საათი” და შენიშნავს: საჯარო სამსახურში ერთი და იმავე რანგის მოხელეებს სხვადასხვა უწყებებში იმდენად განსხვავებული სახელფასო განაკვეთები აქვთ, რომ ქვეყანაში ერთიან სახელფასო პოლიტიკაზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. 2005 წლის ბიუჯეტი, ყველა წინამორბედთან შედარებით, ოპტიმისტურია, მაგრამ ის, რომ მეტს ხარჯავ, არ ნიშნავს, რომ კარგად ხარჯავ…


ბიუჯეტის პროექტს აანალიზებს გაზეთი “ალიაც” და ასკვნის, რომ ხელისუფლებისთვის სამართალდამცავი სამსახურები აღარ არის პრიორიტეტული. სამაგიეროდ, ფინანსთა სამინისტროს აქვს გამოყოფილი 32 მილიონი ლარი. ახალ ბიუჯეტში არც მოსამართლეების ხელფასის 50-პროცენტიანი ზრდაა განსაზღვრული და არც მათი სოციალური გარანტიების დაფინანსება. რატომ დაენანა ხელისუფლებას ფულის გამოყოფა სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის? - კითხულობს გაზეთი “ალია” და პასუხად მოაქვს კულუარული ვერსია, თითქოს ძალოვან უწყებათა პირველმა პირებმა წელს საკუთარი ბიუჯეტიდან გადახარჯვა მოახდინეს, ანუ ფული წინასწარ გაიტანეს და უკვე დახარჯეს. ამიტომ ძველი ვალის დაფარვა მათ ახალი ბიუჯეტიდან მოუწევთ. თუმცა გაზეთი იქვე დასძენს, რომ ოფიციალურად ამ ვერსიას არავინ ადასტურებს.

“ბზარები - უმრავლესობიდან დეპუტატები გარბიან. მოქალაქეთა კავშირიც ასე, თითო კაცობით, იშლებოდა” - ამ სათაურით ეხმიანება გაზეთი “ახალი ვერსია” საპარლამენტო უმრავლესობიდან სამი დეპუტატის გასვლას. თუ გინდა საკუთარი ფრაქცია გქონდეს, ხალხი სხვას უნდა წაართვა. ამ მხრივ, საუკეთესო სამიზნე უმრავლესობის გადაჭრელებული რიგებია. ნაცდემოკრატების არცთუ მაგარი ცემენტით ნაშენებ პოლიტიკურ სხეულს აგურებს ზვიად ძიძიგურის ხალხი აცლის. ოპოზიციაში წასული დეპუტატები ამბობენ, რომ უმრავლესობის დაშლაში წვლილი მაია ნადირაძეს მიუძღვის. დეპუტატებს მისი ქედმაღლობის ატანა აღარ შეუძლიათ, წერს “ახალი ვერსია”. ნადირაძეს ამბიციები გაეზარდა და ლიდერის პოზითაც ზედმეტად გაერთო. არ არის გამორიცხული დემარშები მალე სხვა დეპუტატებმაც მოაწყონ, ვარაუდობს გაზეთი. მისივე ცნობით, თავად მაია ნადირაძე პარლამენტში სექტანტური მოძრაობის გამო წუხს.


პრესის მიმოხილვას დავასრულებთ ციტატებით გაზეთ “კვირაში” გამოქვეყნებული ერთი პუბლიკაციიდან. რუბრიკით “პოლიტიკური მონოლოგი” დაბეჭდილია იურისტ დავით უსუფაშვილის ტექსტი. ერთი ნაწყვეტი: “ვხედავთ ხელისუფლებას, რომელმაც არა და არ დაამთავრა რევოლუცია და კვლავაც “მიწოლითა და გადაგდებით” აპირებს ყველა პრობლემის მოგვარებას. ვერა და ვერ ჩაატია საკუთარი თავი კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებში (მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს ჩარჩოებიც ჭრა და კერა, როგორც მოესურვებოდა). ვერა და ვერ ირწმუნა, რომ ყველა ძირითადი სახელისუფლებო პრობლემა გადაწყვეტილია და მომავალ არჩევნებამდე არაფერი ემუქრება მას, საკუთარი შეცდომებისა და უთავბოლობის გარდა. ვერა და ვერ დაიჯერა, რომ დიდი ხანია დროა, ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები რევოლუციური ლოზუნგებიდან ჩამოხსნას და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად გამოაცხადოს. ვერა და ვერ დააღწია თავი იმ ილუზიას, რომ ხალხის მხარდაჭერა თითქოსდა ჭეშმარიტებაზე მონოპოლიასაც ნიშნავს. აშკარაა, რომ ხელისუფლებას სასწრაფოდ შველა სჭირდება, რომ იგი რაიმე მიზეზით საბოლოოდ არ ასცდეს დემოკრატიის გზას.”


პუბლიკაციის ბოლოს დავით უსუფაშვილი სამ სამოქმედო გზას სთავაზობს მოქალაქეებს, რომელთაც სჯერათ, რომ ქართველი ერის წინსვლა მხოლოდ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მეშვეობითაა შესაძლებელი: “ან ხელისუფლებას დავუდგეთ გვერდში და თუ იქ დაგვედგომება, მივეხმაროთ მას დემოკრატიული ორიენტირების გამოკვეთასა და ერთგულებაში; ან ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე და არა გაჭირვებული ხალხის ემოციებზე ორიენტირებული პოლიტიკური ოპოზიციის შექმნაში მივიღოთ მონაწილეობა; ან აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით გავამაგროთ დაბნეული სამოქალაქო საზოგადოება და მოსვენება არ მივცეთ არც ხელისუფლებასა და არც დემოკრატიულ ოპოზიციას. მერწმუნეთ, სამივე არჩევანი ერთნაირად ღირსეული და საშურია.”
XS
SM
MD
LG