Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შესრულდა გასული თვის ბიუჯეტი


საქართველოს ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მაჩვენებლებით კარგა ხანია ფართო საზოგადოება აღარ დაინტერესებულა, რადგან ბოლო ერთი წლის მანძილზე

თითქმის ყველა შეეჩვია ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულების ტენდენციას. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ოქტომბრის თვე ყოფილა, თუმცა გასული 1 თვის მანძილზე ჩამოყალიბებული დინამიკა და დარჩენილი 2 თვის გეგმის მოცულობა ეკონომიკის ექსპერტებს არცთუ სახარბიელო დასკვნების გაკეთების საფუძველს აძლევს. რა ტენდენციები ჩამოყალიბდა ოქტომბრის თვის ბიუჯეტის შესრულებისას?

სახელმწიფო ბიუჯეტის ოქტომბრის თვის საპროგნოზო მაჩვენებელს, 130 მილიონ ლარს, თითქმის 34 მილიონი ლარი აკლდა თვის ბოლომდე დარჩენილი 5 სამუშაო დღით ადრე. ამ ხუთი დღის მანძილზე ფინანსთა სამინისტრომ, ჩვეულებისამებრ, 34 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება შეძლო და ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა, თუმცა თვის მანძილზე ჩამოყალიბებული ტენდენცია მომავალი თვეების ბიუჯეტის შესრულებას სათუოს ხდის. ასეთი ვარაუდი გამოთქვა ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში ეკონომიკური კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენელმა კახა უგულავამ:

[კახა უგულავას ხმა ] "დაბალი იყო ოქტომბერში შემოსავალი. ეს გრაფიკზედაც კარგად ჩანს. თუ ასე გაგრძელდა, გაუჭირდებათ მომავალი თვეების ბიუჯეტის შესრულება მაქინაციების გარეშე. –რას გულისხმობთ მაქინაციებში? –აი, “პრაკრუტკები”, წინასწარ გადახდები და ასე შემდეგ.


იმისათვის, რომ საჭირო არ გახდეს, როგორც უგულავა ამბობს, "მაქინაციები", ფინანსთა სამინისტროს ოქტომბრის თვის ბიუჯეტი საგრძნობი გადაჭარბებით უნდა შეესრულებინა და ეს, მართლაც, ასე მოხდა. ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბრის თვის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელს, 130 მილიონ ლარს, ბოლო დღეს გადააჭარბა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლექსო ალექსიშვილმა მითხრა, ოქტომბრის თვის ბიუჯეტი 25 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა.

იგი არ ეთანხმება ექსპერტების შეფასებებს და ამბობს, რომ ოქტომბრის ბიუჯეტის შესრულება ნორმალური ტენდენციით წარიმართა.

[ლექსო ალექსიშვილის ხმა ] "მე მინდა გითხრათ, რომ ოქტომბრის თვის შესრულება იყო საკმაოდ ნორმალური. შემოსავლებს სჩვევია ციკლურობა იმის მიხედვით, თუ რა ტიპის გადასახადებს იხდიან მეწარმეები მოცემულ თვეში. მე ვერაფერ საფრთხეს ვერ ვხედავ."

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლექსო ალექსიშვილის ასეთ ოპტიმიზმს არ ეთანხმება ექსპერტი კახა უგულავა და ამბობს, რომ ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება არარეალურია, რადგან ყოველი თვის საპროგნოზო მაჩვენებელი განზრახაა შემცირებული. სწორედ შემცირებული საპროგნოზო მაჩვენებლის გადაჭარბება ხდება და არა რეალურისო, რათა თვის ბოლოს მისი გადაჭარბებით შესრულება გამოაცხადონ.

[კახა უგულავას ხმა ] "აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესება არის, მაგრამ თუ ავიღებთ მომავალი წლის გეგმას, საკმაოდ გაუჭირდებათ მისი შესრულება, თუ ადმინისტრირების გაუმჯობესება არ მოხდა."

ფინანსთა სამინისტროც სწორედ საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებაზე ამყარებს დიდ იმედებს, შემცირებული გადასახადების ფონზე, მომავალი წლის გაზრდილი ბიუჯეტის შესრულებისას. თუმცა ჯერჯერობით არავინ უწყის, თუ როგორ მოხდება 2005 წლის დაწყებისთანავე საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება,.
XS
SM
MD
LG