Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგანი ჯარი თავდაცვის სამინისტროში გადასვლას “ვარდი 2004”-ით აღნიშნავს


1 ნოემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარი თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლას იწყებს. სულ მალე პოლიციის ხელთ არსებული

ყველა აქტიური საბრძოლო კომპონენტი შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებში მოიყრის თავს. საკუთარ წარსულთან გამოთხოვებას და ბიოგრაფიის ახალი ფურცლის გადაშლას კი შინაგანმა ჯარმა ფართომასშტაბიანი მანევრები მიუძღვნა ვაზიანის პოლიგონზე. თავად ხუთდღიანი სამხედრო სწავლება კი ისტორიას “ვარდი 2004”-ის სახელით შემორჩება.

[სროლების ხმა]

თბილისის “ვარდების რევოლუციის” წლისთავის შესახვედრად ყველა სახელმწიფო სტრუქტურა თავისებურად ემზადება. მაგრამ შინაგანი ჯარების სარდლობამ ყველას დაასწრო და 1 ნოემბერს ვაზიანის პოლიგონზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მანევრები “ვარდი 2004” წამოიწყო. შეირაღება და საბრძოლო ტექნიკა, რომელიც სამხედრო სწავლებაში ღებულობს მონაწილეობას, შთამბეჭდავია. შინაგანი ჯარის სარდალმა, გენერალმა გიორგი თათუხაშვილმა, აღადგინა და მწყობრში ჩააყენა ყველა სახის მძიმე ტექნიკა, რაც აქამდე ან მხოლოდ აღლუმებზე გაჰყავდათ, ან უკვე გამზადებული იყო ჩამოსაწერად.

[ტანკების ხმა და გიორგი თათუხაშვილის ხმა] “გვინდა ჩავატაროთ სრული ბრიგადის სწავლება. მანდ იქნება ჩართული მთლიანად სატანკო ბატალიონი, საარტილერიო გაშლილი ბატალიონი, დ-30 ტიპის საარტილერიო დანადგარები, გაუბიცები და კს 19 ტიპის ქვემეხები.”

ნიშანდობლივია, რომ 1 ნოემბრიდან შინაგანი ჯარების მთელი ეს საბრძოლო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა, გარდა საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფისა, თავდაცვის სამინისტროში გადავა და სახმელეთო ჯარების სახეობაში დაიდებს ბინას, შინაგანი ჯარების კუთვნილი ვერტმფრენები კი სამხედრო-საჰაერო ძალებს გადაეცემა. თავად გენერალი გოგი თათუხაშვილი, რომელიც გაპრეზიდენტებამდე ჯერ იუსტიციის სამინისტროს საგანგებო რაზმის, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი იყო, სახმელეთო ჯარების სარდლის პოსტს დაიკავებს. გენერალი თათუხაშვილი არ მალავს, რომ, მიუხედავად ლირიკული სახელწოდებისა “ვარდი 2004”, სამხედრო მანევრებით ის და მისი ხელქვეითები სწორედ შეტევითი საბრძოლო ოპერაციის დეტალებს დაამუშავებენ:

[გოგი თათუხაშვილის ხმა] “ამით ჩვენ ვსწავლობთ ხელმძღვანელობას, კოორდინაციას. რადგან ათასი სამსახური და საარტილერიო დანადგარია, ამიტომ თუ კოორდინაციას ვერ მივაღწიეთ, ბრძოლაში მოქმედება გაგვიჭირდება.”

და რაც მთავარია, 1 ნოემბერიდან არსებობას წყვეტს საბჭოთა სისტემის გადმონაშთი, მძიმედ აღჭურვილი შინაგანი ძალის სახით, რომლის გაძლიერებით თავის დროზე ედუარდ შევარდნაძე ცდილობდა შეექმნა ერთგვარი საპირწონე თენგიზ კიტოვანის ეროვნული გვარდიისა და ჯაბა იოსელიანის “მხედრიონის” დასასუსტებლად. პრეზიდენტ სააკაშვილს კი ასეთი საპირწონეები აღარ სჭირდება - წარსულს ჩაბარდა უკონტროლო საველე მეთაურებისა და პარამილიტარისტული დაჯგუფებების ხანა. ყველა ოფიციალური ძალოვანი სტუქტურა უპირობოდ ემორჩილება შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, რომელიც თითქმის ორნახევარჯერ, დაახლოებით 110 მილიონ ლარამდე, აპირებს გაზარდოს მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი. საქართველოს ასეთი სამხედრო სამზადისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რათა ქვეყანამ წარმატებით შეასრულოს ნატოსთან თანამშრომლობის ინდივიდუალური სამოქმედო პროგრამა, რომელიც ალიანსის ხელმძღვანელობამ სწორედ ოქტომბრის ბოლოს დაამტკიცა. 4 ნოემბრისთვის კი საქართველოში ნატოს გენერალურ მდივან იააპ დე ჰოოპ სხეფერს ელიან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG