Accessibility links

მოსაზრებები უნათლავი ჩვილების შესახებ საქართველოს ეკლესიის სინოდის დადგენილების ირგვლივ

8 ნოემბერს გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნდა თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტთა ერთი ნაწილის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ეკლესიაში მიმდინარე კორუფციასა და ექსტრემიზმზე. სტუდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ეკლესიის წიაღში არსებულ საღვთისმეტყველო დისკუსიათა სიღატაკის გამოც, რისი სიმპტომიც მათთვის ის იყო, რომ უნათლავად გარდაცვლილი ბავშვების საიქიო ხვედრის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გარჩევის საგნად იქცა საქართველოს ეკლესიაში. იმის გასარკვევად, თუ რაში მდგომარეობდა უნათლავად გარდაცვლილი ჩვილების საკითხი, ორ სხვადასხვა სფეროში მომუშავე ანალიტიკოსს ვესაუბრე.

2000 წელს საქართველოს ეკლესიის სინოდს მღვდლების თექვსმეტკაციანმა ჯგუფმა მიმართა თხოვნით, განეხილა მონათვლის გარეშე გარდაცვლილი ჩვილების საიქიო ხვედრის საკითხი. თხოვნის მოტივაცია დასაწყისშივე იყო ახსნილი: მიმართვის ავტორების თქმით, საპატრიარქოს კრებებზე და მრევლთან საუბრებში ზოგიერთი სასულიერო პირი ამტკიცებდა, რომ იმის ცოდნა, აცხონებდა თუ არა ღმერთი დაბადებულ და მოუნათლავად გარდაცვლილ და მუცელში მოწყვეტილ ჩვილებს, შეუძლებელი იყო. ეს კი, მათი აზრით, ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ნათლობის გარეშე ცხონების შეუძლებლობის თაობაზე. 2000 წლის დეკემბერში საქართველოს ეკლესიის სინოდმა ამ საკითხზე იმსჯელა და გამოიტანა განჩინება, სადაც ხაზი გაესვა, რომ ყველა ადამიანს, - მათ შორის, ჩვილებს, - გარდა პირადი ცოდვებისა, აქვს ადამისმიერი, პირველქმნილი ცოდვა და რომ ამ ცოდვებისგან განწმენდისა და ნათლობის გარეშე შეუძლებელია სასუფევლის დამკვირდება. შესაბამისად, ამ განჩინებით საკითხს კონკრეტული პასუხი გაეცა და ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა, რომ მოუნათლავად გარდაცვლილი და დედის მუცელში მოწყვეტილი ჩვილების საიქიო ხვედრი არ შეიძლება ცხონება იყოს.

სინოდის მიერ ამ განჩინების გამოტანამდე ეს საკითხი თეოლოგიურ თუ საეკლესიო პერიოდიკაში დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდა დისკუსიის საგანს. თეოლოგების და სასულიერო პირების ერთი ნაწილი უნათლავი ჩვილების ჯოჯოხეთში მოხვედრას არ ეთანხმებოდა და სწავლებათა საფუძველზე ამტკიცებდა, რომ ეკლესიას არ შეიძლებოდა ერთმნიშვნელოვანი პასუხი გაეცა ამ დელიკატური და ფაქიზი საკითხისთვის. თეოლოგი ლევან აბაშიძე ამ დისკუსიის მთავარ კონტურებს ასე გადმოსცემს: "ზოგადად, ეკლესიის სწავლებით, ცხონება, ანუ ადამიანის გადარჩენა – ესე იგი, ადამიანი რომ გადარჩეს და ღვთის სასუფეველი დაიმკვიდროს, საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროს - ამისი გზა გადის ეკლესიაზე. ეკლესიაშია ცხონება და ადამიანი უნდა გახდეს ეკლესიის წევრი. ხოლო ეკლესიის წევრი ადამიანი ხდება ნათლობის გზით. ეს გასაგებია, ამაზე კამათი არ არის ჩვენთან, საქართველოში. მაგრამ აქედან იმ დასკვნამდე მისვლა, რომ ყველა, აბსოლუტურად სუყველა, ვინც არის მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ, ვინც არ მონათლულა – მაგალითად, დედის მუცელში გარდაცვლილი ბავშვი ხომ ვერ მოინათლებოდა – რომ ყველანი პირდაპირ მიდიან ჯოჯოხეთში, ღმერთი მათ საუკუნო სატანჯველში უშვებს, ეს არის როგორც ცა და დედამიწა.” (სტილი დაცულია)

აღსანიშნავია, რომ სინოდის მიერ მიღებულ ამ განჩინებას სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში ანალოგი არ გააჩნია. განჩინების მიღებამდე საქართველოს საპატრიარქომ ამ საკითხის ირგვლივ სხვა ქვეყნების მართლმადიდებლურ ეკლესიათა წარმომადგენლების მოსაზრებებიც მიიღო.

“საპატრიარქომ დააგზავნა წერილები მოსკოვში, საბერძნეთში, ათონის მთაზე და არსაიდან არ მიუღია დადებითი პასუხი. პირიქით. ან ამბობდნენ, რომ ეს ასე არ არის, ან ამბობდნენ, რომ მე ვერ გავბედავ, რომ ასეთ მატერიებზე ჩემი განსჯა გამოვთქვა" - ამბობს ლევან აბაშიძე და დასძენს: "ჩვეულებრივი, ნორმალური პასუხი განსწავლული თეოლოგის დაახლოებით ასეთი უნდა იყოს: ‘ამ საკითხზე ჩვენ მივენდობით ღვთის მოწყალებას, ღვთის ნებას, და არ განვსჯით ამას როგორც კანონისტები, რომ, გინდა თუ არა, ასეა და მორჩა'".(სტილი დაცულია)

ლევან აბაშიძის თქმით, მოუნათლავი ჩვილების ჯოჯოხეთში მოხვედრის გარდაუვალობის საწინააღმდეგო მაგალითები საკუთრივ სახარებაში შეიძლება მოვიძიოთ: "პირველი ვინ შევიდა სამოთხეში, რასაკვირველია, იესო ქრისტეს შემდეგ? პირველი შევიდა ავაზაკი. ხატიც კი არის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ავაზაკი როგორ შედის. ვინ იყო ეს ავაზაკი? ის მართლა ავაზაკი იყო, რომელიც ქრისტესთან ერთად იყო ჯვარცმული. და ვინაიდან მან, ასე ვთქვათ, ქრისტეს მიმართ გამოავლინა რწმენა და, ასე ვთქვათ, რაღაც სათნოებამ გაიღვიძა მასში, იესო ქრისტემ თქვა, რომ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს სამოთხეში. ცხადია, რომ ის არავის არ მოუნათლავს, ხომ ასეა? “(სტილი დაცულია)

ის, რომ დღეს ეკლესია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუტს წარმოადგენს, ალბათ, ეჭვგარეშეა. ამდენად, მის მიერ გამოტანილ განჩინებებს თუ დადგენილებებს თეოლოგიური დებატების მიღმაც აქვთ გავლენა – იქნება ეს საზოგადოების ცხოვრების სოციალური თუ კულტურული სფეროები თუ კონკრეტული ინდივიდის ფსიქოლოგია. ამიტომ მე ამ განჩინების იმ შესაძლო გავლენებით დავინტერესდი, რომელიც მას ქალებზე და, კერძოდ, დედებზე შეიძლება ჰქონდეს და ამ საკითხების ირგვლივ აზრი ვკითხე ლელა გაფრინდაშვილს, ფილოსოფოსსა და თავმჯდომარეს კავშირისა "ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის". ლელა ფიქრობს, რომ სინოდის მიერ გამოტანილ ამ დადგენილებას, შესაძლოა, საფუძვლად ედოს საქართველოს დემოგრაფიული სურათის გაზრდის სურვილი; მაგრამ, მისი აზრით, მოსაზრებას, რომ მოუნათლავად გარდაცვლილი ბავშვები ჯოჯოხეთში მიდიან, საპირისპირო შედეგები მოაქვს:

“ძალიან ბევრი ლიტერატურა მაქვს შესწავლილი და მე თვითონ ქალი ვარ, დედა ვარ და ვიცი, ეს განცდები რა არის. შენზე აბსოლუტურად რომ არ იყოს დამოკიდებული, ვთქვათ, ბავშვის მოწყვეტა, ქალს ყოველთვის აქვს დანაშაულის განცდა, რომ რაღაცა სწორად არ გააკეთა, ვთქვათ, კვებაში დაუშვა შეცდომა, დროზე არ გაიკეთა ექოსკოპია, დროზე არ მიმართა ექიმს – და ეს დროზე არ მიმართვა, ამას აკეთებს საქართველოში მცხოვრები ქალების 80, 90 პროცენტი, იმიტომ რომ ყველაფერი ფასიანია. ამიტომ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მის ემოციურ მდგომარეობას უფრო ამძიმებს ეს დადგენილება და, საერთოდ, ჯოჯოხეთად აქცევს მის ცხოვრებას. კიდევ უფრო მძიმდება და, ასე ვთქვათ, ფერხდება ის ალბათობა, რომ ამ ქალმა ძალიან მალე გააჩინოს კიდევ ბავშვი – ესე იგი მოემზადოს ამისათვის ემოციურად. ანუ ეს არათუ გათვლილი არ არის ქალზე, არამედ ეს გათვლილია ქალის წინააღმდეგ; აბსოლუტურად ქალის წინააღმდეგ და ბავშვის წინააღმდეგ. არა მხოლოდ იმ ბავშვის წინააღმდეგ, რომელიც დაიღუპა, არამედ იმ ბავშვის წინააღმდეგაც, რომელიც შეიძლება გაჩნდეს.” (სტილი დაცულია)

ცხადია, ამ სიუჟეტის მომზადების მთავარ მიზანს თეოლოგიურ დებატებში ღრმად შესვლა არ წარმოადგენდა. მთავარი, რაც გვამოძრავებდა, საქართველოს ეკლესიის მიერ მიღებული ამ განჩინების ზოგადად გაცნობის სურვილი და მისი შესაძლო შედეგების ანალიზი იყო. შედეგები კი, როგორც სჩანს, შეიძლება საკმაოდ მძიმე აღმოჩნდეს. თანაც არა მარტო საკუთრივ თეოლოგიურ კონტექსტში, არამედ ასევე სოციალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც.
XS
SM
MD
LG