Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიკავკაზში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა დაიწყო


ქართულ-ოსური კონფლიქტი ყოველთვის უფრო იოლად მოსაგვარებლად იყო მიჩნეული, ვიდრე – ქართულ-აფხაზური.

ამის ერთ-ერთ მიზეზად კონფლიქტის ზონის მდებარეობაც სახელდებოდა. თუმცა, დღეს ცხადი ხდება, რომ არათუ კონფლიქტის სრულად მოგვარება არ არის მოკლე დროში შესაძლებელი, კონფლიქტის ზონის საზღვრებიც კი - არა მხარეთა შეთანხმების, არამედ დღემდე თვითშემოქმედების შედეგია.
დღეს ვლადიკავკაზში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა დაიწყო. უმთავრესი საკითხი ამ შეხვედრაზე ქარულ-ოსური კონფლიქტის ზონის საზღვრების დადგენაა. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხის გადაჭრა – ნინო გელაშვილისგან მოისმენთ:

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის საზღვრებს კონფლიქტის ორივე მხარე ერთნაირად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მათი ინტერესები ამის თაობაზე, ბუნებრივია, განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა, ის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კონფლიქტის ზონის საზღვრების დადგენა, ორივემ კარგად იცის. კონფლიქტის ზონაში ყოფნისა და მოქმედების უფლება აქვთ შერეულ სამშვიდობო ძალებს. თუკი ცხინვალს სურს ჩრდილოეთის მიმართულებით შეზღუდოს მშვიდობისდამცველთა შესვლა, თბილისს სურს შერეულ სამშვიდობო ძალებს სწორედ იმ უბნებში შეეძლოთ მუშაობა, სადაც მართლაც ბევრი რამ არის მეთვალყურეობის გასაწევი.

შერეული საკონსტროლო კომისიის სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული, როცა ვლადიკავკაზში ტელეფონით დავუკავშირდი სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას და ვკითხე, თუ მოხერხდა კონფლიქტის ზონის საზღვრების დაზუსტებაზე მსჯელობის წარმართვა კომისიის მონაწილეებთან. გიორგი ხაინდრავამ მიპასუხა:

[ხაინდრავას ხმა]
"- კი, მთელი ორი საათი მსჯელობა მაგ თემაზე იყო.
-
შედეგი არის რამე?
-
შედეგი ძნელი მისაღწევია, მაგრამ შედეგი ის იქნება, რომ ჩვენ ამ პროტოკოლშიც შევიტანთ პუნქტს, სადაც იქნება ნათქვამი, რომ საქართველოს მხარე უფლებას იტოვებს, რომ არსებული დოკუმენტებიდან გამოვიდეს ამ ზონის რეგლამენტირების თვალსაზრისით და ისინი რას ფიქრობენ, ეგ მაგათი ნებაა. აქ კონსენსუსით მიიღება ყველაფერი და მე ვარ მარტო და სამი არის მოწინააღმდეგე მხარე.. ეს ძაან პრინციპული სამკითხია და გასაგებია, რომ მისი გატან იქნება რთული, მაგრამ მე გავაფრთხილე და ეს პუნქტი შევა."

ჩემი კოლეგა გოგა აფციაური კი ასე განმარტავს მხარეთა ინტერესებს:

[აფციაურის ხმა]
"შეიარაღებული ფორმირებებიდან ქართულ-ოსური კონფლიქტის საზღვრებში მხოლოდდამხოლოდ უფლება აქვთ შერეულ სამშვიდობო ძალებს მოქმედებისა და იქ არ უნდა იმყოფებოდეს არც ერთი სხვა შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელი (მხედველობაშია როგორც ოსური, ისე ქართული მხარე). წლების განმავლობაში ეს საკითხი აქტუალური რჩებოდა, რადგან კონფლიქტის საზღვრები ცხინვალიდან სამხრეთით გორის რაიონის სოფლებზე გადიოდა. შემიძლია ერთი ფაქტიც გავიხსენო: ერთ-ერთი ყოფილი სარდალი პრიზემლინი იმის უფლებასაც კი აძლევდა თავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები გორის რაიონის ტერიტორიაზე გადაეადგილებინა და თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალამდეც კი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა ითვლებოდა და პრიზემლინი იქ ვითარების გაკონტროლებასაც კი ცდილობდა".

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა ამდენი ხნის მანძილზე – ცეცხლის შეწყვეტიდან დღემდე უფრო სამხრეთის მიმართულებით არის გავრცობილი. ქართული მხარე უუნარო აღმოჩნდა წინ აღდგომოდა მცდარი საზღვრის დაწესებას. ოსურმა მხარემ კი, ბუნებრივია, გამოიყენა ამგვარი დამოკიდებულება და აი, რატომ. კვლავ ჩემი კოლეგის განმარტებას მოგასმენინებთ:

[აფციაურის ხმა]
"კონფლიქტის ზონის საზღვრები დაფიქსირდა უფრო მეტი ტერიტორიის ფარგლებში, უფრო სამხრეთისკენ, გორის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც საომარი მოქმედებები არც კი მიმდინარეობდა. ხოლო იქ, საიდანაც ძირითადად ხდებოდა იარაღის შემოდინება – მხედველობაში მაქვს ცხინვალის ჩრდილოეთი ნაწილი და კერძოდ ჯავა, სადაც ძირითადად თავმოყრილია ოსური შეიარაღების ნაწილები, იქ არ გადის საზღვარი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონისა. მისი ბოლო, ჩრდილოეთი პუნქტი არის ქართული სოფელი კეხვი. ამის შემდეგ არის უამრავი ოსური სოფელი – გუფთა, მონასტერი და სხვადასხვა სოფლები და ჯავა, რომლებსაც არ ეხება კონფლიქტის ზონის რეჟიმი, ანუ იქ ვერ შედიან შერეული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები".

საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ესმის, რომ კონფლიქტის ზონის საზღვრების დაზუსტების საკითხზე კონსენსუსის მიღწევა დღეს შეუძლებელია, მაგრამ პრინციპულად მიიჩნევს ქართული მხარის პოზიციის ოფიციალურად აღნუსხვას. პოზიცია კი არის ასეთი:

[ხაინდრავას ხმა]
"არა ის არის კონფლიქტის ზონა, რაც აქამდე იყო მიჩნეული და არანაირი საფუძველი მაგას არ ქონდა. ერთადერთი საფუძველი ქონდა ის, რომ ამ 12 წლის მანძილზე ეს დოკუმენტი ჩემს მოსვლამდე არავის არ მოუკითხავს. ამიტომ ჩვენს მხარეს ნელ-ნელა შეაპარეს, რომ კონფლიქტის ზონა შეიცვალა ცნებით შერეული სამშვიდობო ძალების მოქმედების ზონად. ეს ორი სხვადასხვა ცნებაა."

როცა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციაზეა საუბარი და ეს პროცესი, ფორმალურად, სიმბოლურად, თუ როგორღაც დაიწყო, ძნელია სოჭში მიღწეული შეთანხმების ამ პირობის შესრულებაზე მსჯელობა, როცა არ არის დადგენილი ტერიტორია, რომელიც უნდა გასუფთავდეს იარაღისა და უკანონო შეიარაღებული ჯგუფებისგან. სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას კი ამის თაობაზე ასეთი მოსაზრება აქვს:

[ხაინდრავას ხმა]
"სრული დემილიტარიზაცია ნიშნავს, რომ იქ არც ერთი შეიარაღებული კაცი აღარ დარჩება კანონიერი დაჯგუფებების გარდა და კანონიერი დაჯგუფება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ საქართველოს ჯარია"

ეს გახლდათ სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა.
როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა გოგა აფციაურმა გვაცნობა, პარასკევს საღამოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაიჭრა ორი ქართველი მშვიდობისდამცველი. ისინი ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე, ე.წ. "წვერიახოს" მთაზე არსებული საგუშაგოსკენ მიემართებოდნენ, სადაც ქართველი და რუსი მშვიდობისდამცველები და ეუთოს დამკვირვებლები იმყოფებიან. როგორც შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი აცხადებს, ქართველ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს ოსური საგუშაგოს მხრიდან.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG