Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ფინანსური ამნისტია იგვიანებს


საქართველოს პარლამენტში, რომელმაც დღევანდელ სხდომაზე კვორუმის შეკრება დღის პირველ საათამდე ვერ შეძლო, ფინანსური ამნისტიის კანონპროექტთან

დაკავშირებით კვლავ გაურკვეველი სიტუაციაა.
პირველი მოსმენით 9 ნოემბერს განხილული კანონპროექტისთვის დეპუტატებს კენჭი დღემდე არ უყრიათ.
საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლება აღმასრულებელს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.


ფინანსური ამნისტიის პრინციპების განმსაზღვრელი კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრა საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გადადო იმ მოტივით, რომ მთავრობის წევრები, რომლებსაც საკუთარი პოზიციის გამოხატვა ევალებოდათ, ლონდონში, საერთაშორისო კონფერენციაზე, იმყოფებოდნენ.
მინისტრთა კაბინეტის წევრები დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდნენ, პრეზიდენტთან ერთად მმართველი პარტიის ყრილობაც ჩაატარეს და ,,ვარდების რევოლუციის” წლისთავიც აღნიშნეს, მაგრამ ხელისუფლების მიერ დაპირებული ფინანსური ამნისტიის გამოცხადებასთან დაკავშირებული სიტუაცია კვლავ ბუნდოვანია.
ოთხშაბათს პარლამენტის სხდომაზე მხოლოდ ის გაირკვა, რომ, მიუხედავად შეთანხმებისა, მთავრობამ არც იურიდიული კომიტეტის შენიშვნები გაითვალისწინა და არც საპარლამენტო ოპოზიციისა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,მე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ იძულებული ვარ დავაფიქსირო ეს ვითარება, იმიტომ რომ შემდეგ საყვედური იქნება პარლამენტის მისამართით, რომ პარლამენტმა ძალიან გაწელა ამ კანონპროექტის მიღება და დროულად არ ხდება მისი ჩამოყალიბება.”

მთავრობისადმი პარლამენტის თავმჯდომარის საყვედურს იზიარებენ არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ფრაქცია ,,მემარჯვენე ოპოზიციის” დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობის გაჭიანურება სერიოზულ პრობლემებს ქმნის:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ,,დამერწმუნეთ, ამნისტია არ არის ის საკითხი, რომ მოდის, მოდის და ვეღარ მოვიდა. ყოველდღე ხდება ახალ-ახალი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა. თუკი ჯერ ვერ შევჯერდით, დადგენილება მაინც მივიღოთ, რომ შეჩერდეს ეს პროცესი, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც გაურკვეველ აბსურდამდე მივდივართ.” (სტილი დაცულია)

ზურაბ ტყემალაძის ამ ინიციატივას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა იმ მოტივით, რომ დადგენილება კანონის მოქმედებას ვერ შეაჩერებს. ასე, რომ საქართველოში ფინანსური ამნისტიის გამოცხადებამდე, სამართალდამცავებთან არასასიამოვნო ურთიერთობა კიდევ არაერთ მეწარმესა და ბიზნესმენს მოუწევს.
თავის მხრივ, მთავრობა ამტკიცებს, რომ ფინანსური ამნისტიის კანონპროექტის ამჟამინდელ ვარიანტში ასახულია პარლამენტის უმრავლესობისა და იურიდიული კომიტეტის წერილობითი შენიშვნები.
მიუხედავად ამისა, მთავრობის მიერ გათვალისწინებული მოსაზრებები დეპუტატებმა კანონპროექტში ვერ აღმოაჩინეს და განხილვა ხუთშაბათისთვის გადადეს. დაახლოებით ნახევარსაათიან კამათს წერტილი უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ დაუსვა:

[მაია ნადირაძის ხმა] ,,სანამ კანონპროექტი არ დაიწერება ისე, რომ მისი წაკითხვა იქნება ერთმნიშვნელოვანი იმ შეთანხმებებზე, რომელიც ჩვენ ვთქვით. უბრალოდ, როცა ის იწერება მუხლების სახით, ხდება მისი ინტერპრეტირება ათასნაირად. ასეთ რამეზე ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვერ წავა, რადგან ეს გამოიწვევს ბევრად უფრო დიდ რეზონანსს, ამიტომ ეს არის საკითხი, რომელზეც მოლაპარაკება მოუხდება ყველას, ვინც დაინტერესებულია. დიდი მადლობა, საკითხი გადადებულია.” (სტილი დაცულია)

ფინანსური ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულ უთანხმოებას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი უმრავლესობისა და მისივე მინისტრთა კაბინეტის დაპირისპირებად აფასებს:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,ამ უმრავლესობასა და მისსავე მთავრობას შორის უთანხმოების გამო იჭყლიტება ბიზნესი საქართველოში.”

რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავას მოსაზრებას არ ეთანხმებიან არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც უმრავლესობის ლიდერი. შექმნილ სიტუაციას და მწვავე დისკუსიას ისინი საკითხის სერიოზულობით ასაბუთებენ და იმედი აქვთ, რომ ფინანსური ამნისტიის კანონპროექტის ყველასთვის გასაგებ და შეთანხმებულ ვარიანტს პარლამენტის სხდომაზე ხუთშაბათს გაეცნობიან.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG