Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 567-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის". მის 567-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა სადღეისო მდგომარეობაზე; გაზეთ "სანდი ტაიმსის" ერთი პუბლიკაციის კვალდაკვალ ერთხელ კიდევ შევეხებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პრობლემებს; გესაუბრებით საქართველოს ისტორიაში ეკლესიის როლის ერთ ასპექტზე; გაგაცნობთ ავსტრიაში გამოცემულ წიგნს "ქართული სუფრა. 151 რეცეპტი". ბოლოს კი შემოგთავაზებთ ჩვენს ტრადიციულ რუბრიკას "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი". "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

რა გაკეთდა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის "ვარდების რევოლუციიდან" გასული ერთი წლის მანძილზე? ინტერვიუ ალექსანდრე რონდელთან

დავით კაკაბაძე:
ბანალობაა იმის თქმა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობაა. "ვარდების რევოლუციის" წლისთავზე ამ არცთუ მარტივი პრობლემის გარშემო მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ საქართველოს სტრატეგიისა და საგარეო ურთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტს ალექსანდრე რონდელს. თბილისის ბიუროში მას ჩვენი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრება.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებდა საქართველოს სტრატეგიისა და საგარეო ურთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიაში მას გიორგი კაკაბაძე მასპინძლობდა. ახლა კი ვისაუბრებთ საკითხზე, რომელიც თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობებში ასევე დიდ როლს ასრულებს. ეს საკითხია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.

[მუსიკა]

ბრიტანეთის პარლამენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის გამოძიებას ითხოვს

დავით კაკაბაძე:
გაზეთ "სანდი ტაიმსის" ცნობით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადების უსაფრთოების საკითხით დაინტერესდა. დეპუტატებს განზრახული აქვთ, ბი-პი-ში რევიზიის ჩატარება მოითხოვონ. "სანდი ტაიმსი" არ გამორიცხავს, რომ გამოძიების დასრულებამდე მილსადენის მშენებლობა გაურკვეველი ვადით შეჩერდება. შეგახსენებთ: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობის დასრულება გაისად გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი. თუმცა, მშენებლობის ბოლო ეტაპზე, როგორც თამარ ჩიქოვანი იუწყება, ამ სტრატეგიული მილსადენის ირვლივ სულ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება.

თამარ ჩიქოვანი:
ის, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, არავის აეჭვებს. სხვა საკითხია, რომ მილსადენის მარშრუტთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დისკუსია საქართველოს საზოგადოებაში დიდი ხანია გრძელდება. საზოგადოება თავის დროზე განსაკუთრებით ააღელვა ცნობამ იმის შესახებ, რომ მილსადენი ბორჯომის ხეობაზე გაივლის.

ზუსტად ორი წლის წინ, 2002 წლის დეკემბრის დასაწყისში მაშინდელ მთავრობაში გაუგონარი რამ მოხდა: ეკოლოგიის მაშინდელმა მინისტრმა ნინო ჩხობაძემ უარი განაცხადა, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ხელი მოეწერა გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე. არადა, უამისოდ ნავთობსადების მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა. გავრცელებული ცნობებით, მაშინ ეკოლოგიის მინისტრი შუაღამისას პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სასწრაფოდ გამოიძახა კანცელარიაში. ეს ფაქტი მაშინდელი პარლამენტის განხილვის საგნადაც კი იქცა.

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა]

სოციალისტური პარტიის მაშინდელი ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის ეს იდეა განუხორციელებლი დარჩა. თუმცა, ნინო ჩხობაძე დღესაც თვლის, რომ საქართველოს მხრიდან ხელმოწერის პირობებით გაცემა სრულიად გამართლებული იყო

[ნინო ჩხობაძის ხმა]

რამდენად რეალურია დღეს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელთა მოთხოვნა ნავთობსადენის მარშრურის შეცვლის შესახებ - როგორც იცით, საქართველოს ეკოლოგიური არასამატრობო ორგანიზაციები კვლავ მოითხოვენ, რომ ნავთობსადებმა გვერდი აუაროს ბორჯომის ხეობას. ნინო ჩხობაძის თქმით

[ნინო ჩხობაძის ხმა]

როგორც მოისმინეთ, ნინო ჩხობაძის განცხადებით, ქართულ მხარეს ბორჯომის ხეობაძე მილსადენის მშენებლობის ნებართვა არ მიუცია. მისი განმარტებით, ქართული მხარის მოთხოვნა, უსაფრთოების ნულოვანი ვარიანტის შესახებ, ბი-პისთვის უცხო ხილი ნამდვილად არ არის

[ნინო ჩხობაძის ხმა]

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ წინასწარი ვარაუდით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დასრულება გაისად გაფახზულზეა ნავარაუდევი. თუმცა, ბრიტანეთის პარლამენტის ჩარევის გამო, შესაძლოა, მშენებლობა გაურკვეველი დროით შეჩერდეს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობა ჩვეულებრივად გრძელდება.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ქვეყნის ისტორიაში ეკლესიის როლის გარშემო დისკუსია გრძელდება

დავით კაკაბაძე:
გასულ კვირაში საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ დაასრულა სამი გადაცემისგან შემდგარი დისკუსიების ციკლი, რომელიც საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე ქრისტიანობის გავლენას ეხებოდა. გამჭოლი იდეა, რომელიც სამივე გადაცემას გასდევდა, გახლდათ ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეობა მუდამ შემწყნარებლობის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული. რჯულთშემწყნარებლობა ქართველებისთვის დამახასიათებელი თვისებაა - ეს არის ერთი ძირითადი დასკვნა, რომელიც მაყურებელს უნდა გამოეტანა გადაცემებიდან, რომელსაც, სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია უძღვებოდა. ისტორიის გაკვეთილთა დასკვნების გასამდიდრებლად დავით პაიჭაძე დაუკავშირდა მკვლევარ ავთანდილ ჯოხაძეს, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის შესახებ არაერთი პუბლიკაციის ავტორია.

დავით პაიჭაძე:
ავთანდილ ჯოხაძე ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებას ორ ეტაპად ყოფს: მე-13 საუკუნემდე და მის შემდეგ. პირველ ეტაპზე პოლიტიკური სისტემა კლასიკურია და შეესაბამება თავის თანამედროვეობას, მე-13 საუკუნის შემდეგ კი ის ანომალიურია და გარეშე თუ შიდა კატასტროფების პირობებში არსებობს - მიაჩნია ავთანდილ ჯოხაძეს:

[ჯოხაძის ხმა] “ამ სახელმწიფო სისტემაში უნდა მოვიაზროთ ეკლესია. ეკლესია, გარდა იმისა, რომ იყო რელიგიური დაწესებულება, შუა საუკუნეებში იყო პოლიტიკური წარმონაქმნიც. ქვეყანა მაშინ ვერ უზრუნველყოფდა ადამიანის დაცვას, საერთოდ, სრული ქაოსი იყო და არანაირი წესრიგი არ არსებობდა საუკუნეების განმავლობაში. ამ გარემოს ვერც ეკლესია აღწევდა თავს და ამ ფონზე ლაპარაკი შემწყნარებლობის შესახებ, თითქოსდა თანამედროვე ღირებულებითი სტანდარტების მიხედვით მოქმედებაზე წმინდა წყლის პროპაგანდაა.”

რაც შეეხება ქართველობისა და მართლმადიდებლობის გაიგივებას გვიან შუა საუკუნეებში, ავთანდილ ჯოხაძის აზრით, ეს ავიწროებდა ქართველის გაგებას და ადასტურებდა რელიგიური და პოლიტიკური შინაარსების გაუმიჯნაობას. მართლმადიდებლისა და ქართველის იგივეობის დოქტრინა შეუწყნარებლობაზე მიანიშნებს, რადგან არ უშვებს, რომ ქართველი შეიძლება არ იყოს მართლმადიდებელი.

[ჯოხაძის ხმა] “მარტო სულხან-საბას ბიოგრაფიაში ცნობილი ის სკანდალური ფაქტი რად ღირს, როცა კათოლიკობის მიღების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქაც აშკარად არ შეიძლება ლაპარაკი შემწყნარებლობაზე. თუ იყო ჩვენს ისტორიაში შემწყნარებლობის მაგალითები, ეს უფრო სახელმწიფოს დამსახურება გახლდათ, განპირობებული პოლიტიკური ინტერესით.”

ავთანდილ ჯოხაძე ავითარებს ეკლესიის, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნის, იდეას საქართველოს ისტორიაში და ამბობს, რომ ქართული სახელმწიფო იყო სამეფოც და ეკლესიაც. ადრეულ შუა საუკუნეებში არსებობდა ქალაქი-რესპუბლიკაც, მაგრამ ის ვერ განვითარდა. საქართველოს ეკლესიის ისტორია ქართული სახელმწიფოს ისტორიაცაა. ეკლესიის დამსახურებაზე საუბრისას ავთანდილ ჯოხაძე აღნიშნავს, რომ დაქუცმაცებულობის ხანაში ქართული ენა, როგორც ერთიანი კულტურული სივრცისა და ნაციონალური ცნობიერების შემადუღაბებელი ფაქტორი, სწორედ ეკლესიამ შეინახა და ამოქმედა. მკვლევარი პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევს იმასაც, რომ, მაგალითად, კახეთის სამეფოში სამხედრო-ტერიტორიულ ერთეულებს, სადროშოებს, სათავეში ეპისკოპოსები ედგნენ, რაც ცენტრალურ ხელისუფლებას აძლიერებდა, რადგან ეს თანამდებობა მემკვიდრეობით არ გადადიოდა. მონღოლთა ბატონობის პერიოდში საეკლესიო გლეხები არ იბეგრებოდნენ, რამაც ქვეყნის სამეურნეო ცხოვრება სრული გაჩანაგებისგან იხსნა:

[ჯოხაძის ხმა] “ახლა მახსენდება, რომ მარტყოფის ომში მცხეთის კათალიკოსის ჯარიც მონაწილეობდა. ეს იყო აჯანყება, რომელშიც ყველა არ ჩაერთო, ორჭოფობდნენ და ირანთან დათმობის გზას ადგნენ, მაგრამ გიორგი სააკაძეს ჯარის ნაწილი კათალიკოსმაც შეაშველა. ესეც დადებით როლზე მეტყველებს.”

სასულიერო წოდებას ისეთი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ ნამდვილად შეუძლია სიქადულით ილაპარაკოს, აღნიშნავს ავთანდილ ჯოხაძე, მაგრამ დღეს სრულიად სხვა ღირებულებების დროა:

[ჯოხაძის ხმა] “პოლიტიკაში ეკლესიის უშუალო ჩარევის დრო წარსულს ჩაბარდა. ეკლესია უნდა გახდეს წმინდა წყლის სასულიერო დაწესებულება, გამომხატველი და დამაკმაყოფილებელი მხოლოდ რელიგიური და არა პოლიტიკური ინტერესისა. ის უნდა გაემიჯნოს სახელმწიფოს. ეს ეკლესიის გადარჩენის ინტერესიცაა.”

მოკლედ, დისკუსიის დაწყება თუ განახლება ქრისტიანობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ისტორიაში არ წარმოშობს მხოლოდ ოფიციოზურ ან კანონიკურ თვალსაზრისებს. ისტორიული ფაქტების ინტერპრეტაცია ხომ ნაირგვარად შეიძლება.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

რატომ სცემეს ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი?

დავით კაკაბაძე:
ქართულ კერძებს ევროპელებიც მოამზადებენ. ვენაში გამოიცა წიგნი "ქართული სუფრა. 151 რეცეპტი"

ქართველებს საამაყო, დამეთანხმებით, არცთუ ისე ცოტა გვაქვს, მაგრამ როცა უცხოელი სტუმრის წინაშე თავის მოწონებას გადავწყვეტთ ხოლმე, პირველ რიგში, რატომღაც ქართული სამზარეულო გვახსენდება. ცხადია, უმეტეს შემთხვევაში მარტო ლაპარაკით არ ვკმაყოფილდებით - სტუმარი მიგვყავს რესტორანში, ანაც შინ ვეპატიჟებით და ვცდილობთ, მონაყოლი საქმით დავუსაბუთოდ. საქართველოში ეს ყველაფერი, მართალია, გარკვეულ ხარჯთან არის დაკავშირებული, მაგრამ ტექნიკურად სულ იოლი შესასრულებელია - რესტორნების ნაკლებობას არც თბილისი უჩივის, არც ქუთაისი და არც საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქი; დიდოსტატ დიასახლისებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

აი, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს კი ამ მხრივ არაერთხელ გაგვჭირვებია: ქართული რესტორნები მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია, ხოლო შინ ევროპაშიც და ამერიკაშიც მხოლოდ იმ ადამიანს ეპატიჟებიან, მეგობართა უახლოეს წრეს რომ ეკუთვნის. დანარჩენები იძულებული ხდებიან, სიტყვაზე გვენდონ და ქართული კერძების განუმეორებელ ხიბლს მხოლოდ წარმოსახვის დაძაბვის გზით ჩასწვდნენ.

თუმცა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. დიახ, ასე იყო აქამდე, სანამ არ არსებობდა რომელიმე ევროპულ ენაზე გამოცემული და ყველასთვის ხელმისაწვდომი სამზარეულო წიგნი, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი მსურველი შეძლებდა ქართული კერძის მომზადებასა და დაგემოვნებას. ახლა ასეთი გამოცემა არსებობს: სულ ახლახან ვენის გამომცემლობა "მანდელბაუმში" გერმანულ ენაზე გამოვიდა ავსტრიის დედაქალაქში მცხოვრები ქართველი ხელოვანისა და ხელოვნების კურატორის, ნანა მესხი-ანსარის წიგნი "ქართული სუფრა. 151 რეცეპტი".

როგორც ავტორთან სატელეფონო საუბარში გაირკვა, წიგნის დაწერისკენ მას სწორედ იმ მიზეზებმა უბიძგა, ზემოთ რომ ჩამოვთვალეთ.

ნანა მესხი-ანსარი: "ალბათ, ძნელი არ არის, რომ დაგებადოს აზრი და სურვილი ამ წიგნის შექმნის, თუ საზღვარგარეთ ცხოვრობ და თუ მოხვდები წიგნების მაღაზიაში, განსაკუთრებით კულინარიის განყოფილებაში, სადაც სავსეა უამრავი, ლამაზად გაფორმებული წიგნები და გთავაზობენ აბსოლუტურად ყველა ქვეყნის სამზარეულოს. მაგრამ ამ უზარმაზარ განყოფილებაში ვერ იპოვი წიგნს ქართულ სამზარეულოზე."

ისევ გავიმეორებ - ახლა უკვე იპოვი. და ეს ვენის "მანდელბაუმის" გამომცემლობის დამსახურებაა. მე დავურეკე გამომცემლობის ხელმძღვანელს მიხაელ ბაიკულესკუს და ვკითხე, რატომ მოისურვეს მან და მისმა კოლეგებმა ქართული სამზარეულო წიგნის გამოშვება.

მიხაელ ბაიკულესკუ: "ჩვენმა გამომცემლობამ უკვე გამოუშვა რამდენიმე სამზარეულო წიგნი და ვაპირებთ, ამ სფეროში კიდევ უფრო გავაფართოვოთ პროგრამა. ჩვენი წიგნების განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ისინი - განსხვავებით გერმანულენოვან ქვეყნებში გავრცელებული წესისგან - არ წარმოადგენენ უხვად დასურათებულ ფოტოალბომებს. რეცეპტებთან ერთად ჩვენ გვაინტერესებს სუფრის, ან, უხეშად თუ ვიტყვით, ჭამა-სმის სოციალურ-კულტურული მხარე. რამდენიმე წიგნი გამოვეცით ჩვენში ნაკლებად ცნობილ რეგიონებზე, მათ შორის ერთი აფრიკული სამზარეულო წიგნიც... ძალიან გვიხარია, როცა გერმანულენოვანი სამყაროსთვის ერთგვარად ეგზოტიკურ ხელნაწერს გვთავაზობენ. ამიტომ ნანა ანსარის წინადადებაც სიამოვნებით მივიღეთ."

მიხაელ ბაიკულესკუს ვკითხე, ქართულ სამზარეულოს უწინაც თუ იცნობდა.

მიხაელ ბაიკულესკუ: "არა, სრულებით არა. მერე, როცა ხელნაწერი გადავათვალიერე და კოლეგებთან ერთად დავიწყე იმაზე მსჯელობა, ჩვენი საზოგადოებისთვის მეტისმეტად ეგზოტიკური ხომ არ იქნება-მეთქი, აღმოვაჩინე, რომ ჩვენში "რუსულ სამზარეულოდ" ცნობილი კერძების დიდი ნაწილი სინამდვილეში ქართული ყოფილა. ასე რომ, ეგრეთ წოდებული "რუსული რესტორნები" ნაწილობრივ ქართული რესტორნებია. მერე, რეცეპტებს უფრო ახლოს რომ გავეცანი, მოვიხიბლე ქართული სამზარეულოს თვითმყოფადობით, სუნელების მრავალფეროვნებითა და არასტანდარტული კომბინაციებით. ხოლო როცა შევიტყეთ, რომ ყოველივე ამის უკან ძველი ტრადიცია დგას, საბოლოოდ დავრწმუნდით ჩვენი არჩევნის სისწორეში."

ის, რომ გემრიელი კერძების უკან ძველი ტრადიცია დგას, საქმეში ჩაუხედავი მკითხველისთვისაც სულ მალე ხდება ნათელი; რადგან ნანა მესხი-ანსარის წიგნი მხოლოდ რეცეპტების კრებული არ გახლავთ.

ნანა მესხი-ანსარი: "მინდოდა, რომ ეს წიგნი ინფორმატიული ყოფილიყო, იმისთვის, ვინც ნაკლებად იცნობს ან სულ არ იცნობს ქართულ კულტურას. და ამიტომ მივმართე ზურაბ კიკნაძეს, მივუტანე ეს კონცეფცია წიგნის და ვკითხე, თუ შეუძლია ამა და ამ ტექსტების დაწერა, და ისიც სიამოვნებით დამთანხმდა. ქართულ კულტურაზე, რელიგიაზე, ანბანზე, მუსიკაზე, ღვინოზე, სუფრის ტრადიციებზე... ასე რომ, ამაზე ყველაფერზე არის ამ წიგნში ზურაბ კიკნაძის ტექსტები შეტანილი."

ცნობილი ფილოლოგისა და ეთნოლოგის, პროფესორ ზურაბ კიკნაძის შესავალ წერილში საუბარია ქართული სუფრის სტრუქტურასა და ელემენტებზე, თამადის პასუხისმგებლობასა და სუფრის წევრთა უფლება-მოვალეობებზე, მოცემულია სადღეგრძელოების თანმიმდევრობა ლხინის სუფრასა თუ ქელეხში. დანართის სახით კი, წიგნის ბოლოს, დაბეჭდილია მოკლე მიმოხილვის ხასიათის სტატიები საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაზე, ენაზე, ანბანზე, კულტურასა და რელიგიაზე...

თუმცა, დავუბრუნდეთ წიგნის ძირითად ნაწილს - რეცეპტებს. "მანდელბაუმის" გამომცემლობის დირექტორს მიხაელ ბაიკულესკუს ვკითხე, რამდენად შეიძლება ველოდეთ ქართული სამზარეულოთი ავსტრიელი თუ გერმანელი გურმანების დაინტერესებას. და ხომ არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ევროპელის გემოვნებამ ესა თუ ის ქართული კერძი იუცხოვოს.

მიხაელ ბაიკულესკუ: "ჩვენი მკითხველი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც აინტერესებს ყოველგვარი სიახლე, სურს რაიმე ახალი აღმოაჩინოს. ამდენად, ამაში დაბრკოლებას ვერ ვხედავ. მეორე მხრივ, მიჩნდებოდა კითხვა: შეიძლება თუ არა ამ რეცეპტების მიხედვით კერძების მომზადება ჩვენში? იშოვება თუ არა საამისოდ საჭირო ყველა პროდუქტი? ახლა სუფთა სინდისით შემიძლია გითხრათ: წიგნში შესული ყველა რეცეპტის მიხედვით მოვამზადეთ კერძები და არც არაფრის ყიდვა გაგვჭირვებია."

თუმცა, საქმე მთლად ისეც არ არის, როგორც მიხაელ ბაიკულესკუ ამტკიცებს. თურმე, მაინც ყოფილა ერთი რამ, რისი შოვნა ავსტრიაშიც კი პრობლემაა. ეს ნანა მესხმა გამანდო.

ნანა მესხი-ანსარი: "ერთადერთი, რაც აქ ვერ ვიპოვე, არის უცხო სუნელი და ასევე, რა თქმა უნდა, სულუგუნი. ამიტომ აღმოვაჩინე აქ ყველი, თურქული, რომელიც აბსოლუტურად ყველგან იყიდება საზღვარგარეთ და რომელიც ასევე კარგად უხდება (თუ მას მოცარელაში აურევ), ისევე კარგად უხდება ხაჭაპურს, როგორც ჩვენი ყველი. ასე რომ, ძალიან გემრიელი გამოდის."

როგორც ხედავთ, გამოსავალი აქაც მოიძებნა. ისე, ხაჭაპურს რაც შეეხება, ნათქვამია, რამდენი დიასახლისიც არსებობს, ხაჭაპურიც იმდენნაირიაო. სწორედ ამიტომ გამიჩნდა კითხვა, რა პრინციპით შეარჩია რეცეპტები წიგნის შემდგენელმა.

ნანა მესხი-ანსარი: "მე სულ ვამზადებ და ვიცი ეს რეცეპტები უკვე დიდი ხანია. მე მგონი, ყველა ქართველი დიასახლისი ან ქალი, ყველა ამზადებს და საკმაოდ კარგად ამზადებენ. ამიტომ, თან ვიცოდი და თან კიდევ სულაქველიძის წიგნი მაჩუქა მამაჩემმა, როცა გავთხოვდი და, ფაქტიურად, ამ წიგნით დავიწყე მზადება. თან დედაჩემმა მასწავლა რაღაც კერძები, ნათესავებმაც. მეგობრებისგან ვისწავლე რაღაცები, რაც მომწონდა და ასე, საკმაოდ ბევრნაირ კერძებს ვამზადებდი აქაც, ავსტრიაში."

როგორც ნანა მესხმა-ანსარიმ მითხრა, რეცეპტების შერჩევისას აუცილებელი იყო ევროპელთა გემოვნების გათვალისწინებაც.

ნანა მესხი-ანსარი: "მაგალითად, ცხვრის ხორცს და ძალიან ცხიმიანს აქ მაინცდამაინც არ ჭამენ და ამიტომ გავითვალისწინე ეს ყველაფერი და ის რეცეპტები მივუთითე, რაც აქ ძალიან კარგად გამოცდილიც მაქვს და ხშირად დამიმზადებია სტუმრებისთვის და რაც აქ ძალიან მოსწონთ. იმიტომ არის 151 რეცეპტი და არა სამასი, დავუშვათ..."

მე კი დავამატებ: კიდევ კარგი, სამასი რეცეპტი არ არის, თორემ წიგნი ალბათ ჯერაც არ იქნებოდა გამოსული. ასეთი ვარაუდის უფლებას გამომცემლობა "მანდელბაუმის" დირექტორის, მიხაელ ბაიკულესკუს შემდეგი მონათხრობი მაძლევს:

მიხაელ ბაიკულესკუ: "ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს რედაქტორი და მეუბნება: არ ვიცი, რა ვქნა, კუს ნაბიჯებით მივიწევ წინ: როგორც კი რეცეპტს წავიკითხავ, თვალწინ მიდგება კერძი და სამზარეულოში გავრბივარო. მერე კინაღამ ჰონორარის გაზრდა მომთხოვა, წონაში მოვიმატე და გასახდომად კურორტზე უნდა წავიდეო."

ხუმრობა იქით იყოს და წიგნი "ქართული სუფრა. 151 რეცეპტი" უთუოდ აღგიძრავთ მადას და ქართული კერძების მზადების იშტაზე მოგიყვანთ. ნანა მესხ-ანსარის კი იმიერიდან აღარ მოუწევს მეგობრების წინაშე თავის მართლება.

ნანა მესხი-ანსარი: "ბევრი ავსტრიელი მეგობარი სულ მეკითხებოდა, რატომ არ არის ქართული სამზარეულოს წიგნი ან სად შეიძლება შევიძინოთო. ზოგი, ვიცი, რომ ძალიან დიდხანს ინტერნეტთან იჯდა და ეძებდა, რომ რაღაც ეპოვა ქართულ სამზარეულოზე - უფრო ვინც ნამყოფია და ვინც იცის ქართული სამზარეულო. და ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეს დანაკლისი როგორღაც შემევსო."

დაბოლოს: ნანა მესხ-ანსარის ვკითხე, წიგნში შეტანილი რომელიმე რეცეპტით ვინმე მის ნაცნობ ავსტრიელს თუ უსარგებლია.

ნანა მესხი-ანსარი: "კი, კი. უკვე რამდენიმე მეგობარმა დამირეკა, ვინც შეიძინა წიგნები და ახლა ნელ-ნელა ამზადებენ. და, სხვათა შორის, ლექტორმა, რომელიც ასწორებდა ამ წიგნს, იმანაც რამდენიმე კერძი მოამზადა ამ წიგნიდან, სანამ წიგნი გამოვიდოდა."

როგორც ჩანს, ეს ის ლექტორია (ან, უფრო სწორად, რედაქტორი), რომელმაც მიხაელ ბაიკულესკუს ჰონორარის გაზრდა სთხოვა: ქართული საჭმლის გადამკიდე წონაში მოვიმატე და გასახდომად უნდა წავიდე კურორტზეო.

[მუსიკა]

კალეიდოსკოპი

დავით კაკაბაძე:
ახლა მიკროფონს გადავცემ ჩემს კოლეგას მარიამ ჭიაურელს, რომელიც "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპს" გთავაზობთ.

მარიამ ჭიაურელი:
ტინა ტერნერი დაბრუნდა: “როკის დედოფალს”, რომელიც პარასკევს 65 წლის გახდა, ინდური ღვთაების, შაკტის როლში იღებენ. ეს, ალბათ, ტერნერის ბევრ ფანს ახარებს - მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ მომღერალი სცენასა და ეკრანს, მაშინდელი განცხადებით, საბოლოოდ გამოეთხოვა; მაგრამ აი, ინდუისტები აღტაცებული არ ჩანან. არაერთმა ორგანიზაციამ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მათი ღვთაების განსახიერებას “სექს-სიმბოლო” ტერნერი აპირებს. ძნელი სათქმელია, შეცვლის თუ არა მათს დამოკიდებულებას ტერნერის ინტერვიუები, რომელიც ბოლო დღეებში ინდოეთის ჟურნალ-გაზეთებში გამოჩნდა: როკ-ვარსკვლავი სკეპტიკოსებს აუწყებს, რომ უკვე 25 წელია, ბუდიზმის მიმდევარია და დიდ პატივს სცემს ინდუიზმს. ფილმი "ღვთაება" ეკრანებზე გაისად გამოვა. მანამდე კი ისევ ძველ ჰიტს მოვუსმინოთ.

[მუსიკა]

"პირველი, უკანასკნელი, ერთადერთი, რომელიც მუსიკას მართლა გრძნობდაო" - ეს სიტყვები ტინა ტერნერზე რომ არ არის ნათქვამი, ალბათ, არავის გაუკვირდება. მაგრამ ასეთი ხოტბა არც ბახისთვის შეუსხამთ, არც მოცარტისა და არც ბეთჰოვენისთვის - ყველა დროის ალბათ ყველაზე უფრო ცნობილი მუსიკოსებისთვის. “პირველი, უკანასკნელი, ერთადერთი, რომელიც მუსიკას მართლა გრძნობდა” დირიჟორი ვილჰელმ ფურტვენგლერი იყო - ყოველ შემთხვევაში, ასე აქვს ნათქვამი ფურტვენგლერის სახელოვან კოლეგას, სერგიუ ჩელიბიდაკეს. რასაკვირველია, ჩელიბიდაკე აზვიდებდა - მას, ალბათ, ისიც კარგად მოეხსენებოდა, რომ მსგავსი შეფასება არ შეიძლება სწორი იყოს. მაგრამ ჩელიბიდაკეს ეიფორია გასაგებია: ფურტვენგლერს ბევრი მიიჩნევს გასული საუკუნის სრულიად გამორჩეულ ოსტატად, რომელიც რანგით ყველა დანარჩენ დირიჟორს აღემატებოდა. გერმანელი მუსიკისმცოდნე იოახიმ კაიზერი, რომელიც 1942-54 წლებში ბევრჯერ დასწრებია ფურტვენგლერის კონცერტებს ბერლინში, იხსენებს, როგორ იდგა ფურტვენგლერი თავისი ორკესტრის წინაშე: ტანმაღალი, მღელვარებით მოცული, მაგრამ არასოდეს - ნერვიული: როგორც იუპიტერი, "მელოტი იუპიტერი". 30 ნოემბერს 50 წელი შესრულდება ამ იუპიტერის გარდაცვალებიდან.

[მუსიკა]

50 წელი გავიდა, აგრეთვე, მას შემდეგ, რაც დედამიწას მოევლინა ემირ კუსტურიცა - ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური კინოხელოვანი, რეჟისორი ფილმებისა “შავი კატა, თეთრი კატა”, “სიზამრი არიზონაზე”, “ანდერგრაუნდი”. დაბადების დღე კუსტურიცამ კონცერტით აღნიშნა - გერმანიის ქალაქ კიოლნში. ის უკვე 20 წელია უკრავს ბენდში “ზაბრანიენო პუსენიე” (რაც ჩვენს ენაზე ნიშნავს “მოწევა აკრძალულია”). “ის ფრენკ ზაპასავით უკრავს; ჯიმი ჰენდრიქსი, ვიდრე მის ასაკს მიაღწევდა, ორჯერ მოკვდებოდაო” - ასე წარუდგინეს კონცერტზე მისულებს გიტარისტი კუსტურიცა. მოვუსმინოთ მუსიკას, რომელსაც ველური ბიტის, ბალკანური ფოლკლორის, ბოშებისა და პანკური მუსიკის ნაზავად მოიხსენიებენ. “ზაბრანიენო პუსენიეს” მუსიკოსები კი თავიანთ სტილს, უბრალოდ, “უნცა-უნცას” უწოდებენ.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალი ამით დამთავრდა. "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG