Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძღოლები მეორადი მოხმარების ჰოლანდიური “დაფების” წინააღმდეგ


რამდენიმე თვეა, რაც თბილისსა და რაიონებში ახალი, ყვითელი ფერის “დაფის” მარკის, სამგზავრო ავტობუსები გამოჩნდა. “იაფი და კომფორტული” - ახალ სატრანსპორტო

საშუალებებს ასეთ შეფასებას, ძირითადად, მგზავრები და ავტობუსის მფლობელი ორგანიზაციის წარმომადგენლები აძლევენ, თუმცა სულ სხვანაირად ფიქრობენ ტრანსპორტის სფეროში მომუშავე სხვა მძღოლები, რომელთა თქმითაც, ხელისუფლებამ ავტობუსების შემოყვანით ჯანსაღი კონკურენციის პირობები დაარღვია. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული ავტობუსები საქართველოში განბაჟების გარეშე იქნა შემოყვანილი.

თბილისის ქუჩებში ჰოლანდიიდან ჩამოყვანილი “დაფის” მარკის პირველი ორი სამგზავრო ავტობუსი რამდენიმე თვის წინ, 2004 წლის მაისში, გამოჩნდა. ამჟამად კი მათი რაოდენობა 100-ს აღემატება. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მონაცემებით, ერთი ავტობუსის შეძენა 10 ათას 850 ევრო ჯდება. ეს თანხა თბილისის მთავრობამ, ლიზინგის წესით, სამი წლის განმავლობაში უნდა დაფაროს. “ავტობუსების შემოყვანამ გაამართლა,” - ამბობს თბილისის პრემიერი ბიძინა ბრეგაძე:

[ბიძინა ბრეგაძის ხმა] “მიეჩვია ამას თბილისის მოსახლეობა, ავტობუსები თითქმის სულ გადაჭედილი დადის და, ფაქტობრივად, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ის შემოსავალი, რაც ბიუჯეტში ამ საქმიანობიდან შედის: დღეში 120 ლარს მიაღწია, მაშინ როცა თავიდან 40 ლარი იყო. მალე 150 ლარზე გავალთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ავტობუსები არათუ წაგებაზე არ მუშაობენ, არამედ მომგებიანებიც არიან.”

ბრეგაძის მსგავსად, კმაყოფილებას ვერც მგზავრები მალავენ, რომლებმაც, ჰოლანდიური ავტობუსების სახით, გადაადგილების სწრაფი და იაფი საშუალება იშოვეს. თუმცა სწორედ ამ მოსაზრების გამო ავტობუსების გამოჩენას კონკურენტი მძღოლები აპროტესტებენ. გორში, მაგალითად, საქმე გზების გადაკეტვამდეც კი მივიდა.

[მძღოლის ხმა] “ახალ ავტობუსებზე არც კი გვკითხეს, ისე შემოიყვანეს. ვინ არიან, ეგეც კი არ ვიცით, სხვები არან… ჩვენი მძღოლები 25 წელია იმ ძველ მანქანებს არემონტებენ და აკოწიწებენ. როცა გაფუჭებულია მანქანა, პატრონი არ არის, რომ რაღაცა მოგვიტანოს და რამე ნაწილით დაგვეხმაროს.”

მძღოლები აქცენტს არაჯანსაღ კონკურენციაზე აკეთებენ. მათი თქმით, ჰოლანდიური ავტობუსები საქართველოში განბაჟების გარეშე შემოიტანეს და ამ ფაქტს სატრანსპორტო საშუალებების ერთ ნაწილზე დღემდე შერჩენილი უცხოური ნომრები ადასტურებენ. თუმცა იმას, რომ ეს ინფორმაცია არასწორია, ჩემთან საუბარში საბაჟო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა ბიწაძე ადასტურებს:

[ხათუნა ბიწაძის ხმა] “ოფიციალური ინფორმაციით, არის საბაჟო პროცედურა გავლილი თავიდან ბოლომდე და ბიუჯეტში შესულია 231 ათას 283 ლარი - განბაჟების თანხა.”

პეტრე მემარნიშვილი “მუნიციპალური ავტობუსების საწარმოო გაერთიანების” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყველა ავტობუსი საბაჟო წესების სრული დაცვით არის შემოყვანილი, თუმცა, მისივე განმარტებით, ადგილი ჰქონდა მცირე შეფერხებას:

[პეტრე მემარნიშვილის ხმა] “განბაჟება უკვე გაკეთდა და ახლა ნომრების აღება უნდა მოხდეს და უცხოური ნომრები მალე გამოიცვლება. წარმოშობის სერტიფიკატები გვიან მოგვივიდა ჰოლანდიიდან და, აქედან გამომდინარე, ზოგიერთ მანქანაზე ნომრის აღება ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი მოგვარებულია და ერთ კვირაში ყველაფერი კარგად იქნება.”

მემარნიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიიდან შემოყვანილი 107-ვე ავტობუსი მეორადი მოხმარებისაა, ქალაქის სატრანსპორტო გაერთიანების ხელმძღვანელობა კმაყოფილებას ვერ მალავს. მისი თქმით, უკვე გადაწყვეტილია: მუნიციპალიტეტის ავტოპარკი მომავალი წლიდან “დაფის” მარკის 200 ავტობუსით გამდიდრდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG