Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ახალი საგადასახადო კოდექსი, შემსუბუქებული შენიშვნებით”


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასული კვირის დასაწყისში ერთგვარად სკანდალური ხასიათი შეიძინა თბილისის მერიაში განვითარებულმა მოვლენებმა, რასაც საქართველოს პრესა საკმაოდ ვრცლად

გამოეხმაურა. საბოლოოდ, ვნებათაღელვა იმით დასრულდა, რომ თბილისის პრემიერის პოსტი მიხეილ ქურხულმა დაიკავა.

გასული კვირის პრესა არანაკლებ აქტიურად გამოეხმაურა უფრო მაღალი დონის შესაძლო საკადრო ცვლილებების პრობლემატიკას. დღევანდელ მიმოხილვაში ამ საკითხთან ერთად შევეხებით იმ წერილებს, რომლებიც ეძღვნება ადამიანის უფლებების დაცვას, ახალ საგადასახადო კოდექსს, “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონპროექტს და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებას.


8-9 დეკემბრის გაზეთ “ახალი ვერსიის” თქმით, “მიხეილ სააკაშვილი მთავრობაში მორიგ კარუსელს ატრიალებს. ქვეყნის პრეზიდენტი უმაღლეს პოლიტიკურ ფიგურებს კიდევ ერთხელ გადააწყობს საჭადრაკო პაიკებივით.”

გაზეთი წერს: “ძალოვანი მინისტრების როტაციის პრაქტიკა ამ ექვსი თვის წინ დაინერგა. მაშინ სააკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს, გიორგი ბარამიძესა და გელა ბეჟუაშვილს ადგილები იმ მოტივით შეუცვალა, რომ მათზე ახალი პოსტები ზედგამოჭრილი იქნებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს პოსტებს კიდევ ერთხელ უცვლიან. შესაძლოა, “მხიარულ კარუსელში” ახლა უკვე იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილიც ჩაერთოს.”

“ახალი ვერსიის” აზრით, “მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მას საკადრო პოლიტიკა კიდევ უფრო აუწყობელი და ჩამოუყალიბებელი აქვს, ვიდრე მის წინამორბედებს ჰქონდათ.”

გაზეთი წერს: “სხვა მხრივ, ძნელია, მინისტრების მეორე როტაციას რაიმე გამართლება მოეძებნოს.

ზოგადად, თუკი მაღალი თანამდებობის პირი ერთი სამსახურიდან მეორეში გადაჰყავთ, ეს ნიშნავს, რომ თავის პოსტზე მუშაობას თავი კარგად გაართვა, ხოლო იმ სამსახურის უფროსი, სადაც მას დანიშვნას უპირებენ, კვალიფიციური არ არის და სისტემას ვერ უძღვება. საქართველოს ხელისუფლების ლოგიკა კი სხვაა: ყველა მინისტრი კარგია, მაგრამ ქვეყნისთვის კიდევ უფრო კარგი იქნება, თუკი სხვა სამინისტროებშიც მოსინჯავენ ძალებს. არადა, ცნობილია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ეტყობა, ოქრუაშვილს, მერაბიშვილს, ბარამიძესა და ბეჟუაშვილს, როგორც საექსპერიმენტო ფიგურებს, გამძლეობაზე გამოცდას აბარებინებენ.”

9 დეკემბრის გაზეთი “24 საათი” გვამცნობს, რომ “მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “გადაუდებელი საკადრო ცვლილებების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არის.”

გაზეთი გვამცნობს: “ამავე დროს, პრეზიდენტი ნაწილობრივ ადასტურებს იმას, რომ გარკვეული ცვლილებების განხორციელება და გარკვეული მიმართულებების გაძლიერება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მართლაც სჭირდება. კონკრეტულად რას გულისხმობდა პრეზიდენტი, ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.”

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა 2 მოსმენით მიიღო ახალი საგადასახადო კოდექსი. 10 დეკემბრის გაზეთი “რეზონანსი” წერს: “რომან გოცირიძემ ახალ საგადასახადო კოდექსზე გამოთქმული შენიშვნები ჩანთაში მოათავსა და აწონა: 0,5 კგ. არადა, თავდაპირველად მათი წონა 12 კგ-ს შეადგენდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ახალ საგადასახადო კოდექსს რეგიონში ყველაზე საუკეთესოს უწოდებს. თუმცა ოპოზიცია მის აღფრთოვანებას არ იზიარებს. ასეა თუ ისე, ბეჭდვითი მედია შეღავათებით ისარგებლებს, შემცირდება რამდენიმე გადასახადი, სხვაგვარად დაიბეგრება ავტომანქანები და ქონება. 136 13-ის წინააღმდეგ - საგადასახადო კოდექსი მეორე მოსმენით უკვე მიღებულია.”

10 დეკემბრის გაზეთ “24 საათის” თქმით, “მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ნაქებ საგადასახადო კოდექსს ოპოზიცია ეჭვის თვალით უყურებს.”

გაზეთი წერს: “რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი გაკვირვებულია, ხელისუფლების მხარდამჭერ ძალებს რატომ მიაჩნიათ დიდ მიღწევად, მაგალითად, ის გარემოება, რომ დღგ სულ რაღაც 2 პროცენტით მცირდება და, თანაც, ეს ცვლილება მხოლოდ ექვსი თვის მერე შევა ძალაში...

საგადასახადო კოდექსის პროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, დეპუტატებმა ისე მასობრივად დატოვეს სხდომათა დარბაზი, როგორც საფეხბურთო მატჩის დამთავრების შემდეგ მიდის მაყურებელი სტადიონიდან. ამიტომაც მოხდა, რომ “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას გუშინ სულ 28 პარლამენტარი “შეესწრო”, ხოლო როდესაც პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი “მემარჯვენე ოპოზიციამაც” დატოვა, განხილვა ცალ კარში თამაშს დაემსგავსა.”

10 დეკემბრის გაზეთი “რეზონანსი”, მორიგე რედაქტორის სვეტში, გამოხატავს დამოკიდებულებას “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონპროექტის მიმართ, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

ავტორის თქმით, “ამჟამინდელ პარლამენტში ძალთა გადანაწილებას თუ გავითვალისწინებთ, ადვილად პროგნოზირებადი უნდა იყოს, რომ არც მესამე მოსმენაზე შეხვდება მას დიდი წინააღმდეგობა. მაგრამ, ფაქტია, ასი მოსმენით რომ იყოს ეს პროექტი მიღებული, კითხვები კითხვებად დარჩება და ის ისევე მიუღებელი და უცხო იქნება საზოგადოებისთვის, როგორც დღეს არის.”

გაზეთი წერს: “ასევე ცხადია, რომ საზოგადოების, მათ შორის, განსაკუთრებით, სამეცნიერო საზოგადოებრიობის, შეიძლება ითქვას, მტრულ დამოკიდებულებას, პროექტში ჩადებულ სადავო მუხლებზე არანაკლებ, იწვევს სამინისტროსა და პირადად მინისტრის ცინიკური დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი. ან რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მეცნიერებს ლომაიას პროექტისადმი, როცა მასში მეცნიერებაზე, საერთოდ, სულ რაღაც ორი სიტყვა არის ნათქვამი, ხოლო პროექტის ყველაზე ვრცელი მუხლი სამინისტროს უფლებებს ეხება?”

როგორ შეხვდა საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება? 10 დეკემბრის გაზეთ “ახალი თაობის” თქმით, “საქართველოს ახალ ხელისუფლებას მისი “რევოლუციამდელი” თანამოაზრეები, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებათა დარღვევას საყვედურობენ. ქართველი და უცხოელი უფლებათა დამცველები ამ თვალსაზისით ქვეყანაში შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა არაკომპეტენტურობის შედეგია.”

გაზეთის ერთმა რესპონდენტმა, “ღია საზოგადოება - საქართველოს” დირექტორმა დავით დარჩიაშვილმა, განაცხადა: “სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რაიმე სერიოზული შედეგები არ გვაქვს. ჯერ კიდევ ხშირია ძალოვან სტრუქტურებში ადამიანის წამებისა და დაშინების ფაქტები. ზეწოლაა მედიაზეც. ხელისუფლება ვერ ახერხებს, დაიცვას სიტყვის მაქსიმალური თავისუფლება, თუმცა მისი მხრიდან ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირების მცდელობა დადებითი მოვლენაა.”

“ოსეთში სააკაშვილის გათვლები მცდარი აღმოჩნდა.” 8 დეკემბრის გაზეთ “24 საათის” ინფორმაციით, ასეთი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო კრიზის-ჯგუფის” შეფასება.

გაზეთი წერს: “კრიზის-ჯგუფი” სააკაშვილის და მისი მთავრობის მცდარ გათვლებში გულისხმობს მათ მიერ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების არასწორ შეფასებას. კავკასიაში “საერთაშორისო კრიზის-ჯგუფის” ხელმძღვანელის საბინა ფრაიზერის განმარტებით, კონფლიქტის საფუძვლად ეკონომიკური ფაქტორის მიჩნევა სერიოზული შეცდომა იყო. ქალბატონი ფრაიზერი შენიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა კოკოითის მთავრობასა და ოს მოსახლეობას შორის არსებული დაძაბული ვითარება, ჰუმანიტარულ დახმარებას კი კრახი მოჰყვა.”

“საერთაშორისო კრიზის-ჯგუფს” სიტუციის გამოსასწორებლად სამი ძირითადი გზა ესახება. პირველი, ეს არის ქართველ და ოს ხალხს შორის ურთიერთნდობის აღდგენა; მეორე გზა იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას და მათთვის ნორმალური პირობების შექმნას გულისხმობს. მესამე ეტაპის ამოცანად ქართული და ოსური მხარეების მიერ სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრა არის მიჩნეული.”
XS
SM
MD
LG