Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება


იანვარში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ახალი არჩევნები ადგილობრივი პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი

საკონსტიტუციო კანონის მიხედვით ჩატარდება.
ვლადისლავ არძინბას შემცვლელის არჩევის პროცესს კი თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა უხელმძღვანელებს.
პრეზიდენტობის კანდიდატთა დასახელების ვადა 25 დეკემბერს, რეგისტრაციის კი - 29 დეკემბერს ამოიწურება.
მინდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ახალი არჩევნების წინ შექმნილ ვითარებაზე მოგითხროთ.


ახალ წლამდე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი კვლავ ვლადისლავ არძინბა იქნება.
ჯერჯერობით ცნობილია, რომ იანვარში თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ახალ არჩევნებში კენჭს კვლავ იყრის სერგეი ბაღაფში, რომელმაც 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოპოვებული პოზიციები, რუსეთის ჩარევის შედეგად და აფხაზეთში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების საბაბით, დათმო. ამ ეტაპზე სერგეი ბაღაფში და მისი ყოფილი კონკურენტი რაულ ხაჯიმბა ფორმალურად ერთიან გუნდს წარმოადგენენ და, მომავალ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტებს გაინაწილებენ.
მიუხედავად იმისა, თუ კიდევ ვის გაუჩნდება სურვილი შეცვალოს არძინბა, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ რუსეთი, რომელმაც ხაჯიმბას ლობირებით დაშვებული შეცდომა გამოასწორა, ამჯერად მხარს ბაღაფშს დაუჭერს:

[ვაჟა ლორთქიფანიძის ხმა] ,, არის ადამიანი, რომელმაც გაიმარჯვა, რომელსაც დაუდგა გვერდში მთელი აფხაზეთი და რომლის დაჩაგვრის საშუალება არავის არ მისცეს. არის ასეთი პიროვნება, თანაც ეს პიროვნება მათია. წლების განმავლობაში ბაღაფში მუშაობდა და იჯდა, როგორც ვითომ აფხაზეთის წარმომადგენელი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, ასე რომ, ის რუსებისათვის კარგად ცნობილი და ძალიან ახლობელია. არ ვფიქრობ, რომ ვიღაც ახლის ძებნა დაიწყონ.”

ამასთან, არსებობს ვერსია, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტისთვის მოსკოვმა, შესაძლოა, ახალი ფავორიტი გამოძებნოს. ვაჟა ლორთქიფანიძეს, რომელიც საკმაოდ კარგად იცნობს აფხაზ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს, უჭირს დაასახელოს პიროვნება, რომელიც, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სერგეი ბაღაფშს გადასწონის:

[ვაჟა ლორთქიფანიძის ხმა] ,,არც არის კანდიდატურა. ის, ვინც ახლა არის პრემიერი, ხაშბა რომ ნდომებოდათ, ამას ადრევე გადაწყვეტდნენ. არის ერთი ძალიან ღირსეული პიროვნება, დიდი ავტორიტეტის მქონე -ალექსანდრე ანქვაბი, მაგრამ მას მე სრულიად გამოვრიცხავ. სხვა ძლიერი პიროვნება და ფიგურა მე არ მეგულება.”

ვაჟა ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ ახალი კანდიდატურის ძებნა მოსკოვის კიდევ უფრო დიდი შეცდომა იქნებოდა.
ამ დღეებში პოლიტიკურ არენას დაუბრუნდა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სერგეი შამბა, რომელიც, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით, კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა მოსკოვში იმყოფება აფხაზური მთავრობის ყოფილი პრემიერი ანრი ჯერგენია, რომლის ვიზიტის მიზანი უცნობია. არ გამორიცხავენ, რომ, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ახალი არჩევნებისთვის დემოკრატიულობის ელფერის შესაძენად, ბაღაფშის კონკურენტად სწორედ ჯერგენია დასახელდეს.
მანამდე კი ვლადისლავ არძინბას ხელისუფლება საკუთარი ქმედობაუნარიანობის დემონსტრირებას ცდილობს. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის შექმნის განკარგულებას. ამიერიდან აფხაზურ მთავრობას პრემიერ-მინისტრი და ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება. ამავე ბრძანებით, იმუშავებს 12 სამინისტრო, მათ შორის - ახლად შექმნილი საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელად მილიციის პოლკოვნიკი, აფხაზეთის გმირი სერგეი მატოსიანი დაინიშნა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG