Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის იმპიჩმენტის ახალი საფუძველი


საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების ახალი პროექტი. ამჯერად მიხეილ სააკაშვილს საკონსტიტუციო და

უზენაესი სასამართლოების რეორგანიზაცია და მათი შემადგენლობების ვადამდე შეცვლა სურს.
პროექტის მიხედვით, ორივე სასამართლოს წევრობის ყველა კანდიდატს პირადად პრეზიდენტი წარადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოების დამორჩილებას ცდილობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურის დარღვევაში ადანაშაულებს.
საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ პარლამენტისთვის 18 დეკემბერს წარდგენილ პროექტზე, რომელიც კონსტიტუციის კიდევ ერთხელ შეცვლას ითვალისწინებს. პარლამენტის მიერ ამ პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების შემადგენლობები ვადაზე ადრე შეიცვლება, ახალ კანდიდატურებს კი პრეზიდენტი წარადგენს:

[ლია მუხაშავრიას ხმა] ,,პარლამენტში შესული ეს პროექტი ცნობილი იქნებოდა ძალიან ბევრისთვის, მაგრამ არავინ ხმას არ იღებს. საზოგადოებამ თუ არ გაიგო, ეს არის ძალიან დამღუპველი.” (სტილი დაცულია)

ადვოკატ ლია მუხაშავრიას განმარტებით, ახალი პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოები უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებარებიან. მანამდე კი პრეზიდენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ პროცედურას არღვევს:

[ლია მუხაშავრიას ხმა] ,,უნდა გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი თვის მანძილზე და საერთო სახალხო განხილვა უნდა მოეწყოს. კონსტიტუციის დარღვევას პრეზიდენტის მხრიდან იმპიჩმენტი უნდა მოჰყვეს.” (სტილი დაცულია)

საქართველოს წინა პრეზიდენტის მმართველობისას საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიანი შემადგენლობა, პარიტეტული წესით, პრეზიდენტის, პარლამენტისა და იუსტიციის საბჭოს მიერ კომპლექტდებოდა, უზენაესი სასამართლოს წევრებს კი თავმჯდომარე წარადგენდა. საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ამგვარი უფლება მხოლოდ პრეზიდენტს ექნება:

[ლია მუხაშავრიას ხმა] ,,რაც, მინიმუმ, იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი შემადგენლობა პრეზიდენტის არც ერთ ბრძანებულებას ანტიკონსტიტუციურად არ ცნობს და უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატა პრეზიდენტის არც ერთ ადმინისტრაციულ აქტს უკანონოდ არ გამოაცხადებს.”

ადვოკატი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ სახელმწიფოს განვითარებისთვის ხელის შემშლელი ამგვარი უკუპროცესის განვითარების შემთხვევაში, საქართველო მიუკერძოებელი სასამართლო ხელისუფლებისა და მართლმსაჯულების გარეშე დარჩება.
სასამართლოებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტს, დღეს უკვე პრეზიდენტის სტატუსით, შესთავაზა ადამიანმა, რომელიც თავის დროზე ქართული სასამართლო სისტემის რეფორმირების ერთ-ერთი ავტორი იყო და ამ რეფორმას დიდ მიღწევად მიიჩნევდა:

[ლია მუხაშავრიას ხმა] ,,არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ ხელისუფლებით გამოცდა ყველაზე მძიმე გამოცდა არის. ალბათ, მან ვერ გაუძლო ამ გამოცდას.მე არ მესმის, როგორ შეიძლება ვინმე შეეხოს მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის საკითხს და შეეხოს ასე უხეშად და ასე ცუდად.” (სტილი დაცულია)

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დამცველებს საქართველოში სიმართლის ძიების იმედი აღარა აქვთ, ამიტომ ჯერ საერთაშორისო ორგანიზაციებს, შემდეგ კი ევროსასამართლოს მიმართავენ.
საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნით და პროცედურის დარღვევით ქვეყნის კონსტიტუცია წლის დასაწყისშიც შეიცვალა. თებერვალში მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ძალაუფლება გაიფართოვა. 2004 წლის დასაწყისში, ისევე როგორც წლის ბოლოს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის რეალური საფუძველი არსებობდა, რასაც დუმილის გარეშე საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი შეხვდა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG