Accessibility links

logo-print

საპრეზიდენტო არჩევნები და რკინიგზის აღდგენა - აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უახლოესი და შორეული პერსპექტივები

  • ნინო როდონაია

თბილისში რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის ამჟამინდელი ვიზიტისას აფხაზეთზე გამავალი ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხიც განიხილებოდა.

აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის განახლებას საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მოგვარების პროცესში რეალური პროგრესის მიღწევასა და დევნილთა დაბრუნებას უკავშირებს.
თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, რომელმაც 12 იანვარს ახალი პრეზიდენტი რუსეთის წარმომადგენელთა მეთვალყურეობით უნდა აირჩიოს, მატარებლები მხოლოდ სოჭისა და მოსკოვის მიმართულებით მოძრაობენ.

აფხაზეთში სრულფასოვანი სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი სოჭში 2003 წელს დაიწყეს საქართველოს იმჟამინდელმა მეთაურმა და რუსეთის პრეზიდენტმა. იმავე პერიოდში გაჩნდა ტერმინი სინქრონიზაცია, რომელიც რკინიგზის აღდგენის პარალელურად აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას გამოხატავდა.
გასული წლის ნოემბერში კი გადაწყდა, რომ საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეობით შეიქმნება კონსორციუმი, რომელიც აფხაზეთზე გამავალი ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე იმუშავებს.
კონსორციუმი ჯერჯერობით არ შექმნილა და არც მაგისტრალის აფხაზეთის მონაკვეთის ამჟამინდელი მდგომარეობის კვლევა დასრულებულა:

[იგორ ლევიტინის ხმა] ,,ჩვენ განვაგრძობთ შესწავლას სარკინიგზო მონაკვეთისა, რომელიც მდებარეობს სოხუმსა და საზღვარს შორის, მდინარე ენგურზე, სადაც ხიდი აღარ არსებობს. ვსწავლობთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასაც. სპეციალისტები იკვლევენ, თუ რა ეღირება ამის აღდგენა. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით და კვლევას ქართულ მხარესთან ერთად ვაწარმოებთ.”

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ იგორ ლევიტინის წინასწარი ინფორმაციით, რეკონსტრუქციას 50 მილიონი დოლარი დასჭირდება.
მაგისტრალის ამოქმედებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც სარკინიგზო მიმოსვლის განახლებას კვლავ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების რეალური პროცესის დაწყებას უკავშირებს.
კონკრეტული შემადგენლობა, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ სამშვიდობო მოლაპარაკება უნდა განაახლოს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ოთხშაბათს დანიშნული განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განისაზღვრება.
თორმეტ იანვარს ერთმანეთს ,,ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელი სერგეი ბაღაფში და სახალხო პარტიის ლიდერი იაკუბ ლაკობა დაუპირისპირდებიან.
ბაღაფშმა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ხაჯიმბამ კვირას წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს გალის რაიონში, რომლის ქართველმა მოსახლეობამ ბაღაფშის სასარგებლოდ ჯერ კიდევ 3 ოქტომბრის არჩევნების ბედი გადაწყვიტა:

[პაატა დავითაიას ხმა] ,,წინა არჩევნებში 40 ათასი ამომრჩეველი ჰყავდათ რეგისტრირებული გალში. ახლა ჰყავთ რეგისტრირებული 14 ათასი, იმიტომ რომ მათ ეშინიათ, რომ ქართველობა არ მისცემს ხმას და 14 ათასამდე დაიყვანა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სია, ვინც მონაწილეობა უნდა მიიღოს.” (სტილი დაცულია)

იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის პაატა დავითაიას ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილე მოსახლეობას სერგეი ბაღაფშის შტაბი სთავაზობს სპეციალური ანკეტების შევსებას, რის შემდეგაც შესაძლებელია რუსეთის მოქალაქეობის ორ დღეში მიღება.
ამომრჩეველს გაცილებით მასშტაბურ პროცესს - ,,რუსეთის პროტექტორატის” დამყარებას - ჰპირდება იაკობ ლაკობა, რომელიც აცხადებს, რომ აფხაზ ხალხს სწორედ ამ მისიის შესასრულებლად მოევლინა:

[პაატა დავითაიას ხმა] ,,ლაკობა აკეთებს აპელირებას იმით, რომ თითქოს ბაღაფში საქართველოსკენ გადაიხრება, რაც სრული აბსურდია. ლაკობას, პრინციპში, არც სჭირდება ასეთი განცხადებები, იმიტომ რომ საბანკო სისტემები გაერთიანდა აფხაზური და რუსული, პენსიების გაცემა კრასნოდარის მხარესთან გაერთიანდა, მოქალაქეთა 95% უკვე რუსეთის მოქალაქეები არიან აფხაზეთში, ერთიანი რკინიგზა აქვთ, ერთიანი მიმოსვლა აქვთ. დარჩა ერთი - ტერიტორიის აღიარება - და ამაზე მუშაობს დღეს რუსეთი.” (სტილი დაცულია)

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებს მეთვალყურის სტატუსით დაესწრებიან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრები, რომლებსაც სოხუმში ჩამოსასვლელად არც საქართველოს საკონსულოსთვის მიუმართავთ და არც იმ რუსული ტურისტული ფირმისთვის, რომელიც ამ დღეებში უჩვეულო საგზურებს ყიდის. მოსკოვში მოქმედი ერთ-ერთი ტურისტული ბიურო ცნობისმოყვარე და გამბედავ მოქალაქეებს საგანგებოდ 12 იანვრის არჩევნებისთვის აფხაზეთში მოგზაურობას სთავაზობს.
XS
SM
MD
LG