Accessibility links

logo-print

ორმხრივი კომპრომისების დეფიციტი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში


იმედი იმისა, რომ რუსეთი და საქართველო, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევენ საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებზე შეთანხმებას, იწურება.

სწორედ ბაზების საკითხის გამო დასრულდა უშედეგოდ თბილისში ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის მოსამზადებელი კომისიების მოლაპარაკება. ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკება საერთოდ შეწყდა. ის გრძელდება, თუმცა პოლიტიკოსებს, რომლებიც მთელ ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებენ, აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ საქართველოს პარლამენტში რუსეთის სამხედრო ბაზების კანონგარეშედ გამოცხადების საკითხი დაისმება. საქართველოს პარლამენტში ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებაც სერიოზულად ეეჭვებათ. გესაუბრებით რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში წარმოქმნილი ახალი დაძაბულობის შესახებ.



დაძაბულობა ბოლო ჯერზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა შექმნა მიუნხენში, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, როცა კიდევ ერთხელ მიანიშნა საქართველოზე, როგორც რუსეთის მიმართულებით ტერორისტთა სატრანზიტო ქვეყანაზე, თუმცა ამისთვის საქართველოს დელეგაციას მაინცდამაინც სერიოზული მნიშვნელობა არ მიუცია.

[კოტე გაბაშვილის ხმა] “დაიღრინა, რა, მეტი არაფერი. არაფერი მნიშვნელობა მაგის ნათქვამს არ ჰქონია. უბრალოდ, თავდაცვისთვის ფეხები დააბაკუნა. “

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის მონათხრობით, “მიუნხენში ივანოვს საქართველოს დელეგაციამ პასუხი ვერ გასცა, თუმცა მოგვიანებით რუსეთს სენატორმა მაკკეინიმ გადაუარა.” კოტე გაბაშვილის თქმით, სერგეი ივანოვს მიუნხენში საკმაოდ მკაცრად მოსთხოვეს პასუხი იმაზე, თუ რატომ არ ასრულებს რუსეთი სტამბულის ცნობილ შეთანხმებას, რაზეც იყო პასუხი, თითქოსდა სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აზრით , ალბათ, სწორედ ამის სათქმელად დასჭირდა რუსეთს “ჩარჩო ხელშეკრულების” მოსამზადებლად თბილისში კომისიის გამოგზავნა. როგორც ცნობილია, ამ კომისიასთან წარმოებული მოლაპარაკება ჩაიშალა სწორედ იმიტომ, რომ რუსეთის მხარემ სამხედრო ბაზების საკითხზე მოლაპარაკების გახსნა ბაზების გაყვანის ვადებზე შეთანხმების გარეშე მოითხოვა. იყო კიდევ ერთი მოთხოვნა - საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი სამართლებრივად დაუკავშირდეს ბაზების ადგილზე ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას, რაც საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. საქართველოს მხარეს ისღა დარჩა, იძულების ღონისძიების გატარების ალბათობაზე დაფიქრებულიყო .

[გიგა ბოკერიას ხმა] “ თუ ეს ასე გაგრძელდა, ჩვენ შეასაბამისი დადგენილების მიღება მოგვიწევს და ეს იქნება ერთადერთი სწორი ნაბიჯი. “

დეპოუტატ გიგა ბოკერიას აზრით, ასეთ შემთხვევაში ერთადერთი სწორი ნაბიჯი საქართველოს პარლამენტში რუსეთის სამხედრო ბაზების კანონგარეშედ გამოცხადებისა და მათი ცალმხრივად გაყვანის წესით გაყვანის საკითხის დაყენება იქნება. “საამისო გამწყობილება პარლამენტში ნამდვილად არსებობს,” - ამბობს გიგა ბოკერია. პარლამენტის მიერ სათანადო დადგენილების მიღების შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს და თუ ის იქნება ისეთი, როგორსაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მოითხოვს, ამოქმედდება შესაბამისი სანქციები: შეწყდება მოლაპარაკება, რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის გადაიკეტება საკომუნიკაციო საშუალებები, რუს სამხედრო მოსამსახურეებზე აღარ გაიცემა ვიზები…...

მივა თუ არა საქმე აქამდე, ამის თქმა მაინც ძნელია, თუმცა ფაქტია, რომ ბაზების საკითხზე რუსეთთან შეთანხმების მიღწევის იმედი საქართველოში თანდათანობით იწურება და “ჩარჩო ხელშეკრულების” საკითხთან დაკავშირებითაც ხელისუფლებაში ჩნდება კითხვა, რაც ჩვენთან საუბრისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დასვა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] “ რას ვიკლავთ თავს ამ “ჩარჩო ხელშეკრულებისთვის”? “ჩარჩო ხელშეკრულებას” რომ მოაწერეს ხელი ლენინმა და ჟორდანიამ, მაშინ დაგვარტყეს. ხელშეკრულებაში თუ არ იქნა ჩადებული ნორმალური ურთიერთობა, მაშინ რა უნდა იყოს ის?“
XS
SM
MD
LG