Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“...სააკაშვილისგან ერთგვარად განსხვავებულ ტონალობას ელოდნენ”


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტის პირველი გამოსვლა პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ზურაბ ნოღაიდელის წარდგენა, კონფლიქტები სეპარატისტებთან

- აი, საკითხები, რომელთა შესახებაც რუსეთის პრესის მიმოხილვისას ვისაუბრებთ.

11 თებერვლის გაზეთი “იზვესტია” მიიჩნევს, რომ “მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესია შოუდ აქცია.”

გაზეთი წერს: “პრეზიდენტმა 20 წუთით დააგვიანა. საქართველოს ჰიმნი შეასრულა. დეპუტატებს განუცხადა, რომ საქართველო სახელმწიფო გახდა. დაპირდა მათ, რომ ისევ გაუწვდის მეგობრობის ხელს რუსეთს. პირდაპირ დარბაზში მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა ძალოსან კახი კახიაშვილს, რომელიც საბერძნეთის სახელით გამოდის, და სატელეგრაფო სტილში წარადგინა მთავრობის ახალი მეთაური - ზურაბ ნოღაიდელი.”

“იზვესტიას” თქმით, “პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ამასწინანდელი დაღუპვის შემდეგ სააკაშვილისგან ერთგვარად განსხვავებულ ტონალობას ელოდნენ.”
მაგრამ “ პრეზიდენტი, - წერს გაზეთი, - რომელმაც განაცხადა, რომ არ სურდა თავის გარდაცვლილ თანამებრძოლზე უკვე ნათქვამი გაემეორებინა, ზედმეტად ხალისიანი ჩანდა, რაც აუდიტორიის განწყობასთან აშკარა დისონანსში მოდიოდა. გამოსვლის დროს იმითაც კი დაინტერესდა, მოუგო თუ არა წინა დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ლიტვის გუნდს: თავად დაკავებული იყო და მატჩის ნახვა ვერ მოახერხა. სახელმწიფოს მეთაურის მიწოლითა და იუმორისტული ძიებებით გაოგნებული დეპუტატები, როგორც ჩანს, კიდევ დიდ ხანს ვერ მოვლენ გონს.”

ყოველკვირეული “მოსკოვსკიე ნოვოსტი” წერს, რომ “ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ნოღაიდელის კანდიდატურა იმითაა კარგი, რომ მისი დანიშნვით გარეგნულად შენარჩუნდება ბალანსი მმართველ ტრიუმვირატში, სადაც ჟვანიას სიკვდილის შემდეგ ერთგვარი ვაკუუმი წარმოიქმნა.”

გაზეთი შეახსენებს მკითხველს, რომ “ჟვანია “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია “ვარდების რევოლუციის” შემდეგ პროპრეზიდენტულ “ნაციონალურ მოძრაობაში” გაერთიანდა, სააკაშვილის, ჟვანიას და ბურჯანაძის გუნდებად დაყოფის პრინციპი მაინც ძალაში დარჩა.”

გაზეთის თქმით, “ნოღაიდელს მიიჩნევენ მტკიცე ფინანსისტად, რომელმაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებისას ძლიერ ფიგურად წარმოაჩინა თავი.”

“ჟვანიასგან განსხვავებით, ნოღაიდელი სულაც არ წარმოადგენს ძლიერ და რეიტინგულ პოლიტიკურ ფიგურას. მაშასადამე, ის უშუალოდ ეკონომიკით დაკავდება, არ ჩაერევა თავდაცვით სფეროში და, ამდენად, თავიდან აიცილებს კონფლიქტს პრეზიდენტთან.”

ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით 15 თებერვლის გაზეთი “პრავდა” წერს, რომ “სოხუმში მზად არიან მოლაპარაკებისთვის”, მაგრამ, როგორც გაზეთი მიიჩნევს, “ძნელი მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანებში საქმე “მკვდარი წერტილიდან” დაიძრას.”

წერილში ნათქვამია: “არ არის გამორიცხული, რომ რაღაც დროის შემდეგ თბილისი მაინც ძალისმიერი გზით შეეცადოს კონფლიქტის გადაწყვეტას. აბსურდია? შეიძლება, მაგრამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ცნობილია მეტად მკაცრი მოდგომით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემებისადმი, რაც იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ კონფლიქტი “ცივი” მდგომარეობიდან “ცხელში” გადავა.”

“რაც შეეხება აფხაზეთს, არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა, - ირწმუნება სერგეი ბაღაფში.
ამასთან, იგი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან კონფლიქტის შემთხვევაში აფხაზეთს რუსეთი დაეხმარება.”
XS
SM
MD
LG