Accessibility links

logo-print

როცა ტფილისი გახდა თბილისი


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ტფილისის გათბილისება საქართველომ ზუსტად 69 წლის წინ მოსკოვიდან შეიტყო. მეცნიერთა რჩევით და კრემლის დიდმოხელეთა გადაწყვეტილებით, საქართველოსა და

სომხეთში რამდენიმე ქალაქის სახელწოდება, - მათ შორის, დედაქალაქების, - უკეთ წარმოთქმის მიზნით, ოდნავ შეასწორეს: ტფილისი - თბილისი გახდა, ერივანი კი - ერევანი. მაშინ ამ ფაქტს როგორც ქართულ, ასევე სომხურ საზოგადოებაში ყველა მოწონებით არ შეხვედრია, მაგრამ 1936 წელს, პოლიტიკური რეპრესიების მძვინვარების ხანაში, ბუნებრივია, სერიოზული პროტესტის გამოთქმა ვერავინ გაბედა. ახლა, შვიდი ათეული წლის შემდეგ, ხალხი მიეჩვია თბილისის გადაკეთებულ სახელწოდებას, ძველი კი, ტფილისი, ძირითადად, ახალი კაფეებისა და სახინკლეების გახსნის მსურველ ბიზნესმენებსღა ახსენდებათ.



[მუსიკა - ცაბაძის სიმღერა “გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო” ]

შეგახსენებთ: გიორგი ცაბაძემ ეს სიმღერა იეთიმ გურჯის ლექსზე დაწერა. თბილისელმა აშუღმა კი საქართველოს დედაქალაქს რითმები გასული საუკუნის დასაწყისში უძღვნა. ლექსის ორიგინალში თბილისი - ტფილისად იყო მოხსენიებული, თუმცა მოგვიანებით სიმღერაში ცაბაძემ ქალაქის სახელწოდების ახლებური ფორმა ამჯობინა.

“დაჩიმ განასრულა ზღუდენი ტფილისისანი და ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეუფოდ” - წერდა ვახტანგ გორგასლის მემკვიდრის, დაჩის, შესახებ მემატიანე ჯუანშერი. ქართულ ისტორიულ წყაროებში ტფილისის სახელწოდება პირველად სწორედ აქ გვხვდება. დაარსების დღიდან 1936 წლამდე საქართველოს დედაქალაქი ტფილისად იწოდებოდა. 1936 წლის 17 აგვისტოს კი სსრ კავშირის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ თანახმად სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო აგეგმვისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს ბიუროს წარდგენისა, დამტკიცებულ იქნა ახალი ფორმები საქართველოს რამდენიმე ქალაქის სახელწოდებისა (მათ შორის თბილისისაც) და სომხეთის დედაქალაქის სახელისა. ეს ახალი ფორმები უფრო ახლოს იდგა ქართულ და სომხურ გამოთქმებთან, ვიდრე წინანდელები. თუ წინათ რუსულად იწერებოდა Тифлис, Axалцих, Батум, Мцхет და სხვა, ამიერიდან უნდა შემოეღოთ Тбилиси, Ахалцихе, Батуми, Мцхета და სხვა, აგრეთვე Эривань ფორმის ნაცვლად შემოეღოთ Ереван. ამ დადგენილებას, რომელიც 1936 წლის 22 აგვისტოს “იზვესტიაში” გამოქვეყნდა, ხელს აწერდნენ საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე კალინინი და მდივანი აკულოვი.

ამ საკითხზე ოდნავ მოგვიანებით აკაკი შანიძე წერდა:

“რაც შეეხება ქართულ სახელწოდებას, ძველებური ფორმის ხმარებას (ტფილისისას) კიდევ განაგრძობდნენ ერთხანს, მაგრამ იყო კამათი: ზოგი მოითხოვდა დარჩენილიყო ტფილისი, ზოგი კი თბილისს უჭერდა მხარს. კერძოდ, მეც მომიხდა ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე სპეციალურად შევხებოდი ამ საკითხს, მოვითხოვდი, რომ, რაკი ამჟამად ითქმის და იწერება თბილი (და არა ტფილი), ამიტომ ქალაქის სახელიც თბილისი უნდა იყოს და არა ტფილისი-მეთქი. ახალმა ფორმამ - თანით, თბილისმა - საბოლოოდ 1937 წლიდან მოიკიდა ფეხი.”

69 წლის შემდეგ ამავე საკითხზე ენათმეცნიერებს აზრი არ შეუცვლიათ და მიიჩნევენ, რომ ტფილისის გათბილისება გამართლებული იყო. ასე ფიქრობს სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელი გოგი გოგოლაშვილიც:

[გოგი გოგოლაშვილის ხმა] “როგორც შეიცვალა ენაში ის სიტყვა, რომლის საფუძველზეც არის წარმოქმნილი ტფილი, ისევე შეიცვალა მისი სახელმწოდებაც. სწორი იყო, მართებული იყო. ამ შემთხვევაში ეს არ არის სხვა მოსაზრებასთან დაკავშირებული.”

გოგი გოგოლაშვილის აზრით, კომუნისტები ბევრ რამეში ცდებოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი მართლები აღმოჩდნენ, მით უფრო, რომ მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების დროს ქართველი ენათმეცნიერების აზრი გაითვალისწინეს. ახლა კი თბილისი იმდენად ბუნებრივად დამკვიდრდა, რომ მის გატფილისებაზე საუბარს, მისი შეხედულებით, აზრი არა აქვს:

[გოგი გოგოლაშვილის ხმა] “მიზანს ვერ ვხედავ, ვთქვათ, აღვადგინოთ ტრადიციული ფორმა, ისტორიული ფორმა “ტფილისი”. უნდა იყოს ის, რაც უფრო ბუნებრივად ჟღერს, ბუნებრივად ისმის, მით უმეტეს, მის ამოსავალ სიტყვასთან კავშირი - იმ ბრწყინვალე ლეგენდასთან კავშირი. გახსოვთ თბილი წყლები და თბილისი და ასე შემდეგ. და, ალბათ, ამიტომ ცვლილების მიზანი არ მესმის.”

ამავე აზრს იზიარებს მსახიობი გურამ ლორთქიფანიძეც, რომელსაც რეპორტაჟის მომზადების დროს ვერაზე შემთხვევით გადავეყარეთ. იგი მიიჩნევს, რომ მთავარი ქალაქელთა ქცევაა და არა დასახლებული პუნქტის სახელწოდება:

[გურამ ლორთქიფანიძის ახმა] “იცით, რა, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა არა აქვს. კარგი იყოს და ნორმალური ქალაქი იყოს და ხალხი იყოს, მთავარია. მე მეტი არაფერი მინდა. რა ერქმევა, რა მნიშვნელობა აქვს. ნიუ-იორკი დაარქვი, თუ გინდა. თუ ხალხი არ იქნება და ქართველი წესიერი, რათ გინდა. ქუჩაში ხალხი გზას არ გითმობს, კაცო.” (სტილი დაცულია)

გასაკვირი არაა, რომ ჩვენს შეკითხვაზე ბევრი გაოცებით იჩეჩავდა მხრებს და საპასუხო სიტყვებს ვერ პოულობდა. აი, ერთმა ქალბატონმა კი, ჩვენი აზრით, საინტერესო რამ თქვა:

[ქალის ხმა] “ეს, ალბათ,ადამიანებთან მიმართებაშია რაღაცა. თორემ ჩემთვის თბილისი იყო და თბილისი დარჩება, ბებიაჩემისთვის და ბაბუჩემისთვის ტფილისი ჯობდა.”

ის, რომ სამოცდაათიოდე წლის წინ საქართველოს დედაქალაქს ტფილისი ერქვა, ამის თვალშისაცემი დასტური დღევანდელ თბილისში თითქმის აღარ მოიძებნება. თავის დროზე ტფილისის კვალის წაშლაზე კომუნისტები გვარიანად გაისარჯნენ. ერთადერთ გამონაკლისს ქუჩაში თავდახრილად მოსიარულე დაკვირვებული კაცის თვალი შეამჩნევს.

[ხმა - თავსახურის დახურვა]

“ტფილისის წყალსადენი” - ამოიკითხავთ ოთხკუთხა რკინის ფილებზე, რომლებიც წყალსადენის მცირე ჭებს ახურავთ. ისინი ქალაქის ქუჩებში ტფილისის გათბილისებამდე რამდენიმე წლით ადრე, ბერიას მმართველობის პირველ წლებში, დაამონტაჟეს. თუმცა მათი აღმოჩენის მსურველ ადამიანს ახლა საკმაო ხანს ძებნა მოუწევს. ამ ფილების დიდი ნაწილი დიდი ხანია ჯართზე მონადირეებმა მოიპარეს.

მართალია, რკინის ფილები ქრება, მაგრამ, იმავდროულად, მრავლდება “ტფილისის” და “ძველი ტფილისის” სახელწოდებების მქონე კაფეები, კლუბები, დუქნები და სახინკლეები. ესეც საქმეა.

[მუსიკა - ცაბაძის “ჩემო თბილის ქალაქო” ]
XS
SM
MD
LG