Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე რუსული კომპანიები შემოდიან


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ტენდერზე გამოიტანა CDMA-800 სტანდარტის ფიჭური კავშირგაბმულობის ლიცენზია.

პოტენციურ პრეტენდენტებს შორის არიან რუსული კომპანია “ალფა ტელეკომი” და ქართული “იბერიატელი”. სატენდეროდ ამზადებენ ფიჭური კავშირგაბმულობის კიდევ ერთ სიხშირეს - GSM 1800-ს, რომელზეც პრეტენზიას, ფაქტობრივად, ყველა მსხვილი რუსული ოპერატორი აცხადებს. ორიოდე წლის წინ დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა ამას დაუშვებლად მიიჩნევდა.

დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალის, ნაციონალური მოძარაობის, ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე, ორიოდე წლის წინ დაუშვებლად მიიჩნევდა ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ახალი ოპერატორის გამოჩენას. ასეთ პოზიციას მაშინ ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის სტრატეგიული პოლიტიკით ამართლებდა. ამჟამად კი ფიჭური კავშირგაბმულობის ახალი ოპერატორების ბაზარზე შემოსვლას აღარავინ ეწინააღმდეგება, მათ შორის, ადრე ნაციონალური მოძრაობის წევრი, ახლა კი ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა კუკავა.

[კახა კუკავას ხმა] “რუსული კომპანიების აქტიურობა არ მომწონს, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი არ იყოს რეგულირებადი. აქ მე რუსულ კომპანიებზე მეტად საშიშროებას ვხედავ იმაში, რომ კონკურსები არ ტარდება გამჭვირვალედ. კონკურსები ცხადდება 2 კვირით ადრე, პირობებს არ აცნობებენ არავის და შემდგომ ხდება რომელიმე ერთ-ერთი პრედენდენტისათვის პრიორიტეტის მინიჭება.”

ახალი ფიჭური ოპერატორის გამოჩენა მხოლოდ ფაქტობრივად მონოპოლიურ მდგომარეობაში მომუშავე კომპანიების ჯეოსელისა და მაგთი ჯი-ეს-ემისთვისაა მიუღებელი.

ავტორიტეტული კონსალტინგური სააგენტოების მონაცემებით, ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორი “ჯეოსელი” 481 ათას აბონენტს ემსახურება, ხოლო “მაგთი ჯი-ეს-ემი” - 400 ათას აბონენტს. ამ უკანასკნელმა სასამართლოსაც კი მიმართა 800 მეგაჰერცის სიხშირის ლიცენზიაზე ტენდერის გამოცხადების გამო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასაყიდად გამოტანილი სიხშირე “მაგთი ჯი-ეს-ემს” ეკუთვნოდა, თუმცა მისი ათვისება ვერ შეძლო და ვერც ლიცენზიის საფასური გადაიხადა.
შესაბამისად, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ლიცენზიის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო:

[ლია მუხაშავრიას ხმა] “მაგთის ტექნიკურად ამით არანაირი ზიანი არ მისდგომია, მან გააგრძელა ჩვეულებრივად საქმიანობა. უბრალოდ, აი, ამ ნაწილზე სიხშირის, ეს ნაწილი იყო სხვათა შორის, შეიძლება მესამე თაობის მობილური სატელეფონო კომპანია ამოქმედდეს.”(სტილი დაცულია)

ეს არის ლია მუხაშავრია, მარეგულირებელ კომისიაში მომხმარებელთა უფლებების დამცველი. მან ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის პოლიტიკაზეც ილაპარაკა:

[ლია მუხაშავრიას ხმა] “რაც უფრო ბევრი კომპანიაა, ის უკეთესია მომხმარებლისთვის, კონკურენცია მაღალია... ფაქტობრივად, ჩვენთან მონოპოლისტური სიტუაციაა, როდესაც 2 კომპანია იყოფს ბაზარს. ამ თვალსაზრისით, კომისიის მუშაობა გამართლებულია...”

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას გადაწყვეტილი აქვს ტენდერზე გამოტანილი ფიჭური კავშირგაბმულობის სიხშირის ლიცენზია 5,8 მილიონ ლარად გაყიდოს. განაცხადების შეტანის ბოლო ვადა ერთი თვის შემდეგ იწურება, საბოლოო შედეგები კი მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG