Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლებული საბავშვო რკინიგზა მგზავრებს 1 ივნისიდან მოემსახურება


თბილისში - მუშტაიდის ბაღში - მდებარე მსოფლიოში პირველ საბავშვო რკინიგზას წელს დაარსებიდან 70 წელი უსრულდება. საქართველოს რკინიგზის მესვეურები ამ ღირსშესანიშნავი

თარიღის აღსანიშნავად საგანგებოდ ემზადებიან. გარდა იმისა, რომ კაპიტალურად რემონტდება თბომავალი და იცვლება ამორტიზებული რელსები, ასევე დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიისა და ბაქნის კეთილმოწყობა. როგორც შპს “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, სარემონტო სამუშაოები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღემდე, ანუ 1 ივნისამდე, უნდა დასრულდეს.

[ისმის ნიჩბების ხმა]

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების შემდეგ საბავშვო რკინიგზას კაპიტალური რემონტი პირველად უტარდება. საამისოდ საჭირო თანხა - დაახლოებით ასი ათასი ლარი - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საქართველოს რკინიგზამ” გამოყო. მუშების თქმით, განძელების პარალელურად, ერთ კილომეტრზე თითქმის სრულად იცვლება ვადაგასული რელსები და კაპიტალურად რემონტდება ამორტიზებული ბაქანი.

[მამაკაცის ხმა] “მიწას ვთხრით, რის შემდეგაც ახალი “შპალები” დაეწყობა, ლიანდაგი დაეგება. დანარჩენ უბნებზე რემონტი მიდის.”

“საქართველოს რკინიგზის” კორპორაციული მართვის დირექტორი შოთა ქელდიშვილი ამბობს, რომ საბავშვო რკინიგზას, იმის მიუხედავად, რომ კომერციული თვალსაზრისით არასოდეს იქნება მომგებიანი, დახურვის საფრთხე არ ემუქრება. ქელდიშვილის თქმით, საბავშვო რკინიგზას, გართობისა და რკინიგზელთა ახალი თაობების აღზრდის გარდა, ისტორიული მნიშვნელობაც აქვს:

[შოთა ქელდიშვილის ხმა] “ჩვენ ამას ნამდვილად არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ისტორია. მე მახსოვს, ბავშვობაში აქ როგორ დავრბოდი. ასევე ახსოვთ ჩემს მშობლებს. ამიტომ ჩვენთვის ძალიან ძნელი იქნება გადაწყვეტილება მივიღოთ იმაზე, რომ ეს დაიხუროს. პირიქით, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ აღდგეს და რეალურად შევინარჩუნოთ ის, რაც არის ქალაქ თბილისის ისტორია.”

ისტორია კი, როგორც საბავშვო რკინიგზის დირექტორმა ავთო რამაზაშვილმა მიამბო, დაიწყო 70 წლის წინ, 1935 წლის 24 ივნისს, როცა საქართველოში გაუგონარი ამბავი მოხდა - გაიხსნა საბავშვო, ანუ მეთექვსმეტე, რკინიგზა. ეს ინფორმაცია თვით სტალინსაც კი დაუჯერებლად ეჩვენა:

[ავთო რამაზაშვილის ხმა] “დაიბარა კაგანოვიჩი - ის მაშინ ტრანსპორტს კურირებდა - და უთხრა, ამიერკავკასიაში ხო მიემგზავრებიო და ერთი თბილისში შედი, ქართველები რას ფანტაზიორობენ, რა მეთექსვმეტე გზა ააშენეს, ნახე საკუთარი თვალითო. ერთ სისხამ დილით მოვიდა კაგანოვიჩი აქ, დაკეტილი იყო შემოსასვლელი, მაგრამ დარაჯს დაუძახა და უთხრა, მე სტუმარი ვარ მოსკოვიდან და იქნებ გამიღოთო…”

კაგანოვიჩს თურმე იმდენად მოეწონა სიახლე, რომ უახლოეს წლებში საბჭოთა კავშირში არ დარჩა დიდი ქალაქი, სადაც ბავშვების გასახარად მინიატურული რკინიგზა არ გახსნილიყო. მათ შორის უხუცესი, მუშტაიდის ბაღში მდებარე რკინიგზა, დღემდე იზიდავს პატარებსა და მათ მშობლებს.

[მამაკაცის ხმა] “გამოაცხადებენ, მატარებელი ესა და ეს გადის სადგურ “სიხარულიდან” ( სულ სამი სადგურია), მერე რომ მიადგება სხვა სადგურს, იქაც აცხადებენ და არის ერთი სიხარული და ამბავი. ...საინეტერესო რამაა ეს, საინტერესო. ორი ბიჭი მყავს და ორივე აქ გაიზარდა.”

[ქალბატონის ხმა] “ძალიან მოგვწონს, ჩემი შვილები ამისთვის წამოვიყვანე, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს არ მუშაობს. სხვა დროს უნდა მოვიყვანო, რომ დავაჯინო. კი, ძალიან უყვართ.” (სტილი დაცულია)

“საქართველოს რკინიგზაში” ირწმუნებიან, რომ ბავშვებს დიდხანს ლოდინი ნამდვილად არ მოუწევთ. შოთა ქელდიშვილი ირწმუნება, რომ რკინიგზა 1 ივნისს აუცილებლად გაიხსნება. მისივე თქმით, ამ დროისათვის პატარების განკარგულებაში, შეკეთებული ძველი შემადგენლობის გარდა, დამატებით ჩაბმული იქნება ახალი, მეოთხე, ვაგონიც, ხოლო მგზავრობა კვლავინდებურად 50 თეთრი ეღირება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG